ქართული ბრძოლა ინდოეთში
პრო-ლიგაში ქართველთა კლუბებს აქამდე ხშირად უჭიდავიათ ერთურთში, თუმცა უშუალოდ ქართველი ფალავნები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ამის შანსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო, რადგან ინდოეთში მოჭიდავე 4 ქართველიდან ერთ წონაში მხოლოდ ორი გამოდის - 74 კილოგრამში "უპ დანგალის" ტარიელ გაფრინდაშვილი და "ჯაიპურ ნინჯასის" იაკობ მაქარაშვილი ჭიდაობენ. ეს კლუბები 12 იანვარს შეხვდნენ ერთმანეთს და პირველი
იმარჯვა ჯაიპურელთა მეორე ქართველმა ოდიკაძემაც, ვინც ინდოელი მაუსამ ხატრი 5:3 დაამარცხა. საინტერესოა, რომ იმ დღეს ჯაიპურელთაგან ვაჟებში მხოლოდ ქართველებმა იმარჯვეს, სხვები კი დამარცხდნენ. სამაგიეროდ, კარგად გაისარჯნენ მათი ქალები - რიოს ოლიმპიადის მეხუთეადგილოსანი, ვენესუელელი არგუელო ბეტზაბეტი (53) და ინდოელი პოოჯა დჰანდა. ამ კვარტეტის გარჯამ განაპირობა ჯაიპურელთა წარმატება, რომლებმაც 4:3 მოიგეს შეხვედრა.
ოდიკაძე - სათადარიგოებში
ინდოელებმა ძველით ახალი წელი და "კალანდა" რომ არ იციან, რა გასაკვირია და 14 იანვარს პრო-ლიგაში ჩვენთვის ფრიად საინტერესო შეხვედრა გაიმართა - "ჯაიპური" "ჰარიანა ჰამერსს" შეხვდა. ამით ლიგის ერთპიროვნული ლიდერობის ბედი ხომ წყდებოდა, ანუ პრინციპული მეტოქეების შერკინება იყო, მაგრამ ჩვენთვის დამატებით მნიშვნელობას იმითაც იძენდა, რომ ოდიკაძე მეტოქის რუს მსოფლიოს ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვს უნდა შეხვედროდა. თუმცა, მოულოდნელად, ჯაიპურელთა მწვრთნელმა ჩვენებური დაასვენა და მის ნაცვლად რუბალჯეეტ სინგჰი აჭიდავა, ვინც, მოლოდინისამებრ, დიდი ანგარიშით განადგურდა გადისოვთან - 18:2.
ამის მიუხედავად, ოდიკაძე მაინც დაუმარცხებელი დარჩა, ვისაც ახლა ასეთი სტატისტიკური მონაგარი აქვს: 5-დან 4 შეხვედრა და ოთხივე გამარჯვება!
პრო-ლიგაში ასევე დაუმარცხებელია მეორე ქართველი, "პენჯაბ როიალსის" ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ვის ანგარიშზეც ოთხი შეხვედრა და ამდენივე გამარჯვებაა, თუმცა ის მეხუთე და უაღრესად მნიშვნელოვან პაექრობას დღეს, 16 იანვარს გამართავს.
"ჰამერსთან" შეხვედრაში ჯაიპურელთა მეორე ქართველმაც მოიგო - მაქარაშვილმა 3:0 დაამარცხა ინდოელი სუმიტ შერავატი. მაქარაშვილმა ხუთივე შეხვედრა ჩაატარა და აქედან ოთხში გაიმარჯვა. სამაგიეროდ, "ჯაიპური" გვარიანად შერცხვა "ჰამერსთან" დაჭიდებაში და 2:5 წააგო.
ამ უქმეებზე ჩვენებურთა სხვა კლუბებმაც გამართეს შეხვედრები. ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავით ტლაშაძის (70) "კოლორს დელი სულთანმა" ორი პაექრობა ჩაატარა და აქედან ერთი მოიგო, თუმცა ტლაშაძემ ორივეში იმარჯვა. თავდაპირველად მათ "მუმბაი მაჰარატხისთან" დათმეს - 3:4, ტლაშაძემ კი ინდოელი პრიტამი 6:2 დაჯაბნა. თუმცა ამან მის თანაკლუბელებს ვერ უშველა და საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მინიმალური სხვაობით, 3:4 დათმეს.
დელის კლუბი გუშინ ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთ პაექრობაში ტარიელ გაფრინდაშვილის "უპ დანგალს" დაუპირისპირდა და ამჯერად მოგება შეძლო - 4:3. სატურნირო თვალსაზრისით, ამ შეხვედრას არანაირი ინტერესი აღარ ჰქონდა, რადგან ორივე გუნდი მოუგებლად და ნული ქულით ბოლო ორ ადგილზე ყურყუტებდა. ერთადერთი, ამ მოგებით დედაქალაქელებმა მორალური კმაყოფილება მიიღეს, რადგან ორი ქულა მაინც მოიპოვეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.
ჩვენებურთაგან მხოლოდ ტლაშაძემ გაიმარჯვა, ვინც ინდოელ ამიტ დჰანკარს 8:6 აჯობა, გაფრინდაშვილი კი ასევე ინდოელ პარვეენ რანასთან 6:12 დამარცხდა.
ბოლო ტურის სატურნირო ინტრიგა
პრო-ლიგა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება - შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, სადაც, როგორც ზემოთ გითხარით, ხინჩეგაშვილის "პენჯაბი" "ჰარიანა ჰამერსს" ხვდება. ესაა ფრიად პრინციპული დაპირისპირება, რადგან, შესაძლოა, ერთპიროვნული ლიდერის ბედი გადაწყდეს. ლიდერი ისეც ერთპიროვნულია - "ჰამერსი" დაუმარცხებლად და უდანაკარგოდ, ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოგებით ლიდერობს გათამაშებას, "პენჯაბი" კი ოთხი ორთაბრძოლიდან სამი მოგებითა და ერთი წაგებით მეორე ადგილზეა. ამდენად, პენჯაბელებს წარმატების შემთხვევაში ერთპიროვნულ ლიდერთან გათანაბრება და ლიგაში ორხელისუფლებიანობის დამყარება შეუძლიათ.
აი, დანარჩენი ოთხეულისთვის კი ყველაფერი დასრულებულია: ქართველთა კლუბები, "დალგანი" და "კოლორს დელი სულთანი" მეხუთე-მეექვსე ადგილებზე დამკვიდრდნენ და მათ უკვე დაასრულეს ლიგაში გამოსვლა. "დელი სულთანმა" ხუთი შეხვედრიდან ერთის მოგება მაინც შეძლო და 2 ქულით მეხუთე ადგილზეა, "დალგანმა" კი ხუთივე პაექრობა დათმო და ნული ქულით ბოლო ადგილზეა.
ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება გაინაღდეს "მუმბაი მაჰარატხიმ" და "ჯაიპურ ნინჯასმა", რომლებმაც ერთნაირი შედეგით დაასრულეს შესარჩევი ეტაპი - ხუთი შეხვედრიდან 3-3 ორთაბრძოლა მოიგეს და 6-6 ქულით დაასრულეს ტურნირი. ოღონდ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე მუმბაის კლუბია. ისინი უკვე ცხრილში ადგილს ვეღარ შეიცვლიან და ახლა თავიანთ მეტოქეებს ელოდებიან ნახევარფინალში, რომლებიც დღევანდელი ერთადერთი დარჩენილი შეხვედრის შემდეგ გაირკვევიან.
პირველი ნახევარფინალი 17 დეკემბერს გაიმართება, მეორე - 18-ში, ფინალი კი 19 იანვარსაა დანიშნული.
ლიგის სპორტსმენთა ტოპ-ხუთეულში ორივე წაუგებელი ქართველი შედის, თუმცა ამ სიას 12.0-ით აზერბაიჯანელთა უკრაინელი მარია სტადნიკი ლიდერობს. ოდიკაძის კოეფიციენტი 7.5-ია, ხინჩეგაშვილისა - 7.3. აზერბაიჯანელ ოლიმპიურ პრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვს 7.0 აქვს, კანადელ ოლიმპიურ ჩემპიონ ერიკა ვიბეს - 5.8.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"