ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: ნორიო, გარდაბანი, ქობულეთი

AutoSharing Option
თანატოლთა ევროპის მოახლოებული ჩემპიონატისთვის ემზადებიან ჩვენი ჭაბუკებიც - კონტინენტის პირველობას 24-30 ივლისს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს.

იქ, ბიჭების ტურნირის გარდა, გოგონებშიც გვეყოლება ორი მონაწილე, თუმცა თავად ჩემპიონატიც დიდი სიახლეებით ჩატარდება: შეჯიბრება ძველებური სისტემით, ანუ ორ დღედ გაიმართება. პირველ დღეს ჩატარდება წინასწარი შეხვედრები, ფინალები კი მეორე დღეს გაიმართება.

ამასთან, მოჭიდავეები ორივე დღეს აიწონებიან, რაც გარკვეულ მაქინაციებს გამორიცხავს. ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამ სხვა სიახლეებთან ერთად ამ წესის დაბრუნებაც გადაწყვიტა, თუმცა პირდაპირ უფროსებში გამოცდას ჭაბუკებში არჩია ექსპერიმენტი.

ჩვენმა გუნდებმა დასკვნით მოსამზადებელ ბაზად ბორჯომი,
სპორტკომპლექსი "ოლიმპი" აირჩიეს, სადაც ჯერ მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩავიდნენ - მთავარმა მწვრთნელმა გია კვინიკაძემ იქ გუშინ ჩაიყვანა გაფართოებული შემადგენლობა, დღეს კი გოგონები ჩავლენ ბესარიონ გუჩაშვილის თავკაცობით.

რაც შეეხებათ "ბერძენ-რომაელებს", ხვიჩა ქორიძე მათ იქ ზეგ ჩაიყვანს. ეს განპირობებულია იმით, ვინ როდის იწყებს ჩემპიონატს და ვინ როდის მიფრინავს სარაევოში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პირველად "თავისუფლები" ჭიდაობენ და ბოსნიაშიც პირველად ისინი მიემგზავრებიან - 22 ივლისს, 24-ში კი მათი ტურნირი იწყება. 24-ში გოგონებიც წავლენ, "ბერძენ-რომაელები" კი 26-ში გაფრინდებიან.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს სარაევოში წასაყვანი შემადგენლობები. გასაგებია, რომ გუჩაშვილი არჩევანში შეზღუდულია, ბიჭების გუნდების მწვრთნელებს კი დასაფიქრებელ-ასაწონი ბევრი ჰქონდათ. საბოლოოდ ისინი მაინც საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნენ, თუმცა უმნიშვნელო არც საერთაშორისო ტურნირების შედეგები ყოფილა.

აქ მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გამოვარჩევთ. მაგალითად, "ბერძენ-რომაელთა"  ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი არა რომელიმე დიდ ქალაქს, არამედ... სოფელს ჰყავს: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს სამი ფალავანი ჰყავს გუნდში.

ორი მონაწილე მოხვდა გარდაბნის კიდევ ერთი სოფლიდან - მარტყოფიდან, ანუ ნაკრები სანახევროდ გარდაბანმა შეავსო - ხუთი მონაწილე ჰყავს.

"თავისუფლებში" ამ კუთხით ამბროლაური გამოირჩა, რომელსაც ასევე სამი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორის ძმები - ვლადიმერ და ჭაბუკი გამყრელიძეები. ორ-ორი მონაწილე ჰყავთ ქუთაისსა და გორს, თბილისს - მხოლოდ ერთი.

მისასალმებელია ამ ნაკრებში ქობულეთელი ათლეტის გამოჩენა, რადგან ეს ახალი წერტილია ამ სტილის საჭიდაო რუკაზე. აჭარა ბერძნულ-რომაულში ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში, თუმცა ქობულეთი დიდად გამორჩეული არც იქაა, "თავისუფალში" კი - მით უმეტეს, მაგრამ ეტყობა, ეს სტატუს-კვო დადებითად იცვლება.

ბერძნეულ-რომაულში გამოვარჩევთ სამტრედიელ მძიმეწონოსან ელგუჯა ბალანჩივაძეს - ის "თავისუფალს" ჭიდაობდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე დამარცხდა, მხოლოდ მესამეზე გავიდა, ორიოდ დღეში კი ბერძნულ-რომაულში მოიგო ქვეყნის პირველობა და საბოლოოდ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი.

თავისუფალი
42 კგ. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)
46 კგ. გიორგი გეგელაშვილი (გორი)
50 კგ. დიმიტრი სალდაძე (ქუთაისი)
54 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
58 კგ. თორნიკე ქათამაძე (ქობულეთი)
63 კგ. გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)
69 კგ. გიორგი მუზაშვილი (გორი)
76 კგ. ლაშა ბაირამოვი (ქარელი)
85 კგ. დავით ქოჩქიანი (თბილისი)
100 კგ. ჭაბუკი გამყრელიძე (ამბროლაური)

ბერძნულ-რომაული
42 კგ. დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯომი)
46 კგ. გურამ აბრამაშვილი (ნორიო)
50 კგ. აკაკი ოსიაშვილი (ნორიო)
54 კგ. ბექა გურული (რუსთავი)
58 კგ. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
63 კგ. ოთარ აბულაძე (ხულო)
69 კგ. დავით სოლოღაშვილი (მარტყოფი)
76 კგ. გიორგი ცოფურაშვილი (ნორიო)
85 კგ. ლუკა ხუციშვილი (მარტყოფი)
100 კგ. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია)

გოგოები
40 კგ. მარიამ კარელიძე (გორი)
56 კგ. თამარ ხოჯაშვილი (თბილისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული