ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ბერძნულ სალონიკში დასრულდა ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც დიდი წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი სპორტსმენები - მათ ჯამში 18 მედალი მოიპოვეს, 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.

ყველაზე მეტი წარმატებით ჭაბუკებმა იჭიდავეს - 10-კაციანი გუნდის მონაგარი 8 მედალია (1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო).

ჩემპიონი გიორგი მეტრეველი (60) გახდა, მეორეზე ირაკლი კუპატაძე (52) და აპოლონ ზურაბიანი (75) გავიდნენ, ბრინჯაოს კი თორნიკე ჭოველიძე (65), გიგა ნოზაძე (70), ირაკლი გოგია (81), ჯონი ჭითანავა (87) და გიორგი ლაზუაშვილი (+87) დასჯერდნენ.

ახალგაზრდების
წილად 7 მედალი მოდის ასევე 10 შესაძლებლიდან - 1 ოქრო და 3-3 ვერცხლ-ბრინჯაო. ამ გუნდიდან ყველაზე უკეთ უშანგი მარგიანმა (82) იასპარეზა და ჩემპიონობა არავის დაუთმო. საერთოდ, ახალგაზრდებიდან ყველაზე კარგად ზედა წონების წარმომადგენლები გამოვიდნენ - 82-დან მოყოლებული, ოთხივე წონის ფინალში გვყავდა მონაწილე.

შესაძლოა, ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ეს ბიჭები ძიუდოში ფრიად გამოცდილები არიან.

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მარგიანის გარდა, ყველამ წააგო - თემურ ხაჩიძე (90), თორნიკე ოთინაშვილი (100) და გუგა კიბორძალიძე (+100) ვერცხლს დასჯერდნენ. ორი მათგანი რუსთან დამარცხდა და გუნდური პირველობის ბედიც ჩრდილოელთა სასარგებლოდ ძირითადად ამან გადაწყვიტა, ჩვენები კი მეორეზე გავიდნენ. ასევე მეორეზე დარჩნენ 17-წლამდელი ბიჭებიც და ისინიც რუსებს ჩამორჩნენ.

ახალგაზრდულ ნაკრებში ბრინჯაოს მედლები გიორგი მელქუაშვილმა (48), თორნიკე მუზაშვილმა (57) და მიხეილ მეზურნიშვილმა (74) მოიპოვეს, ქართული დელეგაციის დარჩენილი სამი ჯილდო - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო კი ამ ასაკის გოგოების ანგარიშზეა.

აქ ჩემპიონი ელენე ქებაძე (+80) გახდა, ნინო მარტიაშვილი (60) და თეა სუხიტაშვილი (68) კი მესამეზე გავიდნენ.

ტრადიციულად, ამ გუნდებში ბლომად იყვნენ ძიუდოისტები, რომლებიც იქ თავიანთ ასაკობრივ გუნდებში ვერ მოხვდნენ. რამდენიმე მათგანი ახლა ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზეც კი გამოვიდა, მაგალითად - მარგიანი და ოთინაშვილი.

რაც შეეხება გოგოების გუნდს, ის ძირითადად ძიუდოისტთა იმ პირველი თაობით იყო დაკომპლექტებული, მეორედ რომ წამოიკიდეს საქართველოში ქალთა ძიუდოს აღორძინების ტვირთი, მაგრამ ბოლო წლებში ლამის ჩამოშორდნენ სპორტს.

ახლა ისევ დაბრუნდნენ და ძიუდოს გვერდით, ბედი სამბოშიც სცადეს - არცთუ ურიგოდ.

გოგოების დაბრუნება
ელენე ქებაძემ პირველ წრეში ნაცნობი მეტოქე - სერბი მილიცა ზაბიჩი დაამარცხა, ვისაც რამდენიმე წლის წინ ანტალიაში, ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდული თასის ფინალში მოუგო.

ტატამზე რომ გავედით, სერბმა რაღაც ირონიულად გადმომხედაო, გაიხსენა იმ შეხვედრის შემდეგ ქებაძემ, ახლა კი მეორედ მოუგო სერბს. შემდეგ რუს ანასტასია ტრაპეზნიკოვასაც აჯობა, ფინალში კი ბულგარელი სიან ხრისტოვა დაამარცხა.

მარტიაშვილმა თავიდან სერბი სტეფანა ვოინოვიჩი დაჯაბნა, მაგრამ მერე მომავალ ფინალისტთან, რუმინელ ანა-მარია ციობანუსთან წააგო, შემდეგ კი დამამშვიდებელში ლიტველ მედა ბლაზაიტიტესთან იყოჩაღა და ბრინჯაოც მოიპოვა.

სუხიტაშვილიც მეორე შეხვედრაში დამარცხდა - უკრაინელ იანა გრეცკოვასთან მოგების შემდეგ რუსთა მომავალ ჩემპიონ ოლგა კრიუკოვასთან წააგო, დამამშვიდებლის ფინალში კი რუმინელ ადინა დუმიტრესკუს მოუგო.

მარგიანის სარგო
როგორც გითხარით, უშანგი მარგიანმა ახლახან ძიუდოში თანატოლთა ევროპის პირველობაზე იჭიდავა და მერვედფინალამდე მივიდა. სამაგიეროდ, სამბოში შეასრულა დუბლი - წლეულს კვიპროსში ევროპის პირველობაც მოიგო.

სალონიკში მან ჯერ უკრაინელი იური პოზნარი დაჯაბნა, მეორე წრეში კი ქართველს გადაეყარა - საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ივანე გომართელს.

თუმცა დიდი წინააღმდეგობა ვერც მან გაუწია, ვერც ნახევარფინალში - ყაზახმა იერასილ კაირბეკმა და ფინალში - მოლდოველმა გენადი ფრეტივატმა.

ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო ხაჩიძემ, ოთინაშვილმა და კიბორძალიძემ - ორ-ორი. ხაჩიძე ტაჯიკ კომრონშოჰ უსტოპირიონთან დამარცხდა, იმათ კი რუსებთან წააგეს, შესაბამისად - დმიტრი ტორგაშოვთან და ედგარ სმერეკასთან. კიბორძალიძე წლეულს ევროპირველობაზეც მეორე იყო, ოთინაშვილმა კი ამჯერად ერთი საფეხურით წინ წაიწია.

ბრინჯაოსმედალოსანთა სამეულიდან ყველაზე გამოცდილი მეზურნიშვილია - წინა წლებს რომ თავი დავანებოთ, ევროპის წლევანდელი გამარჯვებულია (თუმცა მელქუაშვილი ფინალისტია, მუზაშვილი - მესამე პრიზიორი). წინსვლის მეტი შანსიც მას ჰქონდა - რუს ვლადისლავ ოგანეზოვთან და თურქმენ ტეიენ ტეინოვთან მოგების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბულგარელთა მომავალ ჩემპიონ აშოტ მარტიროსიანთან დამარცხდა.

სამაგიეროდ, დამამშვიდებლის ფინალში კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დადგა და აზერბაიჯანელ ფარიდ ჰუმბატლის დააყრევინა ფარ-ხმალი.

ჭაბუკური ცეცხლი
აპრილში კვიპროსზე გამართული ევროპის პირველობის შემდეგ დიდად არც ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობა შეცვლილა.

კონტინენტის ჩემპიონი ჭოველიძე გახდა, ნოზაძე, ზურაბიანი, გოგია და ჭითანავა კი მესამეზე გავიდნენ. თუმცა ამჯერად სალონიკში ყველაზე მეტად გიორგი მეტრეველმა იყოჩაღა - ბერძენი ნიკოს ივანიდისი იქნებოდა, ბელორუსი ალეჰ ნაჰორნი, ყაზახი აიბეკ აიმაგამბეტოვი თუ რუსი პაველ ტერეხოვი ფინალში, სათანადო წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია და ჩვენებური დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.

ევროპული შედეგის გამეორებამდე ჭოველიძეც ახლოს იყო, მაგრამ ნახევარფინალში თურქმენთა მომავალ ჩემპიონ იუსუპმურატ ატამურადოვთან დამარცხდა. არადა, მანამ ჩვენებურმა სამი შეხვედრა მოიგო დამაჯერებლად.

კიდევ კარგი, ბრინჯაოსთვის ბრძოლაშიც მოწოდების სიმაღლეზე დადგა ბელორუს ულადისლაუ საიაპინთან შეხვედრაში.

კუპატაძემ წინასწარ შეხვედრებში დამაჯერებლად იასპარეზა უკრაინელ ვლადისლავ ბაკუნთან, ბელორუს ულადისლაუ ბურდზოსთან და აზერბაიჯანელ რაშად მურადოვთან, მაგრამ ფინალში მონღოლ ამარტუვშინ ბაიარაას ვერ აჯობა.

ზურაბიანს ოქრო რუსმა მიხაილ ვოდოვსკოვმა არ დაანება, მანამ კი ჩვენებურმა ყაზახი ალიმზან ბაკიზანული, ლატვიელი რომანს კლიბიკსი და უკრაინელი დენის პავლიუკოვი გამოთიშა ტურნირიდან.

ამ ასაკის ბრინჯაოსმედალოსანთაგან მეტს ველოდით ლაზუაშვილისგან, რომელიც ჭაბუკ ძიუდოისტებში ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

თითქოს ცუდად არ უასპარეზია და ტურნირშიც კარგად ჩაება - მონღოლ ბატდორჯ ბანჯარგალთან და რუს ვლადიმირ მოლოდიხთან მოგების შემდეგ (პირველ წრეში ისვენებდა) ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ იქ უკრაინელთა მომავალ ჩემპიონ სერგეი ზვერევთან წააგო და სანუგეშოში გადაერთო, სადაც უზბეკ ხაკიმიონ ისმაილოვს აჯობა და ბრინჯაოს დაეუფლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული