ჩვენებურთა პოზიციები ბევრად უფრო მყარია თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც თავ-თავიანთ წონებს ორი ქართველი ლიდერობს - გიორგი ედიშერაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84).
ედიშერაშვილს ფრიად წაადგა მარტში თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება და დიდწილად ამის ხარჯზე გაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოკორეელ მსოფლიოს ექსჩემპიონ კიონგ იანგს, ვინც წლეულს აზიის
რეიტინგში მესამეა ბელორუსი ვლადისლავ ანდრეევი, ვისაც ედიშერაშვილმა თბილისში ევროფინალი მოუგო. მეოთხეა დიდწილად ვლადიმერ მესტვირიშვილის დაფრთიანებული ინდოელი, აზიის წლევანდელი გამარჯვებული ამიტ კუმარი, მეხუთე - ალი ალიევის ტურნირის მომგები დაღესტნელი ისმაილ მუსუკაევი.
მარსაგიშვილი სავსებით დამსახურებულად ლიდერობს 84 კილოგრამს, სადაც მეორე ადგილზე ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი, რუსთა ყაბარდოელი ანზორ ურიშევია, მესამეზე - ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი, სომეხთა ნატურალიზებული დაღესტნელი მუსა მურთაზალიევი.
გემახსოვრებათ - მარსაგიშვილმა ორივეს მოუგო ევროპირველობაზე, თუმცა დაღესტნელმა თუ მშვიდად გადაიტანა წაგება (მან ქვედა წონიდან ამოინაცვლა და პირველივე ტურნირზე ფინალში გასვლაც კი მისთვის წარმატებაა), ყაბარდოელმა და მისმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმა საპროტესტო მარშებით დარბაზში ქარიშხალი გამოიწვიეს.
ამ წონაში ხუთეულში უკრაინელთა ოსი მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის წლევანდელი პირველობის კიდევ ერთი ბრინჯაოსმედალოსანი იბრაგიმ ალდატოვი და თურქი ჰაკი ცეილანიც შედიან.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 60 კილოგრამში მეორეა, რეიტინგს კი რუსთა აწ უკვე სამგზის ევროპის ჩემპიონი, ტუვინი ოპან სატი ლიდერობს. მესამეზე ბულგარელი ვლადიმირ დუბოვია - ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი, მეოთხე - კიდევ ერთი ჩრდილოკორეელი, აზიის ჩემპიონი რიონგ-ჰაკ ჰვანგი, მეხუთე - ყაზახი დაულეტ ნიაზბეკოვი.
დანარჩენი წონებიდან სხვებზე უკეთეს მდგომარეობაში 120 კილოგრამში ვართ, სადაც გენო პეტრიაშვილი მეოთხეა.
რეიტინგის 15-ეულში ყველაზე მეტი მონაწილეც ამ წონაში გვყავს - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი ზუსტად მე-10-ეა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე კი მას ერთი ადგილით ჩამორჩება.
ამ წონის რეიტინგს თურქი ტაჰა აკგული ლიდერობს, ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის პირველობა. მეორეზე ევროპის წლევანდელი ვერცხლისმედალოსანი, უკრაინელთა კიდევ ერთი ოსი ფალავანი ალან ზასეევია, მესამეზე - აზერბაიჯანელთა დაღესტნელი მსოფლიოს და ევროპის მესამეპრიზიორი ჯამალედდინ მაგომედოვი.
ეს ცოტა უცნაურია, რადგან პეტრიაშვილმა რამდენჯერმე მოუგო მაგომედოვს, თუმცა მიზეზი იმაში უნდა ვეძებოთ, რომ ჩვენებური, ვინც ჯერ ისევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდის, უფროსთა ტურნირებში შედარებით ცოტას ჭიდაობს.
აქ რეიტინგის მეხუთე ნომერი პეტრიაშვილის მიერ ბოლო ხანებში უკვე ორჯერ ძლეული რუსთა დაღესტნელი ახალბედა, 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი მაგომედგაჯი ნურასილოვია.
ცოტა უცნაურია რეიტინგი 96 კილოგრამშიც. უპირველესად იმით, რომ პირველ ხუთეულში მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შედიან. ცოტა გასაკვირია ისიც, რომ რეიტინგს იარიგინის ტურნირის მომგები და ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი, რუსთა ოსი ვლადისლავ ბაიცაევი ლიდერობს და არა უკრაინელი ევროპის ჩემპიონი პავლო ოლეინიკი, რომელიც მეორეა.
მესამეზეა რუსთა დაღესტნელი ევროპის ექსგამარჯვებული აბდუსალამ გადისოვი, მეოთხე - ახლო წარსულში რუსთა სახელოვანი ოსი ფალავანი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმეგზის გამარჯვებული ჰაჯიმურატ გაცალოვი, მეხუთე - უკრაინელი ვალერი ანდრეიცევი, ელიზბარ ოდიკაძე კი მეექვსეა.
სამწუხაროდ, დანარჩენ წონით კატეგორიებში არც ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს. მაგალითად, 74 კილოგრამში 15-ეულში საერთოდ არავინ გვყავს, რაშიც დიდი როლი დავით ხუციშვილის ტრავმამ შეასრულა;
66-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი მალხაზ ზარქუა მე-14-ეა და მასაც იტალიურ სასარიში, "დიდ პრიზზე" გამარჯვებამ უშველა. 66-ის რეიტინგს ევროპის წლევანდელი სომეხი ჩემპიონი დავიდ საფარიანი ლიდერობს, რომელსაც კვალში უდგანან თურქი ევროპის ვერცხლისმედალოსანი იაკუპ გორი, კონტინენტის მესამეპრიზიორი, რუსთა დაღესტნელი ილიას ბეკბულატოვი, მონღოლი განზორიგ მანდაკნარანი და თურქი მუსტაფა კაია.
თუ დააკვირდით, აქამდე ყველა წონას ევროპელები ლიდერობენ, 74 კი ერთადერთია, სადაც რეიტინგის სათავეში სხვა კონტინენტის წარმომადგენელია - ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი. რუსთა ყაბარდოელი ევროპის გამარჯვებული ანუარ გედუევი მეორეა, თურქი სონერ დემირტასი - მესამე. ხუთეულში შედიან უნგრელი ევროპის ვერცხლისმედალოსანი გაბორ ჰატოში და უზბეკი რაშიდ ყურბანოვი.
ეს რეიტინგი გარკვეული ტურნირების შედეგებს კი ეფუძნება, მაგრამ მაინც გასაკვირია, რომ ხუთეულებში ვერც ერთი ირანელი ვერ მოხვდა. თვალშისაცემია იაპონელების, სამხრეთ კორეელების არყოფნა, ყაზახთა სიმცირე მაშინ, როცა მონღოლებს რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავთ.
"თავისუფლებში", ასე თუ ისე, დამაიმედებელი მდგომარეობა გვაქვს, ბერძნულ-რომაულში კი ბევრად მძიმე ვითარებაა - აქ შვიდ წონაში სამეულში მხოლოდ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (84) შედის. ის ზუსტად მესამეა, მეოთხე კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ გეგეშიძეა.
ფრიად უცნაურია, რომ ამ წონის რეიტინგს ლიდერობს არა რუსთა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ალექსეი მიშინი, არამედ... თურქი სელჩუკ ცები. ეს ფაქტი უცნაურია იმდენად, რომ მიშინმა წლეულს ევროპის პირველობაც მოიგო და "ივან პოდუბნის სახელობის დიდი პრიზის მემორიალიც". ამის მიუხედავად, მაინც მეორეა, რეიტინგის მეხუთე ნომრად კი პოლონელი დამიან იანიკოვსკი მოგვევლინა.
84-ის გარდა, ჩვენი წარმომადგენლები მხოლოდ სამ წონაში შედიან - ევროპის მესამეპრიზიორი გურამ ფერსელიძე (120) მეექვსეა, მამუკა ქაჯაია (96) - მეშვიდე, კონტინენტის ვერცხლისმედალოსანი ზურაბ დათუნაშვილი (74) - მერვე.
სამწუხაროდ, 55, 60 და 66 კილოგრამებში საუკეთესო 15-ეულში მონაწილე არ გვყავს. არადა, ამ წონებში ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი რევაზ ლაშხი (60) და ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია გვყავს, რომელმაც ტიტულების უმეტესობა 66-ში მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"