ფალავნობა 2012: ადამ ოქროუაშვილმა მეოთხედ იფალავნა

AutoSharing Option
ამირანის მითიურ ეპოსში ასახული ქართული ეროვნული ჭიდაობა ჩვენი ხალხის სპორტული შემოქმედების ძირძველი ნაყოფია.

სხვათა შორის წარსულში საქართველოში ჭიდაობას, ლელოს, ისინდს და სხვა ხალხურ სპორტს "სავაჟკაცო საქმენს" ეძახდნენ. ინგლისური სიტყვა - "სპორტის" მცნება მხოლოდ XIX საუკუნეში შემოვიდა ჩვენს სინამდვილეში.


ქართულ ჭიდაობაში გამორჩეული ფენომენი - ფალავნობაა (აბსოლუტური ჩემპიონატი). სანამ ფალავნის გამოსავლენად გამიზნულ შეჯიბრებებს შემოიღებდნენ, მანამდე ხალხი თვითონ ასახელებდა სოფლის თუ ქვეყნის ფალავანს და მათ განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდნენ...

"მუშა უნდა მუშაობდეს, ქარავანი ქარავნობდეს, შენისთანა კარგი ბიჭი ხალხში უნდა ფალავნობდეს", - მსგავსი ეპითეტებით უხვად
ამკობდნენ წარჩინებულ მორკინალებს.

რაც ფალავნობისთვის სპეციალური შეჯიბრებები დაიწყო, 2012 წლის ფალავნობა ჩვენი გამოკვლევით სამოცდამეხუთეა. აწ უკვე განვლილ ამ პირველობებზე სულ 37-მა მოჭიდავემ იფალავნა (ზოგიერთმა მრავალგზის). ოცდამეერთე საუკუნეში კი წლევანდელი ტურნირი - მეოცეა.

2012 წლის ფალავნობაზე ორ ქვეჯგუფში 12-12 ანუ 24 მოჭიდავე ასპარეზობდა. დიღომში ერთობ თვალსასეირო ბრძოლები ჩატარდა. მოქმედი ფალავანი ადამ ოქრუაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მან დამაჯერებლად იფალავნა და ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.

მეორე ჯგუფიდან ფინალში ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში საგარეჯოელ დიმიტრი ტურაშვილს სძლია. ფინალამდე ოქრუაშვილმა საჩხერელი ონისე ბუღაძე დაამარცხა. ქებას იმსახურებს ეს ახალგაზრდა საჩხერელი, რომელმაც მესამე ადგილისათვის პაექრობაში აჯობა გამოცდილ დიმიტრი ტურაშვილს.

როგორც ჩანს, საჩხერეში სერიოზულად მუშაობენ ჩვენი ეროვნული ჭიდაობის აღმავლობისთვის.

ფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, 5:0 გაიმარჯვა ადამ ოქრუაშვილმა. მისი მეტოქე ვარლამ ლიპარტელიანი ხომ მთელი 30 კგ-ით მჩატეა მასზე.

ოთხგზის ფალავანს ადამ ოქრუაშვილს 5000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელს ვარლამ ლიპარტელიანს - 3000, ბრინჯაოს მედლის მფლობელ ონისე ბუღაძეს - 2000.

საქართველოს ფალავნობაზე 24 მონაწილეს შორის იყო ერთი უცხოელი, უკრაინელი ალექსანდრ მიშენკო, რომელიც ფალავნობაზე ზაპოროჟიედან თბილისში უკრაინის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა რევაზ შიშინაშვილმა ჩამოიყვანა (ფედერაცია უკრაინაში 2012 წლის 19 მაისს შეიქმნა).

ბატონმა რეზომ უკრაინიდან ჩამოიტანა აგრეთვე მუხის ხის ნერგი, რომელსაც ის დიღომში საჭიდაო კომპლექსის ეზოში დარგავს...

ალექსანდრ მიშენკოს მწვრთნელი უკრაინაში ახმეტელი ნუგზარ მესაბლიშვილია, რომელიც ძიუდოში ვეტერანთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.

ტრადიციისამებრ საქართველოს ფალავანს ცოცხალი პრიზი, ჭედილაც გადაეცა.

ქართული ჭიდაობის სპეციალისტთა აზრით, წლევანდელი ფალავნობა საკმაოდ დადებითად უნდა შეფასდეს. იყვნენ ტიტულოვანი ფალავნები, იყო მწვავე ბრძოლები კონფლიქტების გარეშე, ბლომად ქომაგი, კარგი პრიზები და ბოლოს მადლიანი ქართული ვაზის ნაჟურით, ქართული კულტურისა და ისტორიის ნაწილის, ეროვნული ჭიდაობის და ფალავნების დალოცვა.

საქართველო. ფალავნობა 2012 წ.
1. ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
2. ვარლამ ლიპარტელიანი (აჭარა)
3. ონისე ბუღაძე (საჩხერე)

გაბრიელ ბარჯაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალექსი დავითაშვილი სად არის?
დაუმარცხებელი წავიდა ფალავნობიდან თუ რას სვრება ახლა? აღარ ჭიდაობს?
moica_moica
17:04 18-01-2013
0
ლიპარტელიანი 30 კგ-ით,კი არა 70 კგ-ით ნაკლები იყო,ოქრუაშვილზე!
nikusha!
00:00 23-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული