ყრილობა ჩოხოსნებისა...

AutoSharing Option


ჟრიამული და გამოცოცხლება იყო ასწლოვანი ხეების შუაგულში. გორის რაიონის სოფელ სკრაში ქართული ჭიდაობის ტიპიური დახურული მოედანი გაიხსნა...

შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის თაოსნობით უმოკლეს ხანში მოხერხდა ამ ახალი საჭიდაოს აგება.

430 ოჯახი ცხოვრობდა სკრაში და აქაურებს ორი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავთ: თემურ ხუბულური და აწგარდაცვლილი კობა კურტანიძე...
ახალ საჭიდაოზე მრავალმა ქომაგმა მოიყარა თავი. ძიუდოში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის (1950-2008) და მსოფლიოს ჩემპიონის კობა კურტანიძის (1963-2005) მემორიალურ ტურნირზე ქართლისა და კახეთის საუკეთესო მოჭიდავეებმა იასპარეზეს. სხვათა შორის, შოთა და კობა ერთმანეთის დეიდაშვილები
იყვნენ. სკრის მეზობელი სოფელია ღვლევი, სადაც დაიბადა და განისვენებს შოთა ჩოჩიშვილი.

ტურნირს ცნობილ ჩემპიონ-პრიზიორებთან ერთად ესწრებოდა სკრის მკვიდრი პირველი ქართველი მსოფლიოს (ორგზის) ჩემპიონი ძიუდოში თემურ ხუბულური.

სკრა ოდითგან ცნობილი იყო მოჭიდავე-ფალავნებით და აქ გამართული ქართული ჭიდაობით. რაზეც ორი საუკუნის წინანდელი ხალხური ლექსის ნაწყვეტიც მოგვითხრობს:

`სკრაშია დიდი ყრილობა მუხლმაგარ ჩოხოსნებისა.
ატენელებიც აქა ვართ, აბა რაღა ვთქვა სხვებისა.
მოჭიდავეთა სოფელი, აქ სოფელს ეჯიბრებისა.
ფლაველნი ჩაფლავდებიან ეს არვის ეეჭვებისა~.

სხვათა შორის, ამ პირველ გაერთიანებულ მემორიალურ ტურნირზე ფლაველი მოჭიდავე ნოდარ კუდუხაშვილი სულაც არ ჩაფლავებულა. ის ძალიან ახლოს იყო ოქროს მედალთან (80 კგ). საბოლოოდ კი ბრინჯაოს დაეუფლა.

ჩემპიონ-პრიზიორებს საჩუქრები კობა კურტანიძის შვილებმა და შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილებმა გადასცეს...

ქართული ჭიდაობის ფედერაციამ თასები, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ კი ფულადი ჯილდოები გამოყო რჩეულთათვის.. აბსოლუტურმა ჩემპიონმა დუშელმა ადამ ოქრუაშვილმა მაგალითად 600 ლარი მიითვალა.

კვარცხლბეკი:

60 კგ: 1. გიორგი ტაბატაძე (გორი), 2. ვანო დავითაშვილი (ახმეტა), 3. ვაჟა მარგველაშვილი (გორი).

70 კგ: 1. გიორგი მაზიაშვილი (სკრა), 2. ანზორ ხმიადაშვილი (ტირძნისი), 3. ანდრო ბერუაშვილი (ერედვი).

80 კგ: 1. ზვიად ბაზანდარაშვილი (კარალეთი), 2. გოჩა ხუციშვილი (თბილისი), 3. ნოდარ კუდუხაშვილი (ფლავი).

90 კგ: 1. პაატა ღვინიაშვილი (რუისი), 2. დავით კარბელაშვილი (გორი), 2. თედო აბელაშვილი (თბილისი).

+90 კგ: 1. ადამ ოქრუაშვილი (დუშეთი), 2. მირიან გონჯილაშვილი (ახმეტა), 3. პაატა ღვინიაშვილი (რუისი).

აბსოლუტური: 1. ადამ ოქრუაშვილი (დუშეთი), 2. ნიკოლოზ ბიბილაშვილი, 3. დავით კარბელაშვილი (ორივე _ გორი).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული