მოსკოვის ტურნირი: ოთარსულთანოვი ხინჩეგაშვილის კვალზე

AutoSharing Option
8-10 ნოემბერს მოსკოვი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს საჭიდაო ტურნირს სამივე სახეობაში - "ევროპის ერთა თასი - მოსკოვური ნათება", რომელიც ამჯერად რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ივან იარიგინის დაბადების 65-ე წლისთავს ეძღვნება. მასში თავიდან ქალები ჩაებმებიან, ვაჟები კი 9-10-ში იასპარეზებენ.

მოსკოვის ტურნირში ჩვენები ვაჟთა ორივე სახეობაში გამოვლენ. "თავისუფალთა" ნაკრების ხელმძღვანელობა ნაცად შემადგენლობას დაეყრდნო, მხოლოდ ტრავმის გამო თუ შეიტანენ იძულებით ცვლილებას.

გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), ლევან ქელეხსაშვილი (66), დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი (ორივე - 84), ელიზბარ ოდიკაძე, დავით
ქერაშვილი (96), გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე (120) - ამ ფალავანთაგან პირველმა ნომრებმა იჭიდავეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც, ახლა კი მათ ზოგან სათადარიგოებიც დაემატნენ.

ჯერჯერობით ვაკანტურია 74 კილოგრამი, სადაც იაკობ მაქარაშვილის წაყვანა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო დღეებში ვარჯიშზე დაშავდა.

ახლა მის ნაცვლად გიორგი მარსაგიშვილის გაგზავნა უნდათ, საბუთების გაფორმება თუ მოასწრეს. ეს საკითხი საბოლოოდ 6 ნოემბერს გადაწყდება.

გაცილებით უფრო ექსპერიმენტულია ჩვენი ბერძენ-რომაელების შემადგენლობა - იმათმა თავკაცმა ოთარ ტატიშვილმა ბევრს მისცა შანსი. მისი რჩეული გუნდი ასეთია: ნიკა ცეცხლაძე (55), თორნიკე თურქიშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, ილია გულბათაშვილი (ორივე - 74), გიორგი ცირეკიძე, რევაზ ნადარეიშვილი (84), სოსო ჯაბიძე, ვასილ იმერლიშვილი (96), გურამ ფერსელიძე, ლევან არაბული (120).

"თავისუფლებს" შედარებით სტაბილური ნაკრები ჰყავთ და მათი შემადგენლობაც ანალოგიურია, ბერძენ-რომაელებს კი დასაფიქრებელი და საძიებელი მართლაც ბევრი აქვთ. ორივე ნაკრებისთვის ეს სასტარტო შეჯიბრებაა დეკემბერში გასამართი საქართველოს ჩემპიონატის წინ.

მოსკოვში შედგება თავისუფალ ჭიდაობაში ჩეჩენი ოლიმპიური ჩემპიონის - ჯამალ ოთარსულთანოვის დებიუტი ახალ წონაში, რომელიც 60 კილოგრამში ფეხდაფეხ გადაჰყვა ხინჩეგაშვილს. ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მას არსად უჭიდავია და ახლა ცდის ბედს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ 60 კილოგრამში დებიუტი უკვე მოიწყო ხინჩეგაშვილის კიდევ ერთმა სერიოზულმა კონკურენტმა, რუსთა იაკუტმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ვიქტორ ლებედევმა, რომელმაც ყაზახეთში გაიმარჯვა, ოღონდ ამჯერად ისვენებს.

თუმცა სწორედ ყაზახეთში გამოსვლის შემდეგ მან მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა - ახალ წონაში ძალების მოსინჯვა საცდელი ნაბიჯი იყო, ამის შემდეგ კი ისევ მშობლიურ 55-ს ვუბრუნდებიო!

ეტყობა, ის რუსეთის ნაკრებში 60-ში შექმნილმა კონკურენციამ შეაშინა - ოთარსულთანოვის გარდა, იქ ისედაც ჭიდაობს ევროპის სამგზის ტუვინი ჩემპიონი ოპან სატი და უნიჭიერესი ოსი, მსოფლიოს ოთხგზის მომგები და ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ბესიკ კუდუხოვი (ისე, კულუარებში ამაზეც ამბობენ, დაანება თავი სპორტსო).

ამ შეჯიბრებაზე რუს "თავისუფალთა" შემადგენლობა ასეთია: ბაზარ ჟალსაპოვი, აზამატ ტუსკაევი (ორივე - 55), ოთარსულთანოვი, ტიმურ პასტერევი (60), ილიას ბეკბულატოვი, სოსლან რამონოვი (66), ანუარ გედუევი, აცამაზ სანაკოევი (74), სოსლან კცოევი, ვლადისლავ ვალუევი (84), შამილ ახმედოვი, ბატრაზ გაზაევი (96), მუჰამადგაზი მაგომედოვი (120).

"თავისუფალთა" ტურნირში, ჩვენ გარდა, რუსეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი გამოვლენ. ეს ექვსეული გამოვა ბერძენ-რომაელთა შეჯიბრებაშიც. ამ სტილით ჭიდაობაში გაცხადდა აზერბაიჯანელთა გუნდიც, თუმცა მათ შალვა გადაბაძე (96) ამჯერად არ მიჰყავთ.

მათი შემადგენლობა ასეთია: ელდანიზ აზიზლი (55), ტალეხ მამედოვი (60), აზად ალიევი (66), რუსტამ ალიევი (74), რაფიკ ჰუსეინოვი (84), არაზ ჰასანოვი (96) და ზაურ მეხრალიევი (120).

ამ ტურნირის მონაწილეებს ორგანიზატორები მსოფლიოს პირველობის შედეგებით არჩევენ - ექვს საუკეთესო ევროპულ გუნდს იწვევენ (ყურადღება მიაქციეთ - ლაპარაკია ევროპულ გუნდებზე და არა თავად მსოფლიოს პირველობის საუკეთესო ექვსეულზე).

იგი გუნდური პრინციპით ტარდება და 9-ში ვაჟთა ორივე დისციპლინაში წინასწარი შეხვედრები ჩატარდება, 10-ში კი ფინალებია. ჩვენები მოსკოვში 7 ნოემბერს გაფრინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თოღრულ ასკეროვმა დაანება? თუ რაღატო აღარ ჭიდაობს?
picxela
21:02 06-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული