"ევროპის ერთა თასი - მოსკოვური ნათება": ქართველ "თავისუფლებს" მეტოქეები გაურკვიეს

AutoSharing Option
8 ნოემბერს მოსკოვში დაიწყო "ევროპის ერთა თასი - მოსკოვური ნათება", სადაც ჩვენები ვაჟთა ორივე დისციპლინაში გამოვლენ. ესაა გუნდური შეჯიბრება, მისი მონაწილენი კი მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეირჩევიან - 6-6 საუკეთესო ევროპული გუნდი გამოვა.

სასიამოვნოა, რომ ჩვენს "თავისუფლებს" მასპინძლებთან ერთად მთავარ ფავორიტებად მიიჩნევენ. მაგალითად, რიგით ფორუმებს თავი დავანებოთ (იქ მაინც უბრალო ქომაგები აქტიურობენ, თუმცა ისინიც გვაქებენ) და დაღესტნურმა სპორტულმა საიტმა ჩვენებს საგანგებო წერილი მიუძღვნა.

მათ არც იმის აღნიშვნა დავიწყებიათ, რომ დელეგაციას ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ხელმძღვანელობს, ასეთი დონის ფალავანის ჩასვლა კი
ტურნირის პატივად მიიჩნიეს.

ორგანიზატორებმა ჩვენები და რუსები წილისყრისას განთესეს. ჩვენს ჯგუფში ბულგარეთი და თურქეთი მოხვდნენ, რუსებთან - უკრაინა და სომხეთი. ამდენად, ლონდონის ოლიმპიადის ფინალი აქაც მხოლოდ გადამწყვეტ შეხვედრაში თუ განმეორდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ჩეჩენ ოლიმპიურ ჩემპიონ ჯამალ ოთარსულთანოვს შორის, რომელსაც დებიუტი ექნება ახალ წონაში.

ხინჩეგაშვილის გარდა, ჩვენს გუნდში გიორგი ედიშერაშვილი (55), ლევან ქელეხსაშვილი (66), გიორგი მარსაგიშვილი (74), დავით მარსაგიშვილი, ალექსანდრე ამინაშვილი (ორივე - 84), ელიზბარ ოდიკაძე, დავით ქერაშვილი (96), გენო პეტრიაშვილი და გიორგი საკანდელიძე (120) გამოვლენ.

თურქეთის ნაკრებში სოლომონ ატლი (55), რეჯებ ტოპალი (60), სალახეტინ კილიჩსალაიანი (66), სონერ დემირტაში (74), ფათიხ ერდინი (84), იბრაჰიმ ბოლუკბასი (96) და ტაჰა აკგული (120) გამოვლენ. ამდენად, პეტრიაშვილისა და აკგულის ძალზე საინტერესო პაექრობა, შეიძლება, 8 ნოემბერსვე ვიხილოთ, ჯგუფურ ეტაპზე.

შეგახსენებთ, რომ თურქმა ჩვენებურს წლეულს თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე მოუგო.

არც ისე ძლიერი და არასრულია ბულგარელთა შემადგენლობა, რომლებსაც 55-ში საერთოდ არ ჰყავთ მონაწილე: ლეონ სუხოვი (60), ალექსანდრ გრიბკოვი (66), კირილ ტერზიევი (74), ვალენტინ სოფიადი (84), ლიუბენ ილიევი (96) და რაიჩო ბინბელოვი (120).

სამწუხაროდ, ბერძენ-რომაელთა წილისყრაზე ვერაფერს გეტყვით, ამიტომ მხოლოდ ჩვენს შემადგენლობას შეგახსენებთ: ნიკა ცეცხლაძე (55), თორნიკე თურქიშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, ილია გულბათაშვილი (ორივე - 74), გიორგი ცირეკიძე, რევაზ ნადარეიშვილი (84), სოსო ჯაბიძე, ვასილ იმერლიშვილი (96), გურამ ფერსელიძე, ლევან არაბული (120).

ტურნირი მოსკოვში 7 ნოემბერს დაიწყო და ქალებმა იასპარეზეს - მოლოდინისამებრ, რუსებმა გაიმარჯვეს. შაბათს შეჯიბრებაში ვაჟები ჩაებმებიან და ორივე სტილის წარმომადგენლები წინასწარ შეხვედრებს ჩაატარებენ, ფინალები კი კვირას გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული