მოსკოვში ჩატარდა სამბოს დამაარსებელ ხარლამპიევის მემორიალი, რომელიც მსოფლიოს თასის ეტაპია. ტურნირი ფრიად წარმომადგენლობითი გამოდგა, რადგან 29 ქვეყნის 200 ათლეტი გამოდიოდა. მათ შორის ჩვენგან მხოლოდ ოთხი მონაწილე იყო - 2 ქალი და ამდენივე ვაჟი, თუმცა სამშობლოში ყველა მედლით დაბრუნდა.
ჩვენებურთა მონაგარი 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაოა. მოსკოვში განსაკუთრებით ქალებმა იყოჩაღეს - ორივე მათგანი ჩემპიონი გახდა: ნინო ოძელაშვილი (72) და ელენე ქებაძე (+80). ვაჟებში ვერცხლის მედალი დავით ლორიაშვილმა (100) მოიპოვა, ბრინჯაო - ბექა ბერძენიშვილმა (+100). ქალებში ჩვენი ნაკრები მეორეზე
სტრატეგიული მოსაზრებების გამო ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა მოსკოვში ამ ოთხი სპორტსმენის გარდა, სხვები არ წაიყვანა. ნაკრები ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც მაისში მინსკში გაიმართება შემადგენლობა თითქმის გარკვეულია და მწვრთნელმა სხვების საქმეში გამოცდა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ფოტოზე: ჯონდო მუზაშვილი და ელენე ქებაძე
ქალებში ჩვენმა ორივე ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში მასპინძლები დაამარცხა: ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ოძელაშვილმა მარგარიტა გურჩიევას აჯობა, ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანმა ქებაძემ კი სულ მთლად რუსთა ჯილა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ანა ბალაშოვა დაჯაბნა.
ვაჟებში ანალოგიური წარმატების მიღწევა დავით ლორიაშვილს (100) შეეძლო და იგებდა კიდეც ფინალურ პაექრობას მასპინძელ ედუარდ კურგინიანთან, მაგრამ ნაწილობრივ მსაჯთა არაობიექტურობის გამო ვერცხლს დასჯერდა.
შეხვედრის დამთავრებამდე 5 წამით ადრე მსაჯს შეხვედრა გაუჩერებია, მაგრამ ტაბლო არ გაუთიშავთ. ლორიაშვილი თურმე ამას ანიშნებდა არბიტრს და გაჩერდა, კურგინიანმა კი გააგრძელა შეტევა და ილეთიც გააკეთა, რაც ჩაუთვალეს კიდეც და ასე მოიგო. როგორც მუზაშვილმა გვითხრა, მიკერძოება იმდენად აშკარა იყო, რომ შეიძლება გაისად აღარც ჩავიდნენ ამ ტურნირზე.
ჩვენს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ბექა ბერძენიშვილმა (+100) მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატამდე ეს ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო შესარჩევი ტურნირი იყო, ახლა კი გუნდი შეკრებებით გააგრძელებს მზადებას კონტინენტის პირველობისთვის. პირველ შეკრებას ნაკრები ბაკურიანში გაივლის და ის მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. მეორე ეტაპის გავლა ბორჯომშია განზრახული, მესამე და დასკვნით შეკრებას კი საკუთრივ მინსკში გეგმავენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"