მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდებმა ამ პრესტიჟულ ტურნირში ჯამში 15 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.
ამათგან კონტინენტის პირველობაში უფრო გვიან ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომელთა წილადაც 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოდის.
პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე უძღვებოდნენ.
ის ცოტა უცნაური გამოდგა, რადგან ზემდგომ-ქვემდგომთა ტრადიციული მადლობებით არ შემოფარგლულა
მან ქართული სპორტის ზოგადი პრობლემებიც მიმოიხილა და სკანდალური ფაქტებიც გაგვანდო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფეხბურთზე დახარჯულ მილიონებზე.
მინისტრმა ყიფიანმა სპორტსმენებს და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა მიღწეული შედეგისთვის და მათ სამომავლოდაც ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ისევ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი.
თავის მხრივ, ფედერაციისა და სპორტსმენთა სახელით მადლობა სამინისტროს კურტანიძემაც გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის, პარალელურად კი წარმატება მიულოცა ბიჭებს, მწვრთნელებს, რომელთათვისაც ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო ახალ ამპლუაში.
კურტანიძემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ახლა მიზნობრივად იხარჯება ფალავნებისთვის და შედეგიც ჩანს.
ზემდგომთა მიმართ მადლობა არც ახალგაზრდა და ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ექსთავკაცებსა და ამჟამინდელ კონსულტანტებს - ვლადიმერ ადეიშვილსა და ვაჟა კრავეიშვილს დავიწყებიათ, თუმცა ადეიშვილმა შეკრებებისა და ტურნირების რაოდენობის გაზრდაც მოითხოვა.
მისი თქმით, რუსეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მოსამზადებლად... 11 შეკრება გაიარა, ხოლო აზერბაიჯანელები სულაც ოლიმპიურ ბაზაზე ცხოვრობენო.
ევროპაზე გუნდური შეჯიბრება რუსებმა მოიგეს, მეორეზე კი აზერბაიჯანი გავიდა, რომელსაც ჩვენები მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩნენ.
ამავე პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება ჭაბუკთა გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა - ემზარ ბედინეიშვილმა და დავით ბედინაძემ. მათი თქმით, ჭაბუკთა ასაკი სპეციფიკურია - პატარები არიან, ბევრი საერთოდ არაა შეკრებაზე ან უცხოეთში შეჯიბრებაზე ნამყოფი და მოზარდებს თვითრწმენის ასამაღლებლად მეტი შეჯიბრება სჭირდებათ.
ბედინეიშვილმა განაცხადა, რომ მათ სეზონში სულ ხუთი შეკრება დაუტოვეს კალენდარში, საიდანაც მსოფლიოსთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი დარჩათ და ახლა ცდილობენ, დარჩენილ ორთვიან პერიოდში ისინი როგორმე ეფექტურად გადაანაწილონ.
მრავალმხრივ საინტერესო იყო ახალგაზრდა "თავისუფალთა" დამრიგებელ გიორგი გოგშელიძის გამოსვლა.
მან ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად მიიჩნია ერთობლივი შეკრებების ჩატარება წამყვან გუნდებთან, რათა ბიჭებმა გადალახონ ფსიქოლოგიური ფაქტორი და ირწმუნონ, რომ ის რუსი, თურქი, ირანელი, აზერბაიჯანელი და სხვაც ჩვეულებრივი ადამიანია, რომ მოგება იმათთანაც შეიძლება.
მინისტრი დაინტერესდა, დაახლოებით რამდენი ტურნირი თუ შეკრებაა საკმარისი მოჭიდავეებისთვის სრულყოფილად მოსამზადებლად. ამაზე ადეიშვილმა უპასუხა, რომ შეჯიბრება სჭირდებათ არა მხოლოდ ლიდერებს, არამედ სათადარიგოებსაც.
პრესკონფერენციაზე დიდი ადგილი დაეთმო საკლუბო სისტემის აუცილებლობაზე საუბარსაც, რაც, საერთო მოსაზრებით, გააუმჯობესებს ფალავანთა სოციალურ მდგომარეობას, შეამცირებს სატურნირო პრაქტიკის დეფიციტს...
კურტანიძემ მინისტრს უთხრა, რომ ამაზე ინტენსიურად მუშაობენ და წლის ბოლოს უკვე კონკრეტულ შედეგებსაც მოახსენებს.
გოგშელიძე, რომელსაც ირანში, თურქეთსა და სხვა წამყვან საკლუბო ლიგებში უასპარეზია, აქაც საინტერესო მოსაზრებით გამოვიდა - კლუბების შენახვას დიდი ფინანსები სჭირდება და ადგილობრივი თვითმმართველობების სამსახურები გადაკეთდნენ კლუბებადო.
ეს მართლაც აქტუალური საკითხია, რომელსაც ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია, მათ შორის - მიგრაციის შეჩერებაც.
მაგალითად, როცა ძიუდოისტი ვახტანგ ბიტიევი აზერბაიჯანში წავიდა, ჩვენმა ფედერაციამ ვერც დააკავა - ნაკრების წევრი არ ყოფილა, არც ჩვენი სახელით უასპარეზია სადმე და არც დაგვიფინანსებიაო.
აი, სწორედ ამ დროს შეუძლია, ასეთი სპორტსმენი თავისი მუნიციპალიტეტის კლუბმა დააკავოს, რომლის წევრიც აუცილებლად იქნება (უამისოდ ვერც ივარჯიშებს), ახლა კი სად მიდის ეს მუნიციპალური დაფინანსება, რას ხმარდება, კაცმა არ იცის.
ყიფიანმაც სწორედ ამ თემაზე საუბრისას გაგვაცნო ზემოხსენებული სკანდალური ინფორმაცია - თურმე სამინისტრომ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა სპორტზე დახარჯული ხარჯები და გაირკვა, რომ ჯერ კიდევ დაუსრულებელ 2012/13 წლის სეზონში, საერთო ჯამში, ფეხბურთზე დახარჯულია... 50 მილიონი ლარი!
კონკრეტულად ჭიდაობის პრობლემებთან დაკავშირებით, მინისტრმა ფედერაციისგან მოითხოვა ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, რათა თანხები ეფექტურად გაანაწილონ და ყველა აუცილებელი ეტაპი დააფინანსონ.
პრესკონფერენციაზე შეეხნენ ახალგაზრდული გუნდების მძიმეწონოსნების საკითხსაც. კერძოდ, გენო პეტრიაშვილს მსოფლიოს პირველობა "თავისუფლებში" თანატოლების გარდა, უფროსებშიც უწევს, რადგან საქართველოს თასზე გაიმარჯვა.
იაკობ ქაჯაიას ამ ტურნირზე არ უჭიდავია, რადგან სწორედ იმ დღეებში ტრიუმფით იგებდა ახალგაზრდების ევროპირველობას სკოპიეში.
მას 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლაში ხელს არაფერი უშლის, მაგრამ მიეცემა თუ არა უფროსთა ნაკრებში მოხვედრის შანსი? ისიც საკითხავია, ღირს თუ არა პეტრიაშვილის გაგზავნა ახალგაზრდების მსოფლიოზე, თუ უფროსებშიც იჭიდავებს (თუ ქაჯაიაც მოიპოვებს უფროსებში გამოსვლის უფლებას, ეს პრობლემა მასთანაც დადგება?).
ერთი სიტყვით, კითხვები არსებობს, თუმცა კურტანიძემ დაახლოებით ასე გვიპასუხა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია შეკრებებსა და ტურნირებზე.
მისი თქმით, ქაჯაიას მსოფლიოზე მოხვედრის შანსი უფროსებშიც მიეცემა, მაგრამ ამ ეტაპზე პრიორიტეტი საქართველოს თასის გამარჯვებულს ენიჭება.
თუმცა იქვე დაამატა, რომ თუ იმ შეჯიბრების გამარჯვებულები საერთაშორისო ტურნირში შედეგს ვერ აჩვენებენ, მაშინ ყველაფერი შეიცვლება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"