სამწუხაროდ, ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ თავისი კალენდარი ვერა და ვერ დაარეგულირა რაციონალურად, რის გამოც ასაკობრივ გუნდებს მეტისმეტად ახლო-ახლოს უწევთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში ჭიდაობა.
გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია: ევროპის ჩემპიონატში ახალგაზრდებმა 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით იჭიდავეს, ერთ თვეში კი უკვე მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდებათ...
იმ ქვეყნებს კიდევ რა უჭირთ, ვისაც დიდი არჩევანი აქვს, ჩვენნაირებმა იკითხონ თორემ. ჩვენთან ხომ ორი სრულფასოვანი შემადგენლობა გამორიცხულია, თითო-ოროლა წონაში თუ გვყავს სრულფასოვანი რეზერვი
მსოფლიოს ჩემპიონატში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან - 1-2 აგვისტოს ისინი იასპარეზებენ და ჩვენებიდანაც პირველები მზადებას ისინი შეუდგნენ - გუნდი დღეს დაიწყებს დასკვნით შეკრებას დუშეთში ბელდუხ გავაშელის ხელმძღვანელობით, ვინც ვარჯიშებზე გაფართოებული შემადგენლობით მიდის.
მან მსოფლიოზე წასაყვანი შემადგენლობაც უკვე დაასახელა, თუმცა დიდი ცვლილებები არ განუხორციელებია, მხოლოდ 66 კილოგრამში განახორციელა "იმერული როქი": ქუთაისელ მირზა სხულუხიას სამტრედიელი ივერიკო ჯულაყიძე ჩაანაცვლებს. თუმცა გავაშელს ერთი დანაკლისიც აქვს, რის გამოც ფინეთში არასრული გუნდით წავა: 50 კილოგრამში მონაწილე არ გვეყოლება.
ამ წონაში ევროპის ჩემპიონატზე სამტრედიელ გოგა ძიგუას უნდა ეჭიდავა, მაგრამ წონა ვერ ჩააბარა, რის გამოც ახლა ისჯება ისიც და მთლიანად ეს წონაც: ფედერაცია მხოლოდ 7 კაცს აფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ჩვენმა "თავისუფლებმა" 5 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ჩემპიონი მცხეთელი გივი მაჭარაშვილი (96) გახდა, ვინც ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში (თუმცა შარშან დამარცხდა), წლეულს კი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი - მანამ 23-წლიანებშიც იმარჯვა კონტინენტის პირველობაზე. ვერცხლს ამბროლაურელი ნიკოლოზ კენჭაძე (74) დაეუფლა, ვისთვისაც ეს პირველი სანაკრებო მედალია. მესამე საპრიზო ადგილზე გორელი თეიმურაზ ვანიშვილი (55), სამტრედიელი ედემი ბოლქვაძე (60) და ხარაგაულელი ზაურ ბერაძე (84) გავიდნენ.
ევროპირველობაზე ბევრად უფრო შთამბეჭდავად იჭიდავა ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა, რომელმაც რვავე წონაში მოიპოვა მედალი, რაც ჩვენი სინამდვილისთვის უნიკალური მოვლენაა, თუმცა არც მსოფლიოს პრაქტიკაა განებივრებული მსგავსი ფენომენალური გამოსვლით. სოსო ჯაბიძის შეგირდებმა 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს. ჩემპიონები თბილისელი რამაზ სილაგავა (50), ხულოელი ამომავალი ვარსკვლავი ლერი აბულაძე (60) და უკვე მოკაშკაშე ტალანტი, კარგა ხნის წინ უცხოელთა მიერ "ახალგაზრდა ლომად" შერაცხილი ქუთაისელი ზვიად პატარიძე (120) გახდნენ.
პატარიძე ზედიზედ მესამედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს და ახლა ფინეთში იმავეს გაკეთებას უკვე მსოფლიოზე ეცდება. მეორეზე გარდაბნელი გიორგი კურტანიძე (66) გავიდა, მესამეზე - ხობელი ნუგზარ წურწუმია (55), მარტყოფელი ბექა მამუკიშვილი (74), ბორჯომელი თემურ ჭკუასელიძე (84) და გარდაბნელი გიორგი ბარბაქაძე (96).
ამ გუნდს ჯერ არ დაუწყია შეკრება - საამისოდ ხვალ მიემგზავრება ბურსაში, სადაც თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს. თურქეთი ჩვენი 20 და 23-წლამდელებისთვის ახლობელ ადგილად იქცა, რადგან იქ ერთობლივი შეკრებების ორგანიზებაში ძალიან გვეხმარება თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული წარმომავლობის მქონე მუსა აიდინი.
ეს ეტაპი ჩვენი გუნდისთვის დასკვნითი იქნება და ისინი პირდაპირ ბურსადან წავლენ ფინეთში. სხვათა შორის, ამ ნაკრებმა ევროპირველობის წინაც უცხოეთში გაიარა შეკრება - მაშინ რუმინეთში იყვნენ ერთობლივ ვარჯიშებზე და გერმანიაშიც იქიდან გადავიდნენ. თუმცა ამასობაში ჯაბიძე შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობს, მაგრამ ასეთ წარმატებულ გუნდში ბევრი ცვლილებაც რომ არ იქნება, ესეც გასაგებია.
საქართველოს ნაკრები
55 კგ. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი).
60 კგ. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია).
66 კგ. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია).
74 კგ. ნიკოლოზ კენჭაძე (ამბროლაური).
84 კგ. ზაურ ბერაძე (ხარაგაული).
96 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა).
120 კგ. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"