ოთხგზის ჩემპიონი - ინტერვიუ ვახტანგ ჩიდრაშვილთან

AutoSharing Option
ვახტანგ ჩიდრაშვილი (57) ნოემბერში ზედიზედ მეოთხედ გახდა სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი, რითაც ყველაფერია ნათქვამი. ამასთან, ის ევროპის ზედიზედ სამგზის გამარჯვებულია, ანუ თელაველ ფალავანს მთელი ოლიმპიური ციკლია, წინააღმდეგობას ვერ უწევს ვერავინ.

სიმბოლურია, რომ ის კიდევ ერთი დიდი ფალავნის, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონ მირიან ცალქალამანიძის თანასოფლელია - თელავის რაიონის სოფელ კონდოლიდანაა და ღირსეულად აგრძელებს ამ სოფლის დიდ საჭიდაო ტრადიციებს.

ჩიდრაშვილმა ჩემპიონობა მეოთხედ გასული წლის ნოემბერში, სოფიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მოიპოვა, რითაც სამბისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჯონდო მუზაშვილს გადაუსწრო და საქართველოს
საუკეთესო სამბისტი გახდა.

- რამდენად ძნელი იყო მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება ზედიზედ მეოთხედ?
- ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იყო, რადგან ტიტულის სამჯერ შენარჩუნება ძალიან რთულია, მაგრამ თავდაუზოგავი ვარჯიშით ეს შევძელი.

სოფიაში ჩატარებული შეხვედრებიდან აღვნიშნავ პირველ ორთაბრძოლას სომეხ მაქსიმ მანუკიანთან, ვისთანაც მართლა მაგრად გამიჭირდა, რადგან ბევრჯერ შევხვედრივარ და კარგად ვიცით ერთმანეთის სტილი. შესაბამისად, ჩაკეტილ სტილში მეჭიდავა, რაც ჩემთვის უხერხულია, რადგან როცა არ გაძლევენ ჭიდაობის საშუალებას, ძალიან ძნელია. თუმცა, საბედნიეროდ, დიდი ძალისხმევით და დიდი ბრძოლით მაინც შევძელი მისი დამარცხება. სხვა შეხვედრები შედარებით იოლად მოვიგე, თუმცა სომეხთან ძალიან დავიღალე, გავითიშე.

მომდევნო წრეებში იაპონელ ტაკაჰიტო ნაკამურასაც და სხვებსაც დამაჯერებლად მოვუგე და ფინალში გავედი. იქ მეტოქედ ყაზახი იერბოლატ ბაიბატიროვი შემხვდა, ვინც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია და შანსი მეძლეოდა, მას დავწეოდი. ამდენად, ტიტულები ამ ბრძოლის მნიშვნელობას უფრო აძლიერებდა, თუმცა მეც ძლიერად და შემართებით ვიყავი მომზადებული. თან ველოდი, რომ ის შემხვდებოდა ფინალში და იქაც იმავე ანგარიშით დავამარცხე, როგორც არჩილ ჩოხელის ტურნირზე საქართველოში - 2:1.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართული შეხვედრებიდან ამ ორს გამოვარჩევ - სულ პირველსა და ბოლოს.

- ბუნებრივია, გეგმავდით მეოთხედ გაჩემპიონებას, მაგრამ ეს ფაქტი ფსიქოლოგიურად ცუდად ხომ არ მოქმედებდა, ტვირთად ხომ არ გაწვათ იმის შეგრძნება, რომ რეკორდზე მიდიოდით?
- შეჯიბრებისთვის ყოველთვის ვემზადები, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მოვემზადე, წინა წლებთან შედარებით - გაცილებით უკეთესად. უპირველესად, საკუთარ თავზე ვიმუშავე უფრო მეტი - ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ტექნიკურად. შეკრებებზე ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ შეჯიბრებაზე პიკში ვყოფილიყავი. ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით, ყველა ვარჯიშს სწორად, მიზანმიმართულად ვატარებდით და რაც მთავარია ნებისმიერი სპორტსმენისთვის - ხალისიანად შევდიოდი სავარჯიშოდ.

დიდ ყურადღებას ვუთმობდით ფსიქოლოგიას, თუმცა ამაში იმის შეგრძნებაც მეხმარებოდა, რომ სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი - ამის შეგრძნება კიდევ უფრო გაძლიერებს და მეტოქეებზე ათი თავით მაღლა გაყენებს. ეს გაძლევს იმის განცდას, რომ სხვებზე ძლიერი ხარ და არ გაქვს უფლება, ნებისმიერ მეტოქესთან დამარცხდე, მსოფლიოს ჩემპიონი იქნება თუ - ევროპისა.

ჩემს თავს წაგების უფლებას არ ვაძლევდი. რეკორდსმენობის განცდა ფსიქოლოგიურად უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა და ნამდვილად არ იყო ზედმეტი ტვირთი. არც მეტოქის ტიტულებს ვაქცევ ყურადღებას, თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონი იყოს. პირიქით - რაც უფრო ტიტულოვანია მოწინააღმდეგე, უფრო გახსნილად, მეტი შემართებით და თავდაჯერებით ვჭიდაობ, რადგან მეც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. ასეთ დროს ჩემს თავს სულ იმას ვეუბნები, აქამდე თუ შევძელი ამ ტიტულების მოპოვება, ახლა რამ უნდა შემიშალოს ხელი-მეთქი. ამიტომ თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევ, ჭიდაობისას არ ვაკეთებ ზედმეტ მოძრაობას, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე. შეხვედრა ყოველთვის სწორად მიმყავს, რაშიც მუზაშვილის კარნახიც ძალიან მეხმარება.

გარედან უფრო კარგად ჩანს, როგორ უნდა წარიმართოს ჭიდაობა. შეიძლება შიგნიდან ვერ ხედავდე ყველა ნიუანსს და არეულად, ქაოსურად მიხვიდე, მაგრამ გარედან რომ დაგიძახებენ, იცი, როგორ წაიყვანო შეხვედრა, რომელი ხელი გაუთიშო, როდის გრძნობს მოწინააღმდეგე თავს უხერხულად და ასე შემდეგ.

- ამ გამარჯვებით მუზაშვილის რეკორდი მოხსენით. რა გითხრათ მან ფინალის შემდეგ?
- მუზაშვილმა ჯერ კიდევ შარშანვე მითხრა, როცა მესამედ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი, პლუს - ორჯერ ევროპის ჩემპიონიც ვიყავი, ამას არ გითვლი გასწრებად, კიდევ ერთხელ უნდა მოიგო მსოფლიოო. ჩვენ შორის არასოდეს ყოფილა იმაზე საუბარი, ვინ ვის გაუსწრებდა. ორი ათეული წელიწადია, ჯონდო საქართველოში უძლიერესი სამბისტი იყო. ახლა მე ვარ ასეთი და ღმერთმა ქნას, ისეთი თაობა გაიზარდოს, ჩემი და მისი რეკორდები ერთად აღებული მოხსნან.

- თუმცა ჯერ თქვენც აგრძელებთ კარიერას და წინასწარ არავინ იცის, რა გველოდება წინ...
- კი, მე მართლაც არ ვაპირებ გაჩერებას და კარიერის დასრულებას. ჯერ 25 წლის ვარ და ახალ-ახალი ჩემპიონობისთვის ვივარჯიშებ. როცა დადგება ის დრო, მხოლოდ მედლით დავკმაყოფილდე, მაშინვე დავანებებ თავს ჭიდაობას. სანამ შემეძლება ჩემპიონობა, შესაძლებლობებს ბოლომდე ამოვწურავ, მერე გული რომ არ დამწყდეს, შემეძლო და რატომ არ გავაკეთე-მეთქი. ამას მირჩევნია, ვივარჯიშო, ვიბრძოლო და ვთქვა, ვერ გავაკეთე, ვიდრე - არ გავაკეთე.

- ამ მიღწევებს ვის უმადლი, ვინ დაატყო ხელი თქვენს კარიერას?
- მთელი ოჯახი - მშობლები, მეუღლე გვერდში მიდგანან. მათი თხოვნით, შეძახილით, წაქეზებით ყველაფერს ვაკეთებ მათთვის. დიდი ამაგი მიუძღვის პირველ მწვრთნელ გივი ქოთოლაშვილს, ვინც ბავშვობიდან გამზარდა. ჯონდო მუზაშვილის სწორი ვარჯიშებით დიდი გამოცდილება მივიღე და გავიზარდე, როგორც სპორტსმენი, წინ წავედი. აი, ამ ხალხის დამსახურებაა ეს წარმატებები. აგრეთვე დავასახელებ ჩემს პატარა ბიჭს, ვინც ყველაზე დიდი სტიმულია. ყველაზე მეტად მას უხარია ჩემი ოქროს მედალი. ჯერ პატარაა - წლის და ორი თვის, მაგრამ ჩამოიკიდებს ამ ოქროს, კოცნის და დაატარებს ოთახიდან ოთახში. ცხადია, ჯერ მედლის ხარისხს ვერ არჩევს, მაგრამ ფერი მოსწონს.

- თავიდანვე სამბოზე დაიწყეთ ვარჯიში თუ სხვა გატაცებაც გქონდათ?
- როცა ვარჯიში დავიწყე, მაშინ თელავში სამბოს სკოლა არც იყო, ძიუდოზე მიმიყვანეს. ბავშვობაში ორივეგან ვიყავი - საქართველოს ჩემპიონატებს სამბოშიც ვჭიდაობდი და ძიუდოშიც, პარალელურად გამოვდიოდი ორივეგან. წარმატება უფრო სამბოდან წამოვიდა და უფრო აქეთ შემოვრჩი. ერთი წელიწადი კი ჩამივარდა, მაგრამ 2013-დან მოყოლებული, სამჯერ ევროპა და აგერ, უკვე მეოთხედ მსოფლიო მოვიგე. ძიუდო აღარც მიჭიდავია, რადგან მათთან საქართველოს ჩემპიონატი და სამბოს მსოფლიოს პირველობა ერთმანეთს ემთხვევა.

- არ გწყდებათ გული ძიუდოზე, რომელიც ოლიმპიური სახეობაა?
- აქამდე არც მქონია გეგმაში ძიუდოში გადასვლა, მაგრამ ახლა ახალი წესები ისეთია, რაღაცებით დიდწილად სამბოსკენ შემოტრიალდა - ცალმხრივი ჩავლებები დაუშვეს, ფეხში პირველივე შესვლაზე აღარ ხსნიან, მხოლოდ აფრთხილებენ და სხვა. ფეხში შესვლაც თუ დაუშვეს, იქნებ ძიუდოშიც ვცადო ბედი.

დოსიე
დაიბადა 1991 წლის 18 ივნისს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში
მსოფლიოს ზედიზედ ოთხგზის ჩემპიონი: 2013, 2014, 2015, 2016 წლები
ევროპის ზედიზედ სამგზის ჩემპიონი: 2014, 2015, 2016 წლები
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართული გენის კიდევ ერთი შედევრი!
თემო
15:20 02-01-2017
0
ყველას გილოცავთ ახალ წელს, მკითხველსაც და რედაქციასაც! წარმატებები წელი ყოფილიყოს ყველა თქვენთაგანისთვის!
დიდი სპორტსმენი ხარ, ვახტანგ, ნამდვილად დაამტკიცე! გისურვებდი, რომ შენი ოქროს მედლები, ევროპაც და მსოფლიოც, ორნიშნა რიცხვებით დაგეთვალოს!
giglia
13:51 02-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული