მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ფავორიტი ძნელ ბადეში

AutoSharing Option
16 სექტემბერს ბუდაპეშტში "ლასლო პაპის სახელობის სპორტდარბაზში" მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელსაც თავისუფალი სტილის ფალავნები გახსნიან.

თავდაპირველად ტურნირში სამი წონითი კატეგორიის - 55, 66 და 96-ის წარმომადგენლები ჩაებმებიან, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა კი სიურპრიზი მოგვიმზადა - 66 კილოგრამში ლევან ქელეხსაშვილის ნაცვლად კონსტანტინე ხაბალაშვილი გამოვა.

დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ ცვლილების მიზეზი ვერ დავადგინეთ. მასთან ერთად ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55) და დავით ქერაშვილიც (96) იასპარეზებენ.

ამ სამეულიდან ჩვენი იმედები ყველაზე მეტად ედიშერაშვილს უკავშირდება, რომელიც საკმაოდ ძნელ ბადეში მოხვდა.
თუმცა პირველი ორი წრე შედარებით თავისუფალი ექნება, სიძნელეები უფრო მერე ელოდება.

სამაგიეროდ, შესაძლოა, საწყის ეტაპზე თანამემამულესთანაც მოუწიოს შეხვედრა.

მთლად ისეც ვერ ვიტყვით, რომ ედიშერაშვილს თავიდანვე იოლი მეტოქე ერგო - სომეხი მიჰრან ჯაბურიანი. ის არაა ტიტულოვანი, მაგრამ ფრიად გამოცდილია და სწორედ ესაა მისი მთავარი ღირსება. ამის მიუხედავად, მაინც გვგონია, რომ ჩვენებურმა ეს ბარიერი უნდა დაძლიოს.

აი, ამ შემთხვევაში შეიძლება შეხვდეს ქართველს - ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველს, რომელსაც ამჯერად რაჭულ გვარზე ვართანოვიც დაურთავს და ახალი დროშის ქვეშ ორი გვარით გამოდის. საინტერესოა, რომ მან ამ ზაფხულს მადრიდის "დიდ პრიზზე" მხოლოდ ქართული გვარით იჭიდავა და მეორეზე გავიდა.

ქართველთა დუელი იმ შემთხვევაში შედგება, თუ მეტრეველი პირველ შეხვედრაში ვიეტნამელ ჰიუ ჰა ნგუენს დაამარცხებს, რაც სავსებით რეალური გვგონია.

ამ ორი წრის გავლის შემთხვევაში ედიშერაშვილს ბევრად ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს პაექრობა და სწორედ აქედან დაეწყება ნამდვილი ომი მედლისკენ მიმავალ გზაზე. ბადის ამ მხარეს მოხვდნენ რუსთა ევროპის ჩემპიონი ნარიმან ისრაპილოვი, ჩრდილოკორეელი მსოფლიოს ჩემპიონი კიონგ II იონგი და გერმანელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი მარსელ ევალდი.

კორეელი და რუსთა დაღესტნელი, ეროვნებით ყუმუხი ისრაპილოვი პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან და ეჭვიც არაა, დიდ ბრძოლას გამართავენ. ალბათ, ედიშერაშვილსაც ამათ შორის გამარჯვებულთან მოუწევს ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლა.

ბადის ამავე მხარესაა, ანუ ნახევარფინალში შეიძლება შეხვდეს ბელორუსი ვლადისლავ ანდრეევი, ვისაც წლეულს თბილისში ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოუგო. გემახსოვრებათ, რომ მაშინ ბელორუსი წაგებით ორმაგად უკმაყოფილო დარჩა, რადგან ამას მსაჯებს აბრალებდა და კვარცხლბეკზეც არ უნდოდა ასვლა.

იოლი წარმოსადგენია, ბუდაპეშტში ჩვენებურთან თუ მოუწევს შეხვედრა, რამხელა მოტივაციით გავა ლეიბზე.

ხაბალაშვილი პირველად ინდოელ არუნ კუმარს დაეჭიდება, ოღონდ ინდოელის გვარმა არ შეგაცდინოთ - ეს ახალი კადრია და მხოლოდ მოგვარეა მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსან სუშილ კუმარისა. მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი შეღავათია.

ამ წყვილის გამარჯვებული კი შრილანკელ როშან ინდიკა ლიუანაგესა და ეგვიპტელ აიად იბრაჰიმ ხალილ იბრაჰიმს შორის მოგებულს შეხვდება.

დაუძლეველი არც ამ მეტოქეთა ფაქტორია და ჩვენებურს წარმატების შემთხვევაში განსაკუთრებულად ძლიერები არც მეოთხედფინალში ელოდება; აი, ნახევარფინალში კი ბადის მეორე მხრიდან მართლაც სოლიდური ფალავნები მოდიან - ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალისტები, სომეხი გამარჯვებული დავიდ საფარიანი და თურქი ვიცე-ჩემპიონი იაკუპ გორი, ირანელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მეჰდი კერმან ტაგავი და რუსი მაგომედ კურბანალიევი.

ქერაშვილს წილისყრამ პირველ მეტოქედ სამხრეთკორეელი აზიის პრიზიორი ჯაე-განგ კიმი არგუნა, ამ წყვილის მოგებულს კი სომეხ ევროპის პრიზიორ ედგარ იენოკიანსა და ალბანელ ეგზონ შალას შორის გამარჯვებული ელოდება, ვინც წლეულს თბილისში ევროპირველობაზე საკმაოდ კარგად იასპარეზა და დამამშვიდებლის ფინალშიც გავიდა.

ქერაშვილს წილისყრამ შედარებით გაუმართლა, რადგან უმთავრესი ფავორიტები ასცდნენ, თუმცა ძლიერები მასთანაც არიან, მაგალითად, ევროპის ბრინჯაოსმედალოსნები, ბელორუსი ივან იანკოუსკი, ბულგარელი ლიუბენ ბორისლავ ილიევი და მოლდოველი ნიკოლაი ცებანი, თუმცა ბადის ამ მხარეში ყველაზე ძლიერი მაინც უკრაინელთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი პავლო ოლეინიკი გვგონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ გაყავს ხაბელაშვილი,ქელეხსაშვილის ნაცვალად??რა ხდებააა??
lasha
13:41 16-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული