მაგალითად, 24 აპრილს საინტერესო ცნობები გამოჩნდა აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონებზე თავისუფალ ჭიდაობაში, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს წამყვან ფალავნებთან.
კერძოდ, იქაური "თავისუფალთა" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ალიომაროვმა განაცხადა, რომ ტოგრულ ასკეროვი (60) მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.
ლონდონის ოლიმპიადაზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ასკეროვს არსად უჭიდავია. ეგ კი არა, როგორც ალიომაროვის სიტყვებიდან ირკვევა, ტრავმის გამო ჩემპიონს არცკი განუახლებია ვარჯიში და ამჟამად თურქეთში მკურნალობს.
ასკეროვს ჯანმრთელობას ვუსურვებთ,
ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდული ასაკიდან გახდნენ კონკურენტები - 2010 წელს ევროპის 20-წლამდელთა ფინალში აზერბაიჯანელმა მოუგო ჩვენებურს, მაგრამ გორელმა ფალავანმა იმავე სეზონში ღირსეული რევანში აიღო მსოფლიოს პირველობაზე.
ამის შემდეგ ასკეროვმა ზედა წონაში გადაინაცვლა, რაც ფრიად გონივრული ნაბიჯი აღმოჩნდა - მომდევნო წელს მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში, 2012 წელს გაიმარჯვა ევროპის პირველობაზე უკვე უფროსებში და ფავორიტად ჩავიდა ლონდონში, სადაც ყველა გააოცა დამაჯერებელი ჭიდაობით.
თუმცა ხინჩეგაშვილს ძლიერი მეტოქეები არც უმისოდ აკლია. ჯერჯერობით არ ვიცით, ვის დააყენებენ ირანელები, ამერიკელები და სხვები, მაგრამ მეტოქე რუსეთიდან, სავარაუდოდ, უკვე გაირკვა.
ოღონდ ეს არა ევროპის სამგზის ჩემპიონი ოპან სატი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის მედალოსანი ბესიკ კუდუხოვი ან მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ვიქტორ ლებედევი იქნება (არაფერს ვამბობთ ოლიმპიურ ჩემპიონ ჯამალ ოთარსულთანოვზე, რომელმაც 60-ში გადმოსვლის სურვილი ოფიციალურად კი დაადასტურა, მაგრამ ახალ წონაში ჯერ არ უჭიდავია), არამედ - აქამდე უცნობი ბეკხან გოიგერეევი. იგი ჩეჩენია, თუმცა დაღესტანში, ხასავიურტში ცხოვრობს და ვარჯიშობს, სადაც დიდი ჩეჩნური დიასპორაა ოლიმპიური ჩემპიონი ძმების, ადამ და ბუვაისა საიტიევების მეთაურობით.
გოიგერეევმა ჯერ დამაჯერებლად მოიგო რუსეთის ჩემპიონატი, მერე კი არანაკლებ ტრიუმფალურად გაიმარჯვა მსოფლიოს უნივერსიადაზე.
იქ მისი ფინალური პაექრობა ირანელ ბენამ ეჰსანპოორთან საეტაპო მნიშვნელობისა გამოდგა, რადგან ახალი ილეთის დაბადებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ - მეტოქემ ჩეჩენი ფეხიდან აიყვანა და თითქოს გადაგდებას წინ არაფერი ედგა, როცა ცალ ფეხზე მდგარი გოიგერეევი მოულოდნელად ჰაერში ახტა და ისეთი დახვეწილი სალტო გააკეთა, ბევრი აკრობატი და ტანმოვარჯიშე ვერ შეძლებდა! იმ ვითარებაში მისი მოძრაობა იმდენად წარმოუდგენელი იყო, ირანელმა ხელის გაშვებაც ვერ მოისაზრა.
ეს რომ გაეკეთებინა, ჩეჩენს ლამაზი სალტო შერჩებოდა, ახლა კი თან გადაიყოლა ილეთზე და გაიმარჯვა კიდეც.
ერთი სიტყვით, ხინჩეგაშვილს რუსეთიდან ძლიერი კონკურენტები კი მოაკლდნენ, მაგრამ არანაკლები ელოდება.
შარიფოვი წონას იცვლის?
დავუბრუნდეთ ისევ ალიომაროვს, რომელიც აზერბაიჯანელთა მეორე ოლიმპიურ ჩემპიონ შარიფ შარიფოვსაც შეეხო და განაცხადა, რომ ის წონას იცვლის და 96 კილოგრამში გადადის.
ეს ფაქტი მწვრთნელისგან დამოუკიდებლად აზერბაიჯანული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდად ჯაფაროვმაც დაადასტურა, რომელიც უფრო შორსაც წავიდა და შარიფოვი 96-ში მსოფლიოს პირველობის მონაწილედაც კი დაასახელა.
აი, ეს ამბავი კი ძალზე საყურადღებოა დავით მარსაგიშვილისთვის (84), რომელიც შარიფოვს ყველაზე უხერხულ მეტოქედ მიიჩნევდა.
მართალია, ძლიერი კონკურენტები არც უამისოდ აკლია, მაგრამ ასეთი მოწინააღმდეგის გამოკლება მაინც საყურადღებოა.
მით უფრო, რომ ამ ეტაპზე ჩვენს ნაკრებში 84 კილოგრამი ბევრად სტრატეგიული წონაა, ვიდრე - 96.
ოლიმპიადის შემდეგ შარიფოვმა ცოლი შეირთო - თავისივე თანასოფლელი ჩაროდინსკის რაიონის სოფელ გენუხიდან, სამედიცინო აკადემიის სტუდენტი და კასპიისკში გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა მთელი დაღესტნური საჭიდაო ელიტის თანდასწრებით.
ის თურმე ყველა შეკრებაზე თან ახლდა ნაკრებს, მაგრამ წონა მაინც "გაექცა" და 96-ს მიაშურა. ახალ წონაში წინა კვირას მადრიდის "დიდ პრიზზეც" იჭიდავა, სადაც თანაგუნდელ ხეტაგ გოზიუმოვთან წააგო და მესამეზე დარჩა.
სწორედ ამიტომ გაგვიკვირდა ჯაფაროვის გადაჭრით ნათქვამი, ბუდაპეშტში შარიფოვი იჭიდავებსო, როცა ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი გოზიუმოვი არც უხსენებია.
შესაძლოა, ამის მიზეზი ფალავანთა ასაკია - ოსი გოზიუმოვი უკვე 30 წლისაა (ეს - საბუთებით, თორემ არაა გამორიცხული, ასაკი გადაკეთებულიც ჰქონდეს), დაღესტნელი შარიფოვი კი მასზე 5 წლით უმცროსია.
ერთი სიტყვით, შარიფოვი 84-დან მიდის, მის ნაცვლად კი აზერბაიჯანელთა ნაკრებში ამ წონაში გადმოსვლას რუსეთიდან გადაბირებული კიდევ ერთი ფალავანი ალექსანდრ გოსტიევი აპირებს.
ახალ წონაში მან უნივერსიადაზე იჭიდავა, მაგრამ ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა რუს შამილ კუდიამაგომედოვთან, მერე კი ბრინჯაოსთვის პაექრობაც წააგო ირანელ მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანთან.
ცხადია, ამ შედეგით ალიომაროვი კმაყოფილი არაა. მწვრთნელმა უკვე დაასახელა ორი ფალავანი, რომლებმაც გაინაღდეს მსოფლიოზე წასვლა - რუსტამ სურხაევი (55) და გაჯი ალიევი (60). მოკლედ, გიორგი ედიშერაშვილს (55) და ხინჩეგაშვილს უკვე შეუძლიათ, პრინციპულ მეტოქეებზე აქედანვე დაიწყონ ინდივიდუალური მზადება.
რა ელის ხურციას?
აზერბაიჯანულ მედიაში თავად ალიომაროვის მომავალზეც გაჩნდა ცნობები. ეს კი ქართველ მწვრთნელ დავით ხურციას უკავშირდება, რომელიც ბულგარელ სემენ შტერევთან ერთად იქაურთა სამწვრთნელო შტაბში შედის.
ჯაფაროვმა ღიად განაცხადა, რომ მსოფლიოს შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალიომაროვი შეიცვლება, ხოლო მის ნაცვლად ვის მიიწვევენ, ჯერ არაა გარკვეული.
მან დასძინა, რომ უცხოელის ან ადგილობრივის მიწვევის შანსი თანაბარია. თემას მოგვიანებით თავად ალიომაროვიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის დროებითაა დანიშნული - მსოფლიოს ჩემპიონატამდე და მისი მომავალიც იმ ტურნირის შემდეგ გაირკვევა. ვიქონიოთ იმედი, რომ მორიგი სამწვრთნელო ცვლილება ხურციას არ შეეხება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს "თავისუფლები" მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან