ოლეგ იაძე: სამბო სამბისტებს უნდა დაუბრუნდეს!

AutoSharing Option
ოლეგ იაძე ქართული სამბოს უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის ისტორიაში თვალსაჩინო პიროვნებაა. მრავალი წლის განმავლობაში იგი საქართველოს სამბოს ნაკრებს ედგა სათავეში და შეგირდებს არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

იაძე ქართული სპორტის ქომაგებს არამხოლოდ წარმატებულ მწვრთნელად ახსოვთ; იგი ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა სპორტის ამ სახეობაში არსებულ პრობლემებზე და პირდაპირ ამბობდა სათქმელს. ბოლო ორი წელიწადი იაძე სამბოს ჩამოცილებული იყო.

ცნობილი სპეციალისტი  "ლელოს" სტუმარია.

- ბატონო ოლეგ, მას შემდეგ, რაც თქვენ ნაკრებში აღარ მოღვაწეობთ, ეროვნული გუნდის და ასაკობრივ ნაკრებთა შედეგები თუ მიგაჩნიათ დ
ამაკმაყოფილებლად?

- შედეგები, რაც ამ ხნის განმავლობაში ქართული სამბოს გუნდებმა აჩვენეს, სავსებით დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი სამბისტების კი არა, ფაქტობრივად, ძიუდოისტების მიერაა მიღწეული. საქართველოს სამბოს ასაკობრივი ნაკრები თითქმის სულ ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული. ჭაბუკებისა და ახალგაზრდების შემადგენლობიდან კი 20-დან 16 სპორტსმენი ძიუდოისტია.

- თუმცა ამ ორი სახეობის ერთმანეთთან სიახლოვე ფალავანთა ასეთი მონაცვლეობის საშუალებას ყოველთვის იძლეოდა.
- გეთანხმებით, ასე ყოველთვის ხდებოდა. ნორმალური მიდგომის შემთხვევაში სამბო და ძიუდო ერთმანეთს არ ავნებენ. კარგი სამბისტი ძიუდოშიც წარმატებით გამოდის და პირიქით, ძიუდოისტი - სამბოში, მაგრამ გააჩნია გუნდების შემადგენლობაში მათ რაოდენობას. ნაკრებში ჩემი მუშაობისას აქცენტი, ძირითადად, სამბისტებზე გვქონდა გადატანილი. 20-დან ორ ან სამ მოჭიდავეს თუ ვიმატებდით ძიუდოდან. ძიუდოს ისეც ფართო ასპარეზი აქვს (ოლიმპიური სახეობაა), ფინანსურადაც მუდამ ჩვენზე წელგამართულები არიან და სამბოს ნაკრების შემადგენლობასაც თუ მათი მოჭიდავეებით დავაკომპლექტებთ, მაშინ ამ სახეობის არსებობას რაღა მნიშვნელობა აქვს? საგულისხმოა, რომ სამბოზე სპეციალიზებული მწვრთნელები ამაზე ხშირად და მუდამ წუხილით მესაუბრებიან.

- ბოლოს საქართველოს სამბოს ნაკრებს თქვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შეგირდი, არჩილ ჩოხელი ედგა სათავეში, თუმცა მხოლოდ ოთხი თვე დასცალდა მუშაობა...
- არჩილი ქართული სამბოს ისტორიაში გამორჩეული სპორტსმენი გახლდათ. მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მას 10 მედალი ჰქონდა მოპოვებული. სპორტსმენის მთელი 15-წლიანი კარიერა ჩემი ხელმძღვანელობით გაატარა. სამწუხაროდ, ლაფანყურის გახმაურებული მოვლენებისას იგი ხელიდან გამოგვეცალა. სხვათა შორის, ზოგიერთებმა ერთხელ ჩვენი დაპირისპირებაც სცადეს, მაგრამ მალევე თავად დავუბრუნეთ ჩვეულ კალაპოტს ჩვენი ურთიერთობა.

- ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ, სამბოში თუ აპირებთ დაბრუნებას?
- აუცილებლად. ნოემბერში გაიმართება სამბოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მეც უთუოდ ვიყრი კენჭს და არა მგონია, ვინმემ კონკურენცია გამიწიოს. მე ჩემს გუნდთან ერთად ავაღორძინებ სამბოს! სპორტის მინისტრობის კანდიდატ ლევან ყიფიანთან ერთად "ქართული ოცნების" თემატურ ჯგუფში ვმუშაობდი, სადაც ამის თაობაზე ბევრჯერ გვისაუბრია და ვიცი, რომ მომავალი მინისტრი დაინტერესებულია ჩვენი სახეობის წინსვლით.

მიღებული მაქვს იმის გარანტიები, რომ ჩვენი ფედერაციის ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზრდება. მწვრთნელები და სპორტსმენები მიიღებენ ხელფასებს, რაც ადრე არ ჰქონიათ. პრემიების ოდენობა კი, რომელიც დღესდღეობით 6-ჯერ ჩამორჩება, მაგალითად, ძიუდოისტებისას, მინიმუმ სამჯერ მაინც მოიმატებს. ამის გარანტიას ვაძლევ მე ქართულ სამბოში დასაქმებულ სპეციალისტებს და სპორტსმენებს. ერთ-ერთი ჩვენი პრობლემა ნაკრების ბაზის ფედერაციის საკუთრებაში გადმოცემაა, რასაც ასევე მალე მოვაგვარებთ.

- ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად ვის მოიაზრებთ?
- ბადრი ჯანიაშვილს, რომელიც ჩემი მთავარი მწვრთნელობის დროს ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში. როცა პოსტიდან წავედი, ვთხოვე, ის მაინც დაეტოვებინათ, რადგან კარგი სპეციალისტია, მაგრამ ცოტა ხანში გაათავისუფლეს. სხვათა შორის, პარადოქსია, რომ, როცა გამოუშვეს, ჭაბუკთა და ახალგაზრდების ნაკრები მისი ხელმძღვანელობით გუნდურ ჩათვლაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იყო.

- ყველა ნაკრებს ამჟამად, ფაქტობრივად, ემინ რაში კურირებს. თქვენ ერთად დიდხანს გიმუშავიათ. ისიც დარჩება ერთ-ერთ მწვრთნელად?
- ჩვენ 33 წელიწადი ვიმუშავეთ ერთად, თუმცა ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მწვრთნელთა საბჭოს სათავეში ჩამდგარ ჯანიაშვილს ხელს არ შევუშლი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში. მას ვინც უნდა, იმ მწვრთნელებთან იმუშაოს, ემინ რაში იქნება ეს თუ ვინმე სხვა.

- დამეთანხმებით, რომ სამბოს სრულფასოვანი წინსვლისთვის რეგიონებში სპეციალიზებული სექციების ამოქმედებაცაა საჭირო.
- რა თქმა უნდა, რეგიონებსაც არანაკლებ უნდა მიეხედოს. რაიონებში ჩვენი ბაზები ბოლო 20 წლის განმავლობაში უყურადღებობის გამო სულ დაიკარგა. ათეული წლები ვომობდი ქართული სპორტის მესვეურებთან სამბოსადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო. ჩვენი ბიუჯეტი ჯერ 40, მერე 60 და ბოლოს 80 ათასი ლარი იყო. ასეთი დაფინანსებით რა წინსვლაზე შეიძლებოდა ლაპარაკი? ამ ბრძოლის შედეგი იყო ის, რომ ბოლო წლებში საერთოდ სამბოს მიღმა დამტოვეს. მოგეხსენებათ, აღნიშნული სახეობის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ და ნორმალურია, რომ საქართველოში ბოლო ორი ყრილობა ისე ჩაატარეს, რიგით წევრადაც არავის მოვუწვევივარ!

- სამბოში არა, მაგრამ ქართულ ჭიდაობაში წლეულს, ზაფხულში, თქვენს მიერ ნახერხმოყრილ არენაზე არაერთი ტურნირის ორგანიზება მოხერხდა.
- ქართული ჭიდაობა ხომ ყველა ქართველისთვის გულთან ახლოსაა. სამბოში კი ჩვენი ეროვნული ჭიდაობის ილეთების 100 პროცენტი გამოიყენება! ჩემს მშობლიურ კასპის რაიონში წლეულს მართლაც არაერთხელ ჩავატარე შეჯიბრებები, მაგრამ წინააღმდეგობებს ვაწყდებოდი მხოლოდ იმის გამო, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ვიყავი. ჩვენს ტურნირებზე ფალავნებს გამოსვლას უკრძალავდნენ, ემუქრებოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კარიერაში სამომავლოდ მათ პრობლემები შეექმნებოდათ. ამის მიუხედავად, საკმაოდ კარგი მოჭიდავეები მაინც იკრიბებოდნენ და მაყურებელიც კმაყოფილი რჩებოდა. თუმცა მუქარა მაყურებლის მიმართაც იყო ხოლმე. მაგალითად, სექტემბერში, მეტეხში ტიტულოვანი სამბისტის, იოსებ მაღალაშვილის ხსოვნის ტურნირზე მისი ძმაც გვყავდა მოწვეული, რომელიც კასპის ქარხანაში ელექტროშემდუღებლად მუშაობს. თუმცა ეს კაცი არც უშუალოდ შეჯიბრებაზე და არც ვახშამზე მოსულა, რადგან სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ! ასეთი შემთხვევები იყო საქართველოს სხვადასხვა რაიონშიც. ასეთი რამ არასოდეს უნდა განმეორდეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული