დავით ლორიაშვილმა რუსეთში გამართულ სამბისტთა "ჩემპიონთა თასზე" გაიმარჯვა

AutoSharing Option
სამბისტებმა 2016 წელი ტრიუმფით დაიწყეს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მარტყოფელმა დავით ლორიაშვილმა (100 კგ) რუსეთის ქალაქ ბარნაულში გამართულ "ჩემპიონთა თასზე" ოქროს მედალი მოიპოვა, სადაც, დებულების თანახმად, მხოლოდ სხვადასხვა წელს მსოფლიოსა და კონტინენტის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა იასპარეზეს ერთ წონით კატეგორიაში - 100 კგ-ში.

დავით ლორიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობა 2015 წლის ნოემბერში მაროკოს დედაქალაქ კასაბლანკაში რომ შემთხვევით არ მოუპოვებია, ეს მან ამჯერადაც დაამტკიცა ბარნაულის ხალიჩაზე, სადაც ვარსკვლავთა ამ უნიკალურ ტურნირზე 5 ქვეყნის 11 უძლიერესი სამბისტი იბრძოდა გამარჯვებისათვის.

პირველ შეხვედრაში ჩვენმა ჩემპიონმა 6:0 სძლია
მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორს, ბელორუს ვასილ კუზნეცოვს, შემდეგ კი მსოფლიოს პრიზიორ ყაზანელ (რუსეთი) სერგეი სამოილოვიჩს მიუგო. დაძაბული იყო ნახევარფინალური შერკინება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონ არსენ ხანჯიანთან (რუსეთი). მარტყოფელმა სამბისტმა 9:7 გაიმარჯვა და ხანჯიანთან საქართველოს 2015 წლის ფალავნობაზე ქართულ ჭიდაობაზე განცდილი მარცხისათვის ამჯერად რევანში სამბოში აიღო.

დავით ლორიაშვილი "ჩემპიონთა თასის" ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ბელორუს ანდრეი კაზუსენოკს დაუპირისპირდა. გამოცდილი მეტოქე 3:1 დაამარცხა და "ვარსკვლავთა ტურნირზე" ოქროს მედალს და სოლიდურ ფულად პრიზსაც დაეუფლა.

მედგრად მებრძოლ ქართველ სამბისტს ბარნეულის სპორტკომპლექს "პობედაში" იქაური ქომაგებიც კი გამოუჩნდა, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ ქართველ ჩემპიონს.

Sportall.Ge

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როდის გახდა კასაბლანკა მაროკოს დფდაქალაქი? ლორიაშვილს ყოჩაღ
0

სიახლეები პოპულარული