ქართველმა ჭაბუკებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლ-ბრინჯაოთი დაიწყეს

AutoSharing Option
ფოტოზე: რამაზ ზოიძე (მარცხნივ)

შაბათს, 24 აგვისტოს, სერბულ ზრენჯანინში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის სტარტზე თითო-ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე (58) გახდა, მესამე პრიზიორი ირაკლი მხეიძე (50).

ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, პლუს - მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანმა რამაზ ზოიძემ წლეულს ევროპის პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა. მან მესამედ იჭიდავა პლანეტის პირველობის ფინალში, მაგრამ მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა თურქ სელიმ კოზანთან - ევროპის წლევანდელ პირველობაზეც მასთან წააგო.

ფინალამდე ბათუმელმა ფალავანმა, გაზეთ "ლელოს" ვერსიით
შარშანდელი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდამ, ოთხი მეტოქე დაამარცხა დამაჯერებლად - მონღოლი ჩოიდოგჯამტს ჯამსრანჯავი (2:2; 3:0), მოლდოველი მაქსიმ საკულტანი (1:3; 5:0), რუსი ურუზბეგ ცომარტოვი (9:5) და ბელარუსი დზიანის მაქსიმაუ (8:0). სამწუხაროდ, ფინალში ვერაფერს გახდა თურთან, რომელმაც ფიზიკურადაც აჯობა და ტაქტიკურადაც სწორად წარმართა ჭიდაობა - 0:7. ამდენად, ზოიძემ წლევანდელი სეზონი ვერცხლ-ბრინჯაოთი დაასრულა, რაც არაა ურიგო შედეგი.

ბედინეიშვილმა მხეიძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეიყვანა ნაკრებში და ცვლილებამ გაუმართლა. უნგრელ რიჩარდ ვილჰელმთან იოლი გამარჯვების შემდეგ (9:1 პირველივე ორ წუთში) მხეიძე აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტთან, ევროპის წლევანდელ მესამე პრიზიორ მახირ ამირასლანოვთან დამარცხდა - 4:8; 0:4.

დამამშვიდებელ წრეში სამ პაექრობაში იმარჯვა, მათ შორის ბრინჯაოსთვის პაექრობაშიც პოლონელ პატრიკ ოლენცზინთან, რომელსაც წმინდად მოუგო - 8:0 პირველივე პერიოდში.

შაბათს ბედინეიშვილის შეგირდთაგან ბრინჯაოსთვის ტარიელ გაფრინდაშვილმაც (69) იჭიდავა, მაგრამ წააგო და ევროპის პირველობის მგავსად, ამჯერადაც მეხუთეზე დარჩა.

ძირითად ბადეში ის უპრობლემოდ გავიდა ნახევარფინალში, სადაც ირანელთა მომავალ ვიცე-ჩემპიონ კამრან გასემპოურთან სუფთად დამარცხდა (0:8), დამამშვიდებლის ფინალში კი რუს ტიმურ ბიზოევთან ვერ გახდა ვერაფერს - 2:7. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ტრავმირებული ხელით ჭიდაობდა.

შაბათს 42 კილოგრამში მონაწილე არ გვყოლია, ვაჟა ომარაშვილი (85) კი ნაადრევად გამოვარდა. ბედინეიშვილის გუნდი კვირასაც კაცნაკლული გავა საჭიდაოდ - ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი შმაგი თოდუა (46) დაშავდა. გიორგი ყაზარაშვილი (54) პირველ წრეში ინდოელ რავი კუმარის ეჭიდავება, გიორგი ნიკოლიშვილი - ირანელ ალი ესმაილპურჯოუბარის, გიორგი გიორგობიანი (76) - უკრაინელ ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ბოგდან პოპკოვს, გივი მაჭარაშვილი (100) - ლიტველ დენის ნედობორს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული