წინა წლებში პერიოდულად მიმოვიხილავდით ხოლმე რუსეთის და აზერბაიჯანის პირველობებს, როგორც ორი გამორჩეული ლიდერი ქვეყნისას, საიდანაც უმთავრესი საფრთხე ელოდათ ჩვენს ფალავნებს. თურქეთზე ყურადღება არასოდეს შეგვიჩერებია, მათი საჭიდაო ავტორიტეტის მიუხედავად, თუმცა წინა კვირაში ქალაქ ორდუში გამართულმა ქვეყნის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში ერთი ფაქტით მიიქცია ჩვენი ყურადღება - რუსეთიდან მოჭიდავეთა ახალი ტალღა მიაწყდა თურქეთს, რაც ჩვენს ფალავნებს კიდევ უფრო უმრავლებს კონკურენტებს და თავსატეხს უზრდის.
თურქებისთვის ნატურალიზაცია უცხო არაა, მაგრამ აქამდე რუსებს ამას ნაკლებად უბედავდნენ, უფრო თავიანთი ევროპელი
ახალგადასულთა ნაწილმა უპრობლემოდ მოიგო თურქეთის ჩემპიონატი, ტურნირში კი არ გამოსულან ადრე წასული ფალავნები. ბუნებრივია, ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვება არ ნიშნავს ეროვნულ ნაკრებში დაუყოვნებლივ მოხვედრას, მაგრამ ძველებმა და ახლებმა ერთად თუ დაიმკვიდრეს ადგილი ეროვნულ გუნდში, მაშინ თურქეთის ნაკრებს თავისუფლად შეგვიძლია, რუსეთის სათადარიგო გუნდი ვუწოდოთ.
თან, საყურადღებოა, რომ ამჯერად ემიგრირებულთა შორის არა უბრალო წვრილფეხობა, არამედ ტიტულოვანი ციმბირელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ოპან სატიც აღმოჩნდა, რომელმაც ორდუში დამაჯერებლად გაიმარჯვა 61 კილოგრამში. მუნირ აკტაში, რეჯეფ ტოპალი, მუსტაფა ქართალი - ვერც თურქთა ამ მეტ-ნაკლებად ძლიერმა და ვერც სხვა ფალავნებმა მას ოდნავი წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს. მან თურქეთში გვარ-სახელიც შეიცვალა და ჩინგისხან ერდოღანის პასპორტით ჭიდაობს. როგორც ამბობენ, გვარი თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტის საპატივცემულოდ მიიღო, როგორც თავის დროზე - დაღესტნელმა შამილ ახმედოვმა (97), ვინც ახლა შამილ ერდოღანის სახელით გამოდის.
თუმცა ორდუში მას არ უჭიდავია, იმის მიუხედავად, რომ მოიხადა ორწლიანი დისკვალიფიკაცია - 2014 წელს მსოფლიოს მესამეპრიზიორი გახდა, მაგრამ იქვე დოპინგი აღმოუჩინეს და მედალიც ჩამოართვეს. აკრძალვის ვადა უკვე გაუვიდა, მაგრამ ახლა სხვა, საბუთების პრობლემამ იჩინა თავი და ამიტომ ვერ იასპარეზა. 74 კილოგრამში გაიმარჯვა ინგუშმა ისლამ კილიჩ-ცოპოევმა, თუმცა ამ წონაში ტრავმის გამო არ გამოსულა თურქი ოლიმპიური მესამეპრიზიორი სონერ დემირტაში. ისვენებდა რიოს ოლიმპიადის ფინალისტი იაშარ სელიმი (86), ვინც სინამდვილეში, ინგუში კოლოი კორტოევია - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი.
თუმცა ამ ხალხიდან ყველაზე მეტად დასაფიქრებელი ოპან სატის, ანუ იმავე ჩინგისხან ერდოღანის ფაქტორია, ვინც ჩვენს ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ნამდვილად სერიოზულ კონკურენტად ემატება. არადა, თურქებს ვინც უნდა დაეყენებინათ გინდ აქ, გინდ - 57-ში, გორელი ფალავანი ყველასთან ფავორიტი იქნებოდა.
იმას არ ვამბობთ, რომ ციმბირელთან ფავორიტი არ იქნება - პირიქით, მაგრამ თავისი სტილიდან გამომდინარე, ახალმოვლენილი ერდოღანი სხვებზე უფრო მეტად უხერხული კონკურენტია.
რუსებს ამ ორ მჩატე წონაში, სადაც ხინჩეგაშვილი ჭიდაობს, არაერთი ძლიერი ფალავანი ჰყავთ, მაგრამ სატი მათ ფონზეც გამორჩეულია. მან ერთი მწარე მარცხი უკვე აგემა ხინჩეგაშვილს, როცა 2013 წელს თბილისში, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მოუგო (მალხაზ ზარქუაც მან დაამარცხა 2010 წელს ევროპირველობის ფინალში).
მართალია, მას შემდეგ ხინჩეგაშვილმა შეუდარებლად მოუმატა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა ციმბირელი მაინც ანგარიშგასაწევი ფალავანია.
ეტყობა, სატმა მოქალაქეობის შეცვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ვერ ხვდებოდა რუსეთის მთავარ გუნდში, რადგან არ ჰყავდა გავლენიანი პოლიტიკური მფარველები, როგორც, მაგალითად, მის კონკურენტ მეორე ციმბირელს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ვიქტორ ლებედევს, ვინც სახა-იაკუტიის პრეზიდენტის სიძეა და სწორედ სიმამრის დიდი დახმარებით წაიყვანეს შარშან რიოს ოლიმპიადაზე.
სატი რამდენიმე წელიწადი არსად გამოსულა და რუსები ვერც ხელს შეუშლიან გადასვლაში, თუმცა, სავარაუდოდ, ის ძირითადად კვლავაც ციმბირში ივარჯიშებს.
სხვათა შორის, ის დიმიტრი მინდიაშვილის საჭიდაო აკადემიაში აღიზარდა, სადაც ბოლო წარმატებების დროს მისი მწვრთნელი გორელი მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ მოდოსიანი იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"