შრომა, მონდომება, ხასიათი - რაც ბიჭებს აკლდათ, რევაზ მინდორაშვილის აზრით

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტიდან ერთი ბრინჯაოთი დაბრუნდა, რომელიც მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

კიდევ სამმა ჩვენებურმა ანალოგიური შანსი ვერ გამოიყენა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. სამივე მათგანი ტურნირის დებიუტანტი იყო და, ერთი შეხედვით, ეს ურიგო შედეგი არაა.

გუნდურ ჩათვლაში მესამეზეც გავედით, თუმცა როცა ერთის მეტი ჯილდო არ გაქვს, თან უმედლოდ გრჩებიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და დავით მარსაგიშვილის დონის ვარსკვლავები, შედეგით კმაყოფილნი ვერ ვიქნებით.

ამასთან, გუნდის ჭიდაობის ხარისხმაც ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, ოღონდ ამაზე ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს საწინააღმდეგო აზრი აქვს.

როგორ აფასებს ის მსოფლიოს ჩემპიონატს და რას მიიჩნევს ასეთი შედეგის მიზეზად, ამას ქვემორე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი არასახარბიელო შედეგი ბუდაპეშტში?
- საერთოდ, არ მიყვარს მიზეზებზე ლაპარაკი და თავის მართლება, მაგრამ რამდენიმეს დასახელება მაინც შეიძლება. მაგალითად, ზოგიერთმა ლიდერმა წონა შეიცვალა, რასაც ახალი წესებიც დაემატა...

- თუმცა ახალ წესებთან ადაპტაციისთვის საკმარისი დრო იყო. თან ევროპაზეც ეს წესები მოქმედებდა...
- გეთანხმებით, რომ დრო იყო, მაგრამ ამას მსაჯთა არაობიექტურობაც დაემატა. მაგალითად, გიორგი ედიშერაშვილს რუს ნარიმან ისრაპილოვთან ერთი სამქულიანი გდება არ შეუფასეს. თუმცა თვითონაც შეცდა, როცა ბოლოსკენ ცოტა აირია და ჭიდაობა ვერ დაალაგა.

ლადო ხინჩეგაშვილთან და ლევან ქელეხსაშვილთანაც იყო ფრიად საკამათო ეპიზოდები...

- ყველაზე მეტად ვინ გაგაწბილათ?
- ჩემპიონატზე ყველაფერს უნდა ელოდე, მაგრამ ოქროს მედალი ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო. შანსიც ჰქონდათ - ედიშერაშვილს, ხინჩეგაშვილს, მარსაგიშვილს, მაგრამ როგორც ტურნირის მიმდინარეობამ დაგვანახვა, ჩემპიონობა ყველაზე მეტად ქელეხსაშვილს შეეძლო.

შეიძლება ითქვას, ეს ბიჭი პირდაპირ ხაშურის დარბაზიდან წავიყვანეთ მსოფლიოზე, მხოლოდ ერთი ტურნირი იჭიდავა სომხეთში, თუმცა იქაც დავინახე, რომ ოქროსთვის ბრძოლა შეეძლო.

ბუდაპეშტში ნახევარფინალში სომეხ ევროპის ჩემპიონთან და ტურნირის მომავალ გამარჯვებულ დავიდ საფარიანთან მსაჯებმა სამი წუთის შემდეგ, პრაქტიკულად, არ აჭიდავეს. სომეხი არც ქულა+გაფრთხილებით დასაჯეს და ლევანმა მინიმალური სხვაობით წააგო.

დარწმუნებული ვარ, ქელეხსაშვილს წინ ბევრი წარმატება ელოდება. მან კარგი ხასიათი გამოავლინა, მთელ შეჯიბრებას გაუძლო და წესებსაც კარგად შეეწყო. ეს თვისებები კი ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.

- მსაჯთა ფაქტორზე ხინჩეგაშვილის შემთხვევაშიც შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ განა ყველაფერი არბიტრთა ბრალია? იყო კი თვითონ მზად ბოლომდე? მას ძალიან კარგი ბადე ჰქონდა და თქვენი აზრით, რატომ ვერ გამოიყენა ეს შანსი?
- მომხდარის ანალიზი ლადომ თავად უნდა გააკეთოს. ჩემი აზრით კი, ვფიქრობ, შეეძლო ბოლო მომენტში მონღოლი ნიამ-ოჩირ ენკსაიკანის გადაყვანა და ქულის აღება, როცა ფეხში შევიდა. დროც ცოტა რჩებოდა, მაგრამ მაინც უფრო მეტად უნდა მოენდომებინა. მისგან მედალს უეჭველად ველოდით და, ცხადია, არ ვარ კმაყოფილი.

- მარსაგიშვილმა ისევ გამოავლინა ძველი პრობლემები - კონცენტრაციის დაკარგვა თითქოს მოგებულ შეხვედრაში, ნაკლოვანებები სუნთქვის და ფიზმომზადების მხრივ...
- მოგეხსენებათ, მოსამზადებელ პერიოდში მარსაგიშვილს ტრავმების გამო გარკვეული დრო, გარკვეული ეტაპები გაუცდა. სამწუხაროდ, ამ პრობლემებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთად იჩინეს თავი... მწვრთნელებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო...

- ალბათ, გენო პეტრიაშვილი ერთადერთია, ვინც დადებითი ემოციები დაგიტოვათ...
- არც კი ვიცი, გენოზე რა ვთქვა. წლეულს ამ ბიჭმა გმირობა ჩაიდინა - დიდებში ჯერ ევროპის პრიზიორი გახდა, როცა ჯერ კიდევ 18 წლისა იყო, მერე თავის ასაკში ყველაფერი მოიგო, ახლა კი მსოფლიოზე მოიპოვა ბრინჯაო. იქაც ნახევარფინალში ჰაჯიმურატ გაცალოვთან შემთხვევით დამარცხდა, თორემ დარწმუნებული ვიყავი მის გამარჯვებაში და იგებდა კიდეც. ოღონდ გაცალოვი ძალიან გამოცდილია და ის ერთადერთი შანსიც წარმატებით გამოიყენა, რაც მიეცა. იმ მომენტში გამოცდილებით აჯობა გენოს - შეგნებულად მისცა ხელი, რითაც მოადუნა და დაუხურა გდება.

- თითქოს გუნდი ადრინდელზე ცოტა უფრო ცუდად გამოიყურებოდა, თუნდაც - ევროპის ჩემპიონატთან შედარებით. ამას რითი ხსნით?
- გუნდმა არაჩვეულებრივი შეკრება გაიარა ჯერ მთაში - ბაკურიანში, მერე კი ბარში გავაგრძელეთ მზადება. უბრალოდ, ევროპის პირველობა და საერთაშორისო ტურნირები სულ სხვა დონეა, მსოფლიოს ჩემპიონატი კი მათზე ბევრად ძლიერი შეჯიბრებაა. ხინჩეგაშვილზე გეთანხმებით - ცოტა გამოფიტულივით იყო, სხვებზე კი ვერ დაგეთანხმებით, თითქოს ადრინდელზე ცუდად იყვნენ მომზადებულები. თან ბევრი პირველად გამოდიოდა მსოფლიოზე და გამოუცდელიც იყო.

გუნდურში მესამეზე გავედით, რაც მისი სტაბილურობის მანიშნებელია, მომზადების გარეშე კი ამას ვერ შევძლებდით. ფუნქციონალურად ყველა მზად იყო. მაგალითისთვის იაკობ მაქარაშვილი ავიღოთ - ექვსი შეხვედრა მოუწია, ყველაში იბრძოლა და გაუძლო ამხელა დატვირთვას. გუნდმა 4 ბრინჯაოსთვის იჭიდავა, რასაც მოუმზადებელი ვერ შეძლებდა.

- ანუ მწვრთნელთა კორპუსი საკუთარ შეცდომას გამორიცხავთ?
- გარკვეული შეცდომები ჩვენც დავინახეთ და გამოცდილებაც მივიღეთ - შეჯიბრება ყველაფერს გაჩვენებს. უპირველესად, ის დავინახეთ, რომ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, ხასიათი, მონდომება და თავდადება. ვფიქრობ, ეს თვისებები დაგვაკლდა ბუდაპეშტში. ბიჭებს უფრო მეტი მებრძოლი ხასიათი უნდა გამოევლინათ.

- თუმცა, როცა შესაძლებლობები ბოლომდე არ გყოფნის, მაშინ ამ თვისებებს ვერ გამოავლენ...
- გეთანხმებით და კიდევ ვიმეორებ, რომ ბევრი შრომაა საჭირო.

- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ბიჭებს ტურნირებიც დააკლდათ, ანუ არ ეყოთ სატურნირო პრაქტიკა? მათ ხომ წლეულს შედარებით ცოტა იასპარეზეს...
- არ მიმაჩნია ასე. ახლანდელი მიდგომით, ვინც მოიგებს შესარჩევ შეჯიბრებას, დიდი შანსია, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც ის წავიდეს. ასეთი მიდგომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რადგან შრომა არავის დაეკარგება. თან თაობათა ცვლა ხდება და ახლები მოდიან.

- ანუ ნაკრების დაკომპლექტების ახლანდელი წესი გამართლებულად მიგაჩნიათ, როცა კონკრეტული ტურნირის ჩემპიონები ნაკრებში ინაღდებენ ადგილს?
- ამ მსოფლიოსთვის მარსაგიშვილზე გამონაკლისი დავუშვით. შანსი ყველას ეძლევა, თუმცა უპირატესობა იმ ტურნირის ჩემპიონებს ენიჭებათ, ოღონდ მაინც მგონია, რომ ეს მიდგომაც შესაცვლელია.

- ფედერაციის პრეზიდენტს, ლუკა კურტანიძეს უცხოურ მედიასთან არ დაუმალავს გაწბილება ამ შედეგის გამო. ალბათ, ფედერაციის ხელმძღვანელები თქვენც გაგესაუბრებოდნენ...
- არა, ჯერ არ გვისაუბრია და არც ის ვიცი, რა თქვა პრეზიდენტმა უცხოურ მედიასთან. სულ ორი დღეა, რაც თბილისში დავბრუნდით, ხელმძღვანელობა ამ დღეებში ჩამოვა ბუდაპეშტიდან და დავილაპარაკებთ, გავაანალიზებთ ყველაფერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველ მოჭიდავეთა კრახი მსოფლიოს ჩემპიონატზე
ლუკა კურტანიძე: ეს ნაკრები მალე მსოფლიო ლიდერი გახდება
მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა
მკითხველის კომენტარები / 2 /
რევაზ შენ კარგი მოჭიდავე იყავი,მაგრამ როგორც მწვრთნელი 0-ი ხარ,წადი ძმაო სხვა საქმე აკეთე,ხალხს ნუ შეაზარებ თავს.
roma
15:03 24-09-2013
0
roma, აბა გვამცნე შენ ვინ ხარ! გაქვს კი რეზოს შეფასების უფლება ან თავი? ვინ ხარ გაგვეცანი. ყოფილი მოჭიდავე თუ .....
koko
10:41 25-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული