თბილისი 2018 წელს სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით ლორიაშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი და ნინო ოძელაშვილი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სამბოს ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც მაროკოს დედაქალაქ კასაბლანკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატიდან შინ 9 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაბრუნდა.

თელაველმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ) ზედიზედ მესამედ, ხოლო მარტყოფელმა დავით ლორიაშვილმა (100 კგ) პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა. ორივე მათგანმა წლეულს დუბლი შეასრულა - ევროპა და მსოფლიოც მოიგეს.

ვაჟებიდან ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ).

ოთხიდან ოთხი
მედალია ქალთა ანგარიშზე. ნინო ოძელაშვილმა (68 კგ) და ელენე ქებაძემ (+80 კგ) ფინალურ შეხვედრებში იასპარეზეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. შორენა შარაძე (60 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) კი მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.

სპორტის სამინისტროში შეხვედრაზე სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა კასაბლანკაში სამბოს საერთაშორისო ფედერაციის (FIAS) 27-ე კონგრესის ერთ-ერთი გადაწყვეტილება გააცნო შეხვედრის მონაწილეებს.

2018 წელს სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პირველობა გაიმართება თბილისში, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი 2016 წლიდან შეტანილია სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში…

ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"ვისურვებდი, მომავალშიც შენარჩუნდეს ის დინამიკა, რაც დღეს არის სამბოში, რომ ისევ იყოს ჩვენი სრული ფინანსური მხარდაჭერა. მოსაწონია ჯანსაღი ატმოსფერო, რაც ამ კოლექტივში სუფევს, რაც წარმატების საწინდარია.

2018 წლის მსოფლიოს პირველობისთვის ახლავე უნდა დავიწყოთ მზადება. ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალი კი ისე უნდა ჩავატაროთ, როგორც ეკადრებოდა ღირსეულ მამულიშვილსა და სპორტსმენს, არჩილ ჩოხელს".

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული