საქართველოს სამბოს ფედერაცია: სოსო ლიპარტელიანი მიდის, მაგრამ რჩება

AutoSharing Option
სულ მალე სამბოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება - მარტში საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ტარდება, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი მონაწილეობას აღარ მიიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში ჯერჯერობით ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული - დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ცინცაძე, თუმცა განაცხადების მიღების ვადა 26 თებერვალს იწურება და, სავარაუდოდ, მას მოცილეები გამოუჩნდებიან.

რისი გაკეთება მოასწრო ან რა ვერ გააკეთა, რას მიიიჩნევს თავის ძირითად მიღწევად, ამაზე ლიპარტელიანი წინამდებარე ინტერვიუში გვესაუბრება. აქვე იმასაც გავიგებთ, რატომ გადაწყვიტა პოსტის დატოვება და სად მიდის ფედერაციიდან.

- რისი გაკეთება მოასწარით პრეზიდენტობის განმავლობაში?

- წესდების მიხედვით, მარტში არჩევნები გვიწევს - ის ყოველ მეოთხე წელს ტარდება. ამ პოსტზე მეც ოთხი წელიწადი გავატარე და მართლაც ბევრი გავაკეთე. ჩემ მოსვლამდე მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხუთი წელიწადი ოქრო არ გვქონია, მერე კი 2-2 მოგვქონდა.

ამასთან, შევქმენი რეგიონული ფედერაციები, რაც მანამდე არ იყო და ამჟამად 13 ასეთი ფედერაციაა. რაც შეგვეძლო, მათ დავეხმარეთ ლეიბებით, ინვენტარით. მაგალითად, ლეიბები გადავეცით ფოთს, ქუთაისს; გავზარდეთ გეოგრაფია, რაიონებში დავნიშნეთ 15 მწვრთნელი, განვავითარეთ ქალთა სამბო და შედეგებიც გვაქვს. მწვრთნელები დავნიშნეთ ცაგერში, წყალტუბოში, თერჯოლაში, ბოლნისში, ამოვწიეთ სამბო ქუთაისში, რუსთავში, გვყავს ჯგუფები ლენტეხში, მესტიაში და სხვაგან. თავს არ ვიქებ, მაგრამ ამ ოთხ წელიწადში რაც შევძელით, სამბოს წინსვლა ჰქონდა.

- ეს ყველაფერი მასობრიობას თუ დაეტყო?
- საქართველოს ჩემპიონატი ახლა გაცილებით ორგანიზებულად ტარდება. თანაც, რამდენიმე ასაკში - უფროსებში, ახალგაზრდებში, ჭაბუკთა ორ ასაკობრივ ჯგუფში, ქალებში. მსაჯები სპეციალურ ფორმაში არიან გამოწყობილნი და შეჯიბრება შეჯიბრებას ჰგავს თავისი დაცვით, ტაბლოებით და ყველაფრით, რაც ტურნირს სჭირდება.

არადა, მახსოვს, ჩემს დროს საქართველოს ჩემპიონატი მხოლოდ ოთხ წონაში ტარდებოდა, გუნდი კი უკვე დაკომპლექტებული იყო. მიხარია, რომ ახლა ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ქვეყნის პირველობაზე 300-მდე ბავშვი იკრიბება და ორ დღეს მოიცავს. უფროსებში 150-მდე ავედით, ჩემს დროს კი ასეთი კონკურენცია არ იყო.

- კალენდარში საერთაშორისო ტურნირიც გაჩნდა...
- შარშან ჩავატარეთ არჩილ ჩოხელის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი. სამბოს საერთაშორისო ფედერაციის კონგრესს ვთხოვე, ჩაესვათ კალენდარში ეს შეჯიბრება, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ის ნელ-ნელა მოიკრებს ძალებს და ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს თასიც გახდება. მით უფრო, ხელსაყრელი კალენდარია - სექტემბერში ტარდება, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და ყველა ჩამოვა.

შარშან ჩვენი თანხებით ჩამოვიყვანეთ რამდენიმე სპორტსმენი. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჯერ შევიჩვიოთ ხალხი, ერთ-ორ წელიწადში კი თავისით ჩამოვლენ და ფულსაც გადავახდევინებთ, რაც ფედერაციისთვის შემოსავალი იქნება.

ამასთან, მოვიპოვეთ 2018 წლის ჭაბუკთა და ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა, რისთვისაც ბევრი ვიბრძოლეთ.

- მსაჯების და მწვრთნელების კვალიფიკაციის ასამაღლებლად თუ გაკეთდა რამე?
- შარშან 6 მსაჯი გავუშვით სემინარზე, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ორმა ჩააბარა. გვინდოდა და ალბათ, ამ კურსს ახალი პრეზიდენტი გააგრძელებს, აქცენტი ახალგაზრდებზე ავიღოთ, რათა მსაჯთა კონტინგენტი გავაფართოვოთ. კი გვყავს ემინ რაში - ექსტრაკლასის მსაჯი, ვინც მაღალ დონეზე მსაჯობს, გავლენაც აქვს მსაჯებზე და ნამდვილად არ დაგვჩაგრავენ, მაგრამ 1-2 არბიტრი კიდევ რომ ჰყავდეს გვერდით, მისთვისაც უკეთესია.

- პოსტის დატოვება რატომ გადაწყვიტეთ და სამომავლოდ სად გააგრძელებთ საქმიანობას?
- ბევრს ფედერაციის პრეზიდენტობა იოლი ჰგონია. მათ ისე წარმოუდგენიათ, რომ პრეზიდენტი ფედერაციაში წელიწადში 2-3-ჯერ უნდა მივიდეს.

მე კი ასე ვუყურებ - თუ შედეგის მიღწევა გსურს, დღე და ღამე აქ უნდა იყო და თავიდან ბოლომდე უნდა ჩაერთო მის მუშაობაში. ამიტომ რაკი დრო არ მაქვს და უფრო საკუთარ ბიზნესში გადავერთე, გადავწყვიტე პოსტის დატოვება. მივხედავ ჩემს ბიზნესს, ჩემს შემცვლელს კი წარმატებას ვუსურვებ.

იცით, რომ საერთაშორისო ფედერაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ვარ, ორი წელიწადი კიდევ დამრჩა იქ და სამბოსგან შორს მაინც არ წავალ. რაც შემეძლება, ისევ დავეხმარები. ჯერჯერობით ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული, მაგრამ კარგი იქნება, ბევრი კონკურენტი თუ იქნება.

- თქვენს შემცვლელს რა რჩევას მისცემდით?
- როცა ფედერაციაში მოვედი, ბიუჯეტი სულ რაღაც 50 000 ლარი იყო. მე მარტში მოვედი და 30 000 უკვე დახარჯული იყო და წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ფედერაცია! ევროპის პირველობა ჩატარებული იყო, მაგრამ წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდა. ამას ასაკობრივი გუნდები და შეკრებებიც ემატებოდა. მოსწავლეებს საკუთარი ხარჯით უწევდათ სიარული.

დღეისათვის ბიუჯეტი ნახევარ მილიონამდე გავზარდეთ, რასაც "ქართუ-ბანკის" დახმარებაც ემატება - 140 000 ლარი. სპორტსმენები საკუთარი ფულით აღარ დადიან არსად და შეკრებებიც უტარდებათ. სამივე ნაკრებში ყველას დავუნიშნეთ ხელფასი, ვისაც კი შედეგი აქვს, ასევე - გოგოებშიც. ყველა ნაკრებში ხელფასები დავუნიშნეთ მწვრთნელებსაც, რაც ადრე არ ჰქონდათ. ამჯერად 8 კაცი იღებს ხელფასს.

ახალი პრეზიდენტის უმთავრესი მოვალეობა ბიუჯეტის გაზრდა და ახალი სპონსორების მოძიება უნდა იყოს. სპონსორები მეც მეხმარებოდნენ - მედალოსნებს მათი მეშვეობით ვაძლევდით პრემიებს. ახალმა პრეზიდენტმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. მეც ბიზნესში ვარ და რითაც შემეძლება, დავეხმარები სამბისტებსაც და სამბოსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული