საქართველოდან (დელეგაციის ხელმძღვანელი სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე, მსაჯი - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა აბესაძე) შეჯიბრებაში ოთხი სპორტსმენი ჩაება, რომლებმაც ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
წლეულს ქართველმა სუმოისტებმა წარმატებით იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატსა და კონტინენტის თასის გათამაშებაში - 29 მედალი მოიხვეჭეს, მათ შორის - 12 ოქროსი. ჩვენები ოსაკაშიც ახლოს იყვნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურთან, მაგრამ იქ ასასვლელად 18-წლამდელებში შამილ გოგოჭურს (+100 კგ) ერთი მოგება დააკლდა.
ქართველმა სუმოისტმა
ამავე ასაკში, მაგრამ -100 კილოში, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ნიკოლოზ სისვაძემ: პირველ წრეში მან ავსტრალიელ ვენტერს მოუგო, მაგრამ მერე უკრაინელ ანდრეი გალეტასთან დამარცხდა და დამამშვიდებელში გადაერთო. იქ კი ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან რუსი მაქსიმ შიტიკოვი, ბრაზილიელი რამოს სატო, უნგრელი დომენიკ ლაიტსი და მესამე ადგილი დაიკავა.
ჩვენმა ბიჭებმა გუნდურშიც სცადეს ბედი: კაცნაკლულ ნაკრებს საბოლოოდ მე-5 ადგილი ერგო.
უფროსებში ევროპის მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები - გიორგი მეშვილდიშვილი (-115) და ავთანდილ ცერცვაძე (+115) ცდიდნენ ძალებს.
მეშვილდიშვილმა სტარტზე ინგლისელ რობსონ ბრედის აჯობა, მერე არგენტინელი გუზმან მარიოში დაჯაბნა, მაგრამ ოქროსკენ მიმავალ გზაზე მასპინძელი ნოგუტი კიოშიკი გადაეღობა. სამაგიეროდ, რეპეშაჟში ოთხ მეტოქეს სძლია - ვენესუელელ რივას უზურანგას, ავსტრალიელ დანიელ ბაზანას, ფინელ რიოჯია განქარის, ბულგარელ ივან ბლაგოევს და მესამე ადგილი დაიკავა.
ასევე, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა ცერცვაძე, იმის მიუხედავად, რომ სტარტზევე დამარცხდა ბულგარელ ივან კაშაკოვთან. ამ უკანასკნელმა ფინალს უწია და ჩვენებურიც დამამშვიდებელში გაიყოლია, სადაც ქართველმა სუმოისტმა პორტუგალიელ ნევეს კარიოს, ყირგიზ აიმარ ერგეშოვს, რუს მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონ ალან კარავაევს აჯობა.
ჩვენმა სპორტსმენებმა გუნდურშიც იასპარეზეს (უფროსებს გოგოჭური დაემატა). ტაჯიკებსა და ბრიტანელებთან წარმატებით ასპარეზობის შემდეგ მონღოლებთან წაიფორხილეს, თუმცა რეპეშაჟში იყოჩაღეს - ბრაზილია, უნგრეთი, ეგვიპტე, უკრაინა დაამარცხეს და გუნდური ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"