ოღონდ არა იმიტომ, რომ აქ რამე სენსაცია მოხდა, არამედ იმ მიზეზით, რომ ჭიდაობდა ეროვნული ნაკრების ლიდერი ამ წონაში, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი. მის სასახელოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თავი არ აარიდა შიდა ტურნირში მონაწილეობას და ძალიან ძლიერადაც იჭიდავა - ყველა შეხვედრა ვადამდე, ქულებით სუფთად მოიგო.
რაჭაში
საყურადღებოა 86 კილოგრამში 23-წლიანთა შორის ევროპის შარშანდელი ფინალისტის, თბილისელი ირაკლი მწითურის გამარჯვებაც. ამ წონაში ეროვნულ ნაკრებში ორი ტიტულოვანი ათლეტი გვყავს - ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი დავით მარსაგიშვილი და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი, თუმცა, ეტყობა, ემზარ ბედინეიშვილის გაწვრთნილი მწითური წონის "მესამე ცენტრად" ყალიბდება - შეგახსენებთ, რომ შარშან ქვეყნის ეროვნულ პირველობაზე მან ამინაშვილს მოუგო. მართალია, მერე ფინალში მარსაგიშვილმა იოლად დაჯაბნა ძირითადად გამოცდილების ხარჯზე, მაგრამ ამ წარმატებით მწითურმა დაამტკიცა, რომ ახალ თაობაში ტოლ-სწორი კონკურენტი არ ჰყავს და ახლებიდან ისევ ის შეუტევს ეროვნული ნაკრების კარს.
მით უფრო, რომ მან ფინალში კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ახალგაზრდა, 20-წლამდელებში ქუთაისელი ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი მექი სიმონია დაამარცხა და თანაც - ქულებით სუფთად, პირველივე პერიოდში, ვისაც 11:1 მოუგო. თუმცა მომავალმა ჩემპიონმა მანამდეც ძლიერად იჭიდავა და დასაწყისში ზედიზედ ორი პაექრობა დიდი უპირატესობით, 10:0 მოიგო.
საინტერესოა, რომ ამ წონაში ირაკლი მწითურის ძმა - რევაზ მწითურიც გამოდიოდა და ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ საჩხერელ საბა დეკანოიძესთან დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა. ძმები ბადის ერთ მხარეს იყვნენ და მათი გზები მესამე წრეში გადაიკვეთა, თუმცა რეზო საჭიდაოდ არ გასულა. სამაგიეროდ, სანუგეშო წრეში დაამტკიცა, რომ ისიც პერსპექტიულია.
70 კილოგრამში ქუთაისური ფინალი ვიხილეთ, სადაც მირზა სხულუხიამ 1:0; 7:6 მოუგო გიორგი გიორგობიანს, 61-ში კი 23-წლიანებში ევროპის შარშანდელი პირველობის ბათუმელმა ბრინჯაოსმედალოსანმა შოთა ფარტენაძემ გაიმარჯვა.
ამ წონაშიც საინტერესო ახალგაზრდული ფინალი გაიმართა მასსა და გიორგი რევაზიშვილს შორის, რომელსაც ბოლო წლებში ძალიან აქებენ მწვრთნელები. ამჯერად უპირატესობა ფარტენაძის მხარეს აღმოჩნდა, რომელმაც პირველივე პერიოდში მოითავა საქმე, 10:0 წმინდად გაიმარჯვა.
ფარტენაძემ ამბროლაურში სულ სამი შეხვედრა გამართა და ყველა დიდი უპირატესობით, ვადამდე მოიგო - ფოთელთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან გიორგი შამათავას 11:0, თბილისელ ირაკლი ქადაგიშვილს კი 10:0 მოუგო.
კვარცხლბეკი
61 კგ
1. შოთა ფარტენაძე (აჭარა) 2. გიორგი რევაზიშვილი (თბილისი) 3. გიორგი შამათავა (ფოთი), დავით ენდელაძე (ქუთაისი)
70 კგ
1. მირზა სხულუხია (ქუთაისი) 2. გიორგი გიორგობიანი (ქუთაისი) 3. ვასო ჯამბურიძე (გარდაბანი), არცუნ ტანგამიანი (ნინოწმინდა)
86 კგ
1. ირაკლი მწითური (თბილისი) 2. მექი სიმონია (ქუთაისი) 3. დათო ფირუზაშვილი (თბილისი), საბა დეკანოიძე (საჩხერე)
125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (გორი) 2. ლაშა ჯელაძე (ამბროლაური) 3. ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი), ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"