იყო დრო, ამ შეჯიბრებას "მსოფლიოს მცირე ჩემპიონატსაც" უწოდებდნენ და სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა სახელოვანმა ვეტერანმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გურამ საღარაძემ. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა ისიც დასძინა, რომ ჭიდაობა გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს - დარბაზებსაც, პირობებსაც და დაფინანსებასაც.
გივი კარტოზიას მემორიალი და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი საკმაოდ წონადი და ძლიერი გამოდგა -
მონაწილეთა სიებიც წონადი იყო - ჩამოვიდნენ ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, თუმცა, ბედის ირონიით, სწორედ ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, სომეხთა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული არტურ ალექსანიანი (98) მოექცა სკანდალის ეპიცენტრში - ნადარეიშვილთან ფინალურ შეხვედრაში მოხსნეს შეჯიბრებიდან.
ქართველმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში შეტანილ ამ საშინაო ტურნირში ჯამში 25 მედალი მოიპოვეს: 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 13 ბრინჯაო. აქედან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 13 ჯილდო მოდის: 3-3 ოქრო-ვერცხლი და 7 ბრინჯაო.
გიორგი იანტბელიძის შეგირდებიდან ჩემპიონები ბექა ლომთაძე (57), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ქარიზმატული მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდნენ. ფინალში შოთა ფარტენაძე (61), ზურაბ ერბოწონაშვილი (70) და დავით ხუციშვილი (86) დამარცხდნენ, მესამე ადგილზე კი შალვა ხუციშვილი (61), კახა ელბაქიძე (65), დავით ტლაშაძე (70), ტარზან მაისურაძე (74), ირაკლი მწითური (86), მამუკა კორძაია, გიორგი მეშვილდიშვილი (ორივე - 97) გავიდნენ.
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრების მონაგარი 12 მედალია: 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. ბექა როყვას შეგირდებმა 8 წონიდან 5-ში გაიმარჯვეს, ერთ წონაში - 71-ში კი ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა შმაგი ბოლქვაძემ რამაზ ზოიძე დაამარცხა. ბოლქვაძის გარდა, ამ სახეობაში ჩემპიონები ნიკოლოზ კელასოვი (80), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ. ზოიძის ვერცხლზე უკვე გითხარით და ბრინჯაოს მედლებს ედნარ შავაძე (66), იური ლომაძე (71), მინდია წულუკიძე (75), ლაშა გობაძე (85), მათე სოფაძე (98) და ვასილ იმერლიშვილი (130) დაეუფლნენ.
ნადარეიშვილი და ალექსანიანების დრამა
პირველი დღის და ამ ტურნირის ერთ-ერთ გმირად რევაზ ნადარეიშვილი იქცა, ვინც ფინალში თვით არტურ ალექსანიანი, ბოლო წლებში სომეხთა ბეჭდაუდებელი ფალავანი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა. თუმცა სწორედ ეს შეხვედრა გახდა ყველაზე სკანდალური მთელ ტურნირზე, ვინაიდან ჩხუბში გადაიზარდა და არც დასრულებულა, ალექსანიანი მოხსნეს და ქართველს ავტომატურად მიენიჭა გამარჯვება, ოღონდ იმ მომენტისთვის ჩვენებური ისედაც იგებდა. შეხვედრის დასრულებამდე 47 წამით ადრე ნადარეიშვილი 2:1 იგებდა, როცა ალექსანიანის ძმა ტრიბუნიდან გადმოხტა და მაგიდის მსაჯს წიხლი ჩაარტყა. ბუნებრივია, ამას დიდი გაწევ-გამოწევა მოჰყვა და ცოტა დააკლდა, მასობრივ ჩხუბში არ გადაიზარდა. კონფლიქტში სპორტსმენის მამაც ჩაერთო და არც თავად ფალავანს დაუკლია ხელი - ძალიან აქტიურად ეკამათებოდა მსაჯებსაც, ტრიბუნებსაც და ფიცარნაგიდანაც ჩახტა. სწორედ ამის გამო ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიოს ფედერაციის დელეგატმა დისკვალიფიკაცია მისცა და საერთოდ უმედლოდ დატოვა.
როგორც მოგვიანებით პირად საუბარში სომეხთა სხვა მწვრთნელებს უთქვამთ, ალექსანიანის ძმა სომხეთში გამართულ ტურნირებშიც თურმე მუდამ ჩხუბობს.
შესაძლოა, ალექსანიანი არ იყო საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ნურც ნადარეიშვილს დავუკარგავთ პროგრესს - საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით, ახლა უფრო უკეთ იყო მომზადებული და სავსებით დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.
შეუჩერებელი პეტრიაშვილი
წინასწარი მონაცემებით, გენო პეტრიაშვილს ამ ტურნირში არ უნდა ეჭიდავა, მაგრამ ბოლო მომენტში თვითონ უთხოვია გამოსვლა. გავიდა და კიდეც "გადაურბინა" ყველას - ჩვეულ სტილში შემართებით იჭიდავა და წინ ვერავინ დაუდგა. მასზე საშინაო კედლების ფაქტორმა იმოქმედა თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მოტივირებული იყო, საბრძოლოდ შემართული გადიოდა საჭიდაოდ და იოლადაც მივიდა ჩემპიონობამდე: ვერც თანაგუნდელი ომარ გუსოშვილი, ვერც პოლონელი რადოსლავ ბარანი, ნახევარფინალში თურქი ჰუსეინ ციველი თუ ფინალში უნგრელი დანიელ ლიგეტი წინ ვერ დაუდგნენ, ყველას წმინდად აჯობა. ლიგეტის ისე იოლად მოუგო, თითქოს პატარა ბავშვს ეჭიდავებოდა და რაც მთავარია, წარმატებისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავდა.
ეს ის ძველი პეტრიაშვილი იყო, რომელიც ადრინდელი წლებიდან გვახსოვს: თავდაჯერებული, შემტევი, ძლიერი და ტექნიკური. იმედია, ის მსოფლიომდე დარჩენილ დროს კიდევ უფრო მეტი წარმატებით გამოიყენებს და აგვისტოში პარიზში კიდევ უფრო ძლიერ მოჭიდავედ მოგვევლინება.
ბოლქვაძის დაბრუნება
თავად ტურნირისა არ იყოს, ამ შეჯიბრებაზე ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რიოს ოლიმპიადის მედალოსანი შმაგი ბოლქვაძეც დაგვიბრუნდა, ვისაც ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა. ოღონდ ამჯერად ზედა წონაში გამოვიდა, თუმცა დროებით თუ საერთოდ აპირებს იქ გადასვლას, ამას დრო გამოაჩენს.ისე კი, თავი არც ახალ წონაში შეურცხვენია და დამაჯერებლად გაიმარჯვა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ფინალში მისი მეტოქე, ახალგაზრდა რამაზ ზოიძე, ვინც ძალიან კარგი ხასიათი გამოავლინა - ოდნავი ღელვაც არ ეტყობოდა ტიტულოვანი მეტოქის წინაშე. შეიძლება იმიტომაც, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს, თუმცა ნამდვილად მისასალმებელია ზოიძის თავდაჯერებული ჭიდაობა, რომელიც უშიშრად უტევდა ოლიმპიურ პრიზიორს.
სხვა საკითხია ბოლქვაძის კლასი, რომელმაც საიმედოდ გადაუკეტა ყველა გზა და სამი ქულა აართვა პასიურობის ხარჯზე.
ლომთაძის ფენომენი
ევროპის ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსანმა ბექა ლომთაძემ წარმატებით დაიკლო წონა და 57 კილოგრამში გაიმარჯვა. მას საკმაოდ ბევრის დაკლება უწევს - 6-7 კილოგრამის, თუმცა ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. ბუნებრივია, მსოფლიომდე ამ წონის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ სხვა გზაც არაა. 61-ში ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონს, ევროპის სამგზის გამარჯვებულ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დაბევებული აქვს ადგილი და საქართველოს პირველობის ფინალშიც, მართალია, დიდ ბრძოლაში, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოუგო ლომთაძეს.
თავის მხრივ, ესეც იმ დონის სპორტსმენია, ნამდვილად საცოდაობაა, პირველხარისხოვანი შეჯიბრებების მიღმა დარჩეს თუნდაც ისეთი ძლიერი ფალავნის კონკურენციაში, როგორიც ხინჩეგაშვილია. ლომთაძემ თავისი მაღალი კლასი ამ ტურნირზეც დაამტკიცა.
ვინ მოიპოვებს პარიზის საგზურს?
ამ ტურნირს ახალი კადრები არ წარმოუჩენია, რადგან სპეციალისტებიც და ქომაგებიც თითქმის ყველას კარგად იცნობენ, ვინც მედალი მოიპოვა. ახალი კადრი თუ ვინმეს ეთქმის, ალბათ, ოზურგეთელ იური ლომაძეს (71), თორემ სხვა ახალგაზრდებს უკვე ახალი აღარ ეთქმით. ჭიდაობის ხარისხიც არ იყო ცუდი და ბევრი კარგი შეხვედრაც ვიხილეთ, თუმცა, ცხადია, მთელ რიგ საჭიდაო სეგმენტში სამუშაო კვლავაც ბევრია. მაგალითად, შესამჩნევად დაბალია მარგი ქმედების კოეფიციენტი ჩოქბჯენში ჭიდაობაში, მეტია საჭირო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში.
ეს ტურნირი მთავარი შესარჩევი შეჯიბრება უნდა ყოფილიყო პარიზში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იმ წონების გარდა, სადაც ევროპაზე მედლები მოვიპოვეთ - ის ფალავნები მწვრთნელებმა გაათავისუფლეს ამ შეჯიბრებისგან. სამაგიეროდ, ბევრ წონაში ევროპასთან შედარებით ლიდერი შეიცვალა. მწვრთნელები ჯერ კიდევ გაივლიან მოსამზადებელ ეტაპს, მაგრამ თავისუფალ ჭიდაობაში 61, 65, 97 და 125 კილოგრამებში ლიდერთა საკითხი გარკვეულია, სხვებში კი ძველ ფავორიტებს ლომთაძემ, ყველაშვილმა, ერბოწონაშვილმა, და დავით ხუციშვილმა აჯობეს.
ბერძნულ-რომაულში ლიდერთა სტატუსი გაამართლეს ედნარ შავაძემ, წულუკიძემ, კობლიაშვილმა და ქაჯაიამ. ლიდერობა დაიბრუნა ნადარეიშვილმა, 80-ში კი ახალი ლიდერია კელასოვი. თუმცა ამ წონებზე საუბრისას გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი: ბოლქვაძემ ზედა წონაში იასპარეზა, 80-ში კი, ვნახოთ, ოპერაციის შემდეგ რამდენად წარმატებით დაბრუნდება ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი.
დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის მოგება არაა მსოფლიოზე წასვლის გარანტია და კანდიდატებს ისევ მოუწევთ ფავორიტის იმიჯის გამართლება.
თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ. 1. ბექა ლომთაძე (საქართველო); 2. მიჯალა ჰასანზადა (აზერბაიჯანი); 3. გარიკ ბარსეგიანი (სომხეთი), ბარის კაია (თურქეთი).
61 კგ. 1. გალიბ ალიევი (აზერბაიჯანი); 2. შოთა ფარტენაძე; 3. შალვა ხუციშვილი (ორივე - საქართველო), ოზდემირ სედათი (თურქეთი).
65 კგ. 1. ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი); 2. სელაჰატინ კიჩილსალაიანი (თურქეთი); 3. კახა ელბაქიძე (საქართველო), ნარეკ სირუნიანი (სომხეთი).
70 კგ. 1. ჯამალ ებადი (ირანი); 2. ზურაბ ერბოწონაშვილი; 3. დავით ტლაშაძე (ორივე - საქართველო), ჯოშგუნ აზიმოვი (აზერბაიჯანი).
74 კგ. 1. ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო); 2. გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი); 3. ტარზან მაისურაძე (საქართველო), გამიდ ჯალილოვი (ტაჯიკეთი).
86 კგ. 1. ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი); 2. დავით ხუციშვილი; 3. ირაკლი მწითური (ორივე - საქართველო), მურატ ერთურქი (თურქეთი).
97 კგ. 1. გოლეი მოჯტაბა (ირანი); 2. სულეიმან კარადენიზი (თურქეთი); 3. მამუკა კორძაია, გიორგი მეშვილდიშვილი (ორივე - საქართველო).
125 კგ. 1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო); 2. დანიელ ლიგეტი (უნგრეთი); 3. ამირ რეზა (ირანი), რობერტ ბარანი (პოლონეთი).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
59 კგ. 1. მეირამბეკ აინგულოვი (ყაზახეთი); 2. სტიგ ანდრე ბერგი (ნორვეგია); 3. აკბარ მოსაიევი (ირანი), აჰმეტ უჩარი (თურქეთი).
66 კგ. 1. დინარ კალენოვი (ყაზახეთი); 2. ალეხანდრო სანჩო (აშშ); 3. ედნარ შავაძე (საქართველო), კრჟნაი მატე (უნგრეთი).
71 კგ. 1. შმაგი ბოლქვაძე 2. რამაზ ზოიძე 3. იური ლომაძე (სამივე - საქართველო), არსლან ჩენგიზი (თურქეთი).
75 კგ. 1. კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი); 2. მაქსატ ერეჯაპოვი (ყაზახეთი); 3. მინდია წულუკიძე (საქართველო), ტამაშ ლორინცი (უნგრეთი).
80 კგ. 1. ნიკოლოზ კელასოვი (საქართველო); 2. მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი); 3. ლაშა გობაძე (საქართველო), დანიელ გაჯიევი (ყაზახეთი).
85 კგ. 1. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო); 2. ბენ პროვისორი (აშშ); 3. ვიკტორ ლორინცი (უნგრეთი), აზიზ სამანი (ირანი).
98 კგ. 1. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო); 2. ამირ ჰოსეინი (ირანი); 3. მათე სოფაძე (საქართველო), სერჰეი სტარადუბი (ბელორუსი).
130 კგ. 1. იაკობ ქაჯაია (საქართველო); 2. კირილ ჰრიშჩანკა (ბელორუსი); 3. ვასილ იმერლიშვილი (საქართველო), ნურმახან ტინალიევი (ყაზახეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"