სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: 2-2 ოქრო-ვერცხლი, 5 ბრინჯაო და ჩიდრაშვილის ბენეფისი

AutoSharing Option
სოფიაში დასრულებული სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი ქართული დელეგაციისა და პირადად ვახტანგ ჩიდრაშვილის (57) ბენეფისად იქცა - ქართველი ფალავანი ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ჩვენმა გუნდმა კი ჯამში 9 მედალი მოიპოვა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

აქედან 2 ბრინჯაო გოგონების მონაგარია, რაც ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა (72) და ელენე ქებაძემ (+80) შეძლეს.

ვაჟებში, ჩიდრაშვილის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონი პაატა ღვინიაშვილი (90) გახდა, ლევან ნახუცრიშვილი (74) და ნიკოლოზ კუცია (82) კი ფინალში დამარცხდნენ. მესამეპრიზიორები ზურაბ ოდოშაშვილი (62), დავით ლორიაშვილი (100) და ბექა
ბერძენიშვილი
(+100) გახდნენ.

ჩვენი ვაჟთა ნაკრები უმედლოდ მხოლოდ ორ წონაში - 52-სა და 68-ში დარჩა, გუნდურ ჩათვლაში კი მეორეზე გავიდნენ, რუსებს ჩამორჩნენ.

ჩიდრაშვილმა პირველ შეხვედრებში სომეხი მაქსიმ მანუკიანი და იაპონელი ტაკაჰიტო ნაკამურა დაამარცხა, ფინალში კი რუსთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ აიმერგენ ატკუნოვის მძლეველი ყაზახი იერბოლატ ბაიბატიროვი დაამარცხა, მერე კი უცხოურ მედიას განუცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებული მთელი კვირა იზეიმებს ამ წარმატებას.

"ფინალში ჩემს მეტოქეს კარგად ვიცნობდი. ის იბრძოდა ზუსტად ისე, როგორც ველოდი. მის წინააღმდეგ ჩემი ტაქტიკა იყო ეფექტური, თუმცა მე გამარჯვებაც ძალიან მინდოდა და ეს შევძელი. მთელ ტურნირზე ეს ჩემთვის ყველაზე ძნელი ბრძოლა და რა სიხარულია - გამოვედი აქედან გამარჯვებული" - ასე შეაფასა სოფიაში თავისი გამოსვლა ქართველმა ფალავანმა. მან წარმატების მიზეზად ბევრი შრომა დაასახელა, როცა ცდილობ, მიაღწიო რაღაცას როგორც საკუთარი თავისთვის, ისე - შენი ქვეყნის და ახლობელი ადამიანებისთვის.

"სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდი. მე ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში არნახულად ძლიერი მეტოქე მყავდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. შეხვედრის წინ შევიმუშავეთ მასთან ბრძოლის ტაქტიკა, კარგად მოვემზადე და გავიმარჯვე" - ეს უკვე ჩვენი მეორე ჩემპიონის, პაატა ღვინიაშვილის სიტყვებია, რაც სოფიაში რუს სერგეი რიაბოვთან ფინალში გამარჯვების შემდეგ თქვა.

ღვინიაშვილმა წააგო ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი ყაზანში და როგორც ახლა იხსენებს, თურმე მაშინ გადაწყვიტა, კიდევ მეტი ემუშავა გამარჯვებისთვის:

"შედეგიც არის - მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ მარცხის რეაბილიტაცია შევძელი. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, მომზადების პერიოდში მაქსიმალური ძალები გავიღე და სრულყოფილად მოვემზადე შეჯიბრებისთვის. ახლა მე დავიმსახურე მცირეოდენი შესვენება, კარგად შევხვდები ახალ წელს და მერე შევუდგები აქტიურად ვარჯიშს - მოვემზადები ახალი ტურნირებისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული