მუმბაელებთან ორივე ჩვენებურმა იჭიდავა, თუმცა, როგორც გითხარით, საპირისპირო შედეგით დაასრულეს გამოსვლა.
ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოსმედალოსანმა მაქარაშვილმა 1:3 წააგო აზერბაიჯანელთა ოლიმპიურ პრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვთან, ვინც გუშინწინ ზუსტად ამავე ანგარიშით
ევროპული თამაშების ფინალისტ ოდიკაძესაც სერიოზული მეტოქე ჰყავდა - უკრაინელი ევროპის ჩემპიონი პავლო ოლეინიკი (კონტინენტის პირველობა მან თბილისში მოიგო 2013 წელს), თუმცა მოწინააღმდეგის ტიტულს მისთვის ხელი არ შეუშლია, კი მოუგო, მაგრამ საამისოდ ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გადახდა - 3:2 აჯობა. აქ გადამწყვეტი პირველი პერიოდის ანგარიში გამოდგა, რომელშიც ჩვენმა ფალავანმა 1:0 იმარჯვა, თორემ მეორე 2:2 დასრულდა.
სამწუხაროდ, ოდიკაძის გამარჯვებამ ჯაიპურელებს ვერ უშველა და სატურნირო ცხრილში პირველი წაგება ჩაეწერათ. აღსანიშნავია, რომ ჯაიპურელთა შორის ვაჟებიდან მხოლოდ ოდიკაძემ მოიგო თავისი წილი პირადი შეხვედრა, დანარჩენი ორი ქულა კი ქალების, ინდოელი რიტუ პროგატის (48) და ვენესუელელი არგუელო ბეტზაბეტის (53) ანგარიშზეა.
ოდიკაძისთვის ეს ტური ორმხრივად აღმოჩნდა წარმატებული - ლიგის საუკეთესო ფალავანთა ტოპ-ხუთეულში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 8.3 ქულით.
ბუნებრივია, ხინჩეგაშვილს გუშინწინდელი კოეფიციენტი - 7.7 შერჩა, თუმცა მესამედან მეორე ადგილზე აინაცვლა, ანუ პრო-ლიგის ხუთეულს ქართველები ლიდერობენ. ხინჩეგაშვილს 7.0-ით ჰასანოვი და რუსთა დაღესტნელი მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (97) მოსდევენ, მეხუთეზე კი ერთადერთი ქალია - კანადელი ოლიმპიური ჩემპიონი ერიკა ვიბე (75).
ახლა სატურნირო ცხრილში ოთხხელისუფლებიანობაა: "ჯაიპურს", "მუმბაის", "პენჯაბს" და "ჰარიანა ჰამერსს" 4-4 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე "ჯაიპურია". ოღონდ ამ კვარტეტიდან "მუმბაის" უკვე ოთხი შეხვედრა აქვს გამართული (2 მოგება და ამდენივე წაგება), პენჯაბელებს და ჯაიპურელებს 3-3 (2-2 მოგება და თითო წაგება), "ჰარიანამ კი ჯერ ორი ორთაბრძოლა გამართა და ორივე მოიგო. მათ 100%-იანი შედეგი აქვთ.
როგორც გითხარით, "პენჯაბი" დღეს იჭიდავებს - გაფრინდაშვილის "უპ დანგალთან" იჭიდავებს, ანუ ინდოეთში მორიგი ქართული შერკინება გაიმართება. ხვალ იჭიდავებს "ჰარიანა ჰამერსი", რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავით ტლაშაძის (70) "კოლორს დელი სულთანს" ხვდება - პენჯაბელთა მსგავსად, მასაც შეუძლია ჯაიპურელთა უკან ჩამოტოვება.
იმედია, დღეს გასამართავ შეხვედრას აღმავლობით ჩაატარებს ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხინჩეგაშვილი, რომელიც ინდოეთში, ოდიკაძის მსგავსად, დაუმარცხებელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"