ეს იყო ამ ასპარეზობის ფინალი, რომელსაც წინ უსწრებდა ზონალური პირველობები. ფინალში ბევრმა მონაწილემ კარგი მომზადება გამოავლინა და ორთაბრძოლებიც უკომპრომისო გამოდგა. თუმცა ძირძველი ქართული ილეთების: კისრულების, კაურების, სარმების, ღოჯურების ხშირი ხილვა კვლავ ნაკლებად იყო. შედარებით სანახაობითი გამოდგა მოგვერდები.
ერთმა გულშემატკივარმა ნახევრად იუმორით თქვა: რაც სოფლებში სამხერხაოები აღარ მუშაობს, ღია საჭიდაოებზეც ვეღარ ჭიდაობენო. სწორედ ნახერხმოყრილ წრეში სწავლობდნენ სოფლის ბიჭები მკლავკისრულს, ჩოქელა სარმას, ჩაკეტილ შუაკურს უკუგდებით, მხარიღლივ თეძოს, ღრმა მოგვერდს და
წლევანდელ პირველობაში 150-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს აჭარელმა ქართულის მოჭიდავეებმა. მათ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს, რაც რეგიონული ფედერაციის და ადგილობრივი მწვრთნელების ნაყოფიერ მუშაობაზე მეტყველებს. მადლობას იმსახურებს ფედერაციის ხელმძღვანელი ჯემალ წულუკიძე, რომელიც არაერთ შეჯიბრებას მართავს აჭარაში და საქართველოს პირველობებზეც ყველგან გზავნის მოჭიდავეებს. აღმოსავლეთ საქართველოსთვის აჭარა და ქუთაისი უკვე ძლიერი კონკურენტებია...
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გეგმაშია ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის გუნდური შეჯიბრებების გამართვაც. ოღონდ ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ორგანიზატორებმა. ყველა მოჭიდავემ უნდა იასპარეზოს იმ რეგიონიდან, საიდანაც თვითონ არის და არა ვისაც სად მოესურვება. მავანმა ხომ უნდა შეაფასოს ცალკეული მხარის, ქალაქის თუ რაიონის მუშაობა ქართულ ჭიდაობაში?!
აქვე გვინდა გაგანდოთ ერთი სურვილიც. დღეს ჩვენში ნელ-ნელა იხსნება ახალი საწარმოები. ველით იმ დღეს, რომელიმე ბიზნესმენმა გახსნას საჭიდაო ჩოხების (ქართულის, ძიუდოს კიმონოს, სამბოს ქურთუკის), ჭიდაობის (ბერძნულ-რომაული, თავისუფალი) მაისურების, საჭიდაო ლეიბების და ძიუდოს ტატამის ფაბრიკა. ასეთი საწარმო ხომ პირველი იქნება კავკასიაში...
კვარცხლბეკი:
55 კგ. 1. მიხეილ ზოიძე (აჭარა), 2. მურზა გუჯეჯიანი (კრწანისი), 3. გიგა ქართლელიშვილი (თბილისი).
60 კგ. 1. გიორგი გუგულაშვილი (თბილისი), 2. გელა ლიპარტელიანი (ქუთაისი), 3. თორნიკე ჭოველიძე (სამაჩაბლო).
65 კგ. 1. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი), 2. გიგა ბერიაშვილი (ქარელი), 3. ნუგზარ ქურასბედიანი (ქუთაისი).
70 კგ. 1. ალექსანდრე ნანიევი, 2. ტრისტან ფეიქრიშვილი (ორივე - თბილისი), 3. ანდრო ბერუაშვილი (გორი).
75 კგ. 1. ლევან გუგავა (ქუთაისი), 2. ფრიდონ გიგანი, 3. რევაზ თვაური (ორივე - თბილისი).
80 კგ. 1. ჯაბა ბიწაძე (თბილისი), 2. ნოდარ ბერიანი (ბოლნისი), 3. ფრიდონ შარიქაძე (ზესტაფონი).
90 კგ. 1. რეზო წულუკიძე (აჭარა), 2. გიორგი ჯაფარიძე (მესტია), 3. ადამ ვარაზაშვილი (თბილისი).
+ 90 კგ. 1. გიორგი ქავთარაძე (გარდაბანი), 2. გიორგი ზაქარიაძე, 3. ამბროსი კონკროშვილი (ორივე - თბილისი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"