მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ფავორიტთა ქართული ტრიო

AutoSharing Option
ბუდაპეშტში 16 სექტემბერს დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალთან ძალზე ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჯილდოს გარეშე დავრჩით.

ლევან ქელეხსაშვილმა და დავით ქერაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმეს, გიორგი ედიშერაშვილი კი ადრეულ ეტაპზევე გამოვარდა.

17 სექტემბერს "ლასლო პაპის" არენაზე მორიგი ქართული ტრიო გავა და სამივე მედლის მოპოვების უმთავრესი ფავორიტია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), დავით მარსაგიშვილი (84) და გენო პეტრიაშვილი (120). ამათგან წილისყრამ შედარებით მარსაგიშვილი "დაჩაგრა", თუმცა ესეც პირობითად.

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ხინჩეგაშვილი ასცდა მთავარ კონკურენტებს - აზერბაიჯანელ, რუს, ირანელ, თურქ, უკრაინელ მეტოქეებს, პუერტორიკოელ
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ფრანკლინ გომესსაც.

გორელი ფალავანი პირველ შეხვედრას პერუელ აბელ ხერალდ პასტორ ჰერერასთან გამართავს, მასთან წარმატების შემთხვევაში კი კორეელ სეუნგ-ჩულ ლეესა და კუბელ ალეხანდრო ტაბიერ ვალდესს შორის მოგებულს დაეჭიდება.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ბრინჯაოსმედალოსან მარსაგიშვილს პირველ წრეში ქვედა წონებიდან ამონაცვლებული ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლაი პასლარი ერგო, ამათში გამარჯვებულს კი მომდევნო შეხვედრა ებრაელ მიხეილ ცოცელაშვილსა და ამერიკელ მიხაელ კეიტ გავინს შორის მოგებულთან ელოდება.

ბადის ამავე ნახევარშია რუსი შამილ კუდიამაგომედოვი, ირანელი ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ესან ნასერ ლაშგარი და თურქი სერდარ ბოკეც.

დაგვეთანხმებით, უძნელესი ბადეა, მაგრამ ჩემპიონობა მით უფრო ფასეულია, რაც უფრო რთულ ბრძოლაშია მოპოვებული.

Sportall.Ge
ფოტოზე: დავით მარსაგიშვილი

ევროპის მესამე პრიზიორი პეტრიაშვილი მერვედფინალში ინდოელ ჰიტენდერ ჰიტენდერს ხვდება, მეოთხედფინალში ამათში გამარჯვებულის მეტოქე კი ბულგარელი დიმიტარ კუმჩევის, რუმინელი დანიელ პარეს ჩინტოანუს და ბელორუსი იუსუპ ჯალილოვის პაექრობაში გაირკვევა.

ნახევარფინალში პეტრიაშვილის სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე ცნობილები რუსთა სახელოვანი ვეტერანი, ქვედა წონიდან ამონაცვლებული მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი, ასევე ქვევიდან ამოსული უზბეკთა მსოფლიოს პრიზიორი ყურბან ყურბანოვი და ახალგაზრდა უნგრელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი დანიელ ლიგეტი არიან.

თუმცა პეტრიაშვილს ფინალამდე ასცდნენ თურქი ევროპის ჩემპიონი ტაჰა აკგული და უკრაინელი ვიცე-ჩემპიონი ალან ზასეევი.

Sportall.Ge
ფოტოზე: გენო პეტრიაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში: უმედლო პირველი დღე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამაზეა ნათქვამი, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ხინჩეგაშვილი მთავარ კონკურენტებს ასცდა და ვიღაც მონღოლთან წააგო მესამე წრეში, მარსაგიშვილმა ლაშგარისთან წააგო და პეტრიაშვილმა გაცალოვთან. ერთი პეტრიაშვილი იბრძოლებს მესამე ადგილისთვის. მოკლედ, თავისუფლებმა ვერ აჩვენეს თავისი ძალა წელს.
თემო
21:40 17-09-2013
0
სად შეიზლება ყურება?
Deme
10:45 17-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული