პრეზიდენტმა მისი ვინაობა არც დაადასტურა და არც ჩავეძიე, თუმცა ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ საქმე ინდოეთსა და ვლადიმერ მესტვირიშვილს ეხებოდა.
დღეს იქ რამდენიმე ჩვენებური მუშაობს, თუმცა მესტვირიშვილი ყველაზე წარმატებულია - მან მთელი სკოლა შექმნა, როგორც საჭიდაო, ისე - სამწვრთნელო.
დღეს რომ ინდოელებს მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ჰყავთ და ისიც, რომ ახლახან ბუდაპეშტში დასრულებულ პლანეტის პირველობაზე ასევე ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს, მისი
მესტვირიშვილის ავტორიტეტზე კარგად მიუთითებს ერთი ფაქტი - 2009 წელს, როცა რამეს კუმარი (74) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა, შესვენებისას მესტვირიშვილი, რაკი სპორტსმენთან მისვლის უფლება არ ჰქონდა, სეკუნდანტად მჯდარ მთავარ მწვრთნელს მიუახლოვდა და მისცა დარიგებები კუმარისთვის გადასაცემად. მეორე ნახევარში რამესმაც გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე.
მესტვირიშვილის გამოცნობა იმიტომაც არ იყო ძნელი, რომ ის მთლად კმაყოფილი ვერ უნდა იყოს თავისი ახლანდელი მდგომარეობით - ასეთი დამსახურების კაცი ინდოელებმა ლონდონის ოლიმპიადაზე წამსვლელ გუნდში არ შეიყვანეს და არ დააფინანსეს.
რას ვიზამთ, მართალი იყო აწგარდაცვლილი და იმავე ინდოეთში ნამუშევარი თემურ მატოიანი (ის წლების განმავლობაში წვრთნიდა ინდოეთის, ქუვეითისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ტყვიის მსროლელთა გუნდებს), ერთხელ რომ მითხრა, სხვა ქვეყანაში ძნელია უცხოელი მწვრთნელის მუშაობაო...
დღეს კურტანიძემ უკვე დაადასტურა, რომ ნამდვილად მესტვირიშვილთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ანუ სწორად გვივარაუდია.
პრეზიდენტს გერმანელ მწვრთნელებზეც ვესაუბრეთ და ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ჩაფიქრებული ერთი საორგანიზაციო ცვლილების იდეაც თავად გაგვიმხილა, მაგრამ დასაწყისში ფედერაციაში გაკეთებულ საქმეებზეც ითხოვა სიტყვა.
- ქართულ სპორტში ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა შევქმენით ჭიდაობის რუკა რეგიონების მიხედვით - გვითხრა ლუკა კურტანიძემ. - ახლა ვიცით, რამდენი სპორტსმენი გვყავს - 4 300 ფალავანი მთელ ქვეყანაში. ეს არაა ის ციფრი, რომლითაც ვამაყობდით.
261 მწვრთნელი გვყავს. ამასთან, შევქმენით საიტი, სადაც ყველა სპორტსმენზეა მონაცემები - დაბადების თარიღი, როდის და სად გამოვიდა და ასე შემდეგ...
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვნატრობდი, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გადაღებული ერთი ფოტო დამრჩენოდა სამახსოვროდ; ახლა კი ვამაყობ, რომ ფედერაციაში მუშაობს ჩემთვის საამაყო პიროვნება, ცნობილი ფოტოხელოვანი ალექსანდრე კოტორაშვილი და უკვე ნაკრების ყოველ ნაბიჯზე - შეკრებებსა თუ ტურნირებზე იქმნება ფოტოისტორია, რაც შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე - chidaoba.ge-ზე.
ახლაც მსოფლიოს ჩემპიონატიდან ყოველდღიური რეპორტაჟები გვქონდა. ჭიდაობის პოპულარიზაციისთვის ეს დიდი საქმე მგონია.
ამასთან, უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის გამო. ფილას პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი რამდენჯერმე შეხვდა სპორტის მინისტრს და ყოველთვის დიდ მადლობას უხდიდა საქართველოს მთავრობასაც და - ფედერაციასაც.
ლალოვიჩმაც და ევროპული ფედერაციის პრეზიდენტმა ცენო ცენევმაც არაერთხელ გაიმეორეს, რომ სწორედ თბილისიდან წამოვიდა ჭიდაობის მხარდასაჭერი ის დიდი მესიჯი, რამაც ოლიმპიადის პროგრამაში მისი დატოვება განაპირობა და ამაში თქვენი დიდი წვლილიაო.
ფედერაციას აქამდე ბიუჯეტი თუ ჰქონდა, კაცმა არ იცის, სად იფანტებოდა ის თანხები და ერთი საბუთიც არ დევს ხარჯებზე. დღეს თამამად ვიტყვი, რომ ნახევარმილიონიანი ბიუჯეტიდან ყოველი თეთრი მიზანმიმართულად გაიხარჯება და ყველაფერზე საბუთი დაიდება, რათა ხარჯების გადამოწმება ნებისმიერს შეეძლოს.
არავის მივცემ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის უფლებას. მაგალითად, 2009 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან 200 ათასამდე შემოვიდა, მაგრამ არავინ იცის, სად წავიდა ეს თანხა, ვინაიდან არანაირი საბუთი, ჩეკი არ დევს არსად. ნაკრებებს შევუძინეთ ეკიპირება და ეს ყველაფერი 11 თვეში გავაკეთეთ.
- მწვრთნელთა საკითხს დავუბრუნდეთ და თუ შეიძლება, დავაზუსტოთ, რომელ ქართველ ან გერმანელ სპეციალისტზეა ლაპარაკი?
- ქართველებიდან ვლადიმერ მესტვირიშვილზეა საუბარი, რომელსაც იქაურ ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. მას უკვე ვესაუბრეთ, ამ პროცესს კი ოქტომბერში გავაგრძელებთ, როცა საქართველოში ჩამოვა.
როგორ, რა ფორმით შეიძლება ის ჩაერთოს ნაკრების მომზადებაში, ეს მაშინ გაირკვევა.
მესტვირიშვილი თაობების აღმზრდელია, ინდოეთში კი სულაც საჭიდაო სკოლა შექმნა, რომელსაც დღეს ანგარიშს უწევენ.
ჩემს დროს ინდოელს რომ ვხვდებოდით, გვიხაროდა, გავხურდებითო; დღეს კი ისინი შიშის ზარს სცემენ ყველას.
საქართველოდან თუ ვინმე უსამართლოდ განიდევნა, ეს მესტვირიშვილია. ამის მიუხედავად, მაინც უამრავ სპორტსმენს გაუკვალა გზა უცხოეთში და დაეხმარა სოციალური პრობლემების მოგვარებაში, მათ შორის - მეც.
როცა ის მაკედონიაში მუშაობდა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იქ გადასვლა შემომთავაზა ადგილობრივ კლუბში, რამაც ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა დიდად გააუმჯობესა. ეს დიდი მადლი მას არ უნდა დავუკარგოთ.
- ინდოელები კონტრაქტის გაწყვეტაზე თუ დაითანხმეთ, სანაცვლოდ კომპენსაციას მოითხოვენ. ასე წინასწარ მიახლოებით მაინც თუ შეიძლება თქმა, რა ოდენობის თანხა შეიძლება იყოს და თუ ხართ მზად მის გადახდაზე?
- კომპენსაციის გადახდის საშუალება არ გვაქვს და ვერც თანხის ოდენობას გეტყვით. თუმცა მას აქვს თანამშრომლობის სურვილი და შეიძლება, იურიდიულად მონახოს რაღაც გზები. ვნახოთ, ოქტომბერში ყველა ვარიანტს განვიხილავთ. ის ძალიან დასაფასებელი ადამიანია, მისი აზრი კი - გასათვალისწინებელი.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე არ წაიყვანეს, ალბათ, თავისი მდგომარეობით მთლად კმაყოფილი არც უნდა იყოს...
- ფინანსურად სავსებით კმაყოფილია, ნორმალური ანაზღაურება აქვს. სხვანაირად არც შეიძლება, ის იმ დონის მწვრთნელია.
- გერმანელ მწვრთნელებს ვერ დაგვიკონკრეტებთ, ვისთანაც აწარმოებთ მოლაპარაკებას?
- ჯერ მათ ფუნქციაზე გეტყვით. ისინი ერთი მიმართულებით იმუშავებენ - საერთო ფიზიკურ მომზადებაზე.
მე მათთან 12-წლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს, იმათ კი ბევრ ქვეყანაში უმუშავიათ. მათ დეტალურად აქვთ გაწერილი სპორტსმენის მზადების ყოველი დღე - როგორ ივარჯიშონ ორშაბათს, მეორე დღეს და ასე შემდეგ, თუმცა მანამდე მეცნიერულად შეისწავლიან ყველა ათლეტს.
ესაა სწორი მიდგომა, რომელიც საქართველოს ნაკრების ყველა წევრისთვის კარგი პროფესიული გაკვეთილი იქნება, რაც დროთა განმავლობაში ადგილობრივ სამწვრთნელო კადრებსაც მოგვიმზადებს. ასეთი მეთოდი დასანერგია ჩვენთან, რადგან მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს.
ჩვენთან ორი სპეციალისტი ჩამოვა, უშუალო მოლაპარაკებას კი ტომას ცანდერთან ვაწარმოებთ, რომელსაც წლების განმავლობაში უმუშავია გერმანიისა თუ სხვა ნაკრებებში. ის თვითონვე ჩამოიყვანს თავის დამხმარეს.
შევთანხმდით, რომ სასურველი იქნება, თუ ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ჩამოვლენ. ახლა სპორტის სამინისტროსთან გვინდა მოლაპარაკება, რათა მათ ჩამოყვანაში ფინანსურად დაგვეხმარონ და საჭირო თანხები ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული.
მწვრთნელთა ეს დუეტი წლების განმავლობაში მუშაობდა ეროვნულ ნაკრებშიც და ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერ კლუბ "აალენშიც", სადაც თავის დროზე მეც ვჭიდაობდი, ემზარ ბედინეიშვილიც და სხვა ქართველებიც. რეაბილიტაცია, აღდგენა, მსაჯები, ექიმები - ერთი სიტყვით, სამედიცინო კუთხით იქ ყველაფერი სამაგალითო იყო.
მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული, რა კუთხით, რა დოზით ჩაერევიან ისინი ნაკრების ცხოვრებაში. ვთქვათ, რამდენი ხნით დარჩებიან ისინი საქართველოში, თუმცა ეს ფინანსებზეა დამოკიდებული. თვითონაც თანამშრომლობის რამდენიმე ვარიანტი აქვთ და შევთანხმდებით.
აქვე ერთ სასურველ სიახლესაც გაგიმხელთ, თუმცა ამაშიც სამინისტროზე ვართ დამოკიდებულნი, თუ დაგვაფინანსებს - გვინდა, მწვრთნელთა კორპუსს კიდევ ერთი კაცი დავამატოთ და ოთხამდე გავზარდოთ.
გვინდა, ცალკეულ წონებს კურატორები მივამაგროთ, რაც იდეალური მიდგომა იქნება და სიახლე ქართულ სპორტში. ასეთი მოდელი მუშაობს რუსეთის ნაკრებში. დიდი იმედი მაქვს, ამ სიახლეს სამინისტრო მხარს დაუჭერს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნუგზარ სხირელი: ლუკა კურტანიძემ შეხვედრაზე ნათქვამი სიტყვა გატეხა!
ლუკა კურტანიძე: მას არა ბატონ ნუგზარს, არამედ ნუგზარ მასწავლებელს ვეძახი