განსაკუთრებით ცუდად ბერძენ-რომაელებმა იასპარეზეს - მედალს ვერც კი მიუახლოვდნენ, თორემ "თავისუფალთაგან" პეტრიაშვილის გარდა, კიდევ სამმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის, თუმცა წააგეს და მეხუთეზე დარჩნენ - ლევან ქელეხსაშვილი (66), იაკობ მაქარაშვილი (74) და დავით ქერაშვილი (96).
თუმცა ახლა ამით მხოლოდ თავს ვიმშვიდებთ, თორემ
ჩავარდნა მით უფრო საწყენია ოლიმპიადიდან სულ რაღაც ერთი წლის თავზე, როცა შარშან ლონდონში საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ. მართალია, მას შემდეგ გუნდები მნიშვნელოვნად გადახალისდნენ და ორივე ნაკრები მსოფლიოზე ძირითადად დებიუტანტებით "შეიარაღებული" წავიდა, მაგრამ, განა მათ უბრძოლველად და დაუმსახურებლად მოიპოვეს ადგილი ნაკრებში?
მაშ, რა მოხდა ამ ერთ წელიწადში, რატომ დავიხიეთ ასე მკვეთრად უკან? თან რატომ გამოავლინა ორივე გუნდმა ერთი და იგივე თვალშისაცემი ნაკლი - ცუდი ფიზიკური მომზადება? ცხადია, ამის მიზეზი მოსამზადებელ პროცესშია საძიებელი, თუმცა, სად - მწვრთნელებში თუ თავად მოსამზადებელ გეგმაში?
ვფიქრობთ, გუნდებზე დადებითად არ აისახებოდა მწვრთნელთა ასეთი მყისიერი ცვლა, განსაკუთრებით - "თავისუფალთა" ნაკრებში, თორემ ბერძენ-რომაელებში უფრო ეტაპობრივად მოხდა. მაგრამ "თავისუფლებს" თუ შედარებით გამოუცდელი მწვრთნელები ჰყავდათ, იმავეს ვერ ვიტყვით "ბერძენ-რომაელებზე". მაშ, რატომ მოუვიდა ორივე შტაბს დაახლოებით ერთნაირი შეცდომა ფიზმომზადებაში? ხომ არაა ამის მიზეზი ის, რომ წლეულს გუნდები მოსამზადებლად უცხოეთში აღარ გაუშვეს - კულუარებში ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ამბობდნენ, რომ სამინისტრომ საქართველოში მომზადების მითითება მისცა, საუცხოეთოდ ვეღარ დაგაფინანსებთო.
ბოლო წლებში ჩვენი მოჭიდავეები სისტემატურად დადიოდნენ საერთო ფიზმომზადების შეკრებაზე და ერთობლივ ვარჯიშებზე სომხეთსა და ბელარუსში. ჯერ ისიც საკითხავია, ფიზმომზადებისთვის ბაკურიანის პატრონი ქვეყნიდან რატომ უნდა წასულიყვნენ სადმე, თუმცა, ვეჭვობთ, ამით სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას გაურბოდნენ, რომელიც აქტიურად ერეოდა მწვრთნელთა საქმეებში.
ისიც ფაქტია, რომ ერთობლივი ვარჯიშები დიდ როლს ასრულებდა მოჭიდავეთა მზადებაში, რადგან ეს ჰაერივით სჭირდება ყველა გუნდს - მოჭიდავეები აქ ეჩვევიან სხვადასხვა სტილის, ტექნიკის, ტაქტიკისა და შესაძლებლობების მეტოქეებს, უხვად ჰყავთ სპარინგ-პარტნიორები, რაც ჩვენთან პრობლემაა. განსაკუთრებით - მძიმე წონებში.
თუმცა ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიზიკური ხარვეზები იმდენად სიმპტომური იყო, შეუძლებელია, ეს მხოლოდ უცხოეთში მოუმზადებლობას დავაბრალოთ - ადრეულ წლებში ამის გარეშეც გადიოდნენ ფონს...
თუმცა, რაც უნდა იყოს წარუმატებლობის მიზეზი, ცოტა გასაკვირი კია კომენტარები, რაც ბერძნულ-რომაულ ნაკრებზე გააკეთეს გუნდისა თუ ფედერაციის ხელმძღვანელებმა - წაგების მიუხედავად, დავინახეთ, რომ მათ საოლიმპიადოდ დიდი პოტენციალი აქვთო!
საინტერესოა, რა დაინახეს ასეთი პირველივე წაგებულ შეხვედრებში? მეტიც - რომ არ ვიცოდეთ, რა შეუძლიათ რევაზ ლაშხს (60) და საჩინო დავითაიას (66), რომ არ გვენახოს ლევან არაბულის (120) ჭიდაობა, ბუდაპეშტური სურათით მათზე ძალზე ცუდი წარმოდგენა შეგვექმნებოდა...
ვფიქრობთ, არასწორი იყო მსოფლიოსთვის ნაკრებთა დაკომპლექტების წესიც - ფედერაციამ ბრძანა, რომ ბუდაპეშტში მხოლოდ საქართველოს თასის გამარჯვებულები წავიდოდნენ, ამ ვერდიქტს კი მწვრთნელები ვერ გადაახტნენ. მივესალმებით იმას, რომ ლიდერებმა შიდა ტურნირებშიც უნდა იჭიდაონ; იმასაც, რომ ევროპა-მსოფლიოსთვის შესარჩევი შეჯიბრებები უნდა გამოიყოს და მათ გამარჯვებულებს პრიორიტეტი მიენიჭოთ, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე წამსვლელის ერთი სტარტით გამოვლენა მაინც არ მიგვაჩნია სწორად.
კიდევ ვიმეორებთ - თასის გამარჯვებულებს პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდათ, მაგრამ მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ციკლში სხვა კანდიდატებიც უნდა გამოეცადათ. მოსამზადებელი პერიოდი, საწვრთნელი ტურნირები ხომ იმისთვის არსებობს, რომ შევამოწმოთ ყველა კონკურენტი და ტურნირზე ის წავიყვანოთ, ვინც მოცემულ მომენტში უკეთეს ფორმაშია, ჩვენ კი დინების აღმა წავედით - ჯერ კანდიდატები შევარჩიეთ და მერე ვეცადეთ, ისინი მოგვემზადებინა მსოფლიოსთვის, დინების აღმა ცურვა კი არასოდეს დასრულებულა წარმატებით.
არ უნდა გამოგვერიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ვიღაცას თასის შემდეგ იქნება მკვეთრად მოემატებინა და მსოფლიოს წინ ეჯობნა კონკურენტისთვის. ამის შესაძლებლობას ყველა მწვრთნელი უშვებს და ჩვენ რატომ მოვინდომეთ ორიგინალურობა?
როცა გუნდების მოუმზადებლობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, ევროპის ჩემპიონატზე ხომ იჭიდავეს კარგადო. საქმეც მაგაშია, რომ იქ მართლაც ბევრად უკეთ იყვნენ მომზადებულნი, მაგრამ მსოფლიომდე აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნეს. მარტივი ამბავია, რომ ევროპის პირველობა მსოფლიოსთვის მზადების ეტაპია ანუ იქამდე კიდევ უფრო უნდა მოუმატო.
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რაც, სხვათა შორის, ძიუდოისტებთანაც შეინიშნებოდა - არა ამ დონით, მაგრამ გარკვეული უკუსვლა იქაც იყო. ეტყობა, მზადების 4-5-თვიან ეტაპს უკეთ გავართვით თავი, მაგრამ მთელ წელიწადზე ამ გეგმის სათანადოდ გაწერა გაგვიჭირდა... ალბათ, ესეც გამოუცდელობის ბრალია...
ბუდაპეშტში, მსოფლიოს პირველობაზე ნათელი წერტილები თუ რამე გამოჩნდა, ისიც მხოლოდ "თავისუფალთა" ნაკრებში და ისიც - შედარებით მკრთალი. ეს დადებითი ძირითადად ახალგაზრდებს უკავშირდებათ - მედლამდე მისული ზემოჩამოთვლილი კვარტეტი დებიუტანტია, ხოლო ქელეხსაშვილი და პეტრიაშვილი ჯერაც 19-20 წლისები არიან.
საინტერესო ფაქტია - როცა გუნდის გამოცდილი ლიდერები, ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55, თუმცა მსოფლიოს ესეც პირველად ჭიდაობდა), ოლიმპიადისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (84) შეთქმულებივით მესამე წრეს ვერ გასცდნენ, ამ პატარა და დებიუტანტმა ბიჭებმა როგორ შეძლეს მათზე მეტი?
აქაც ის ტიპური შემთხვევა ხომ არაა, რაც ათენის ოლიმპიადაზე ვიხილეთ, როცა ორივე გუნდი ფეხზე ვერ იდგა "გადაწვისგან" და მხოლოდ ერთმა გაუძლო, სხვებზე ახალგაზრდა რამაზ ნოზაძემ? თუმცა ეს ისეთი უცნაურობაა, ახსნა ძალზე ძნელია. ცხადია, ძალზე კარგია, როცა დებიუტანტები მსოფლიოს პირველობაზე თუნდაც მეხუთე ადგილამდე აღწევენ, მაგრამ შეცდომებიც თუ არ დავინახეთ, მათაც ლიდერთა ბედი ელით...
ბუნებრივია, ვაფასებთ ქელეხსაშვილის მიღწევასაც, მაგრამ ახალგაზრდებიდან განსაკუთრებულ ქებას პეტრიაშვილი იმსახურებს. ის ჯერ 19 წლისაა, თუმცა უკვე დიდებშიც მოასწრო თავის გამოჩენა - წლეულს ევროპის პირველობაზეც მოიპოვა ბრინჯაო და - მსოფლიოზეც. თამამად შეიძლება ითქვას, მას ახალგაზრდებში ბადალი არ ჰყავს - იგებს ყველგან და ყოველთვის, უგებს ყველას.
ნიშანდობლივი იყო, ანკარაში, ახალგაზრდულ ტურნირ "ჩემპიონში" გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთ რუსულ საჭიდაო ფორუმზე რაც დაწერეს - რა უნდოდა მას თურქეთში, ალი ალიევის ტურნირზე ეჭიდავა, იქ გამოსვლა რას მისცემდაო.
ახალგაზრდებში მან მართლაც უკვე თქვა თავისი სათქმელი, ახლა კი უფროსების ჯერია. მართალია, იქაც უკვე ლიდერად ჩამოყალიბდა, მაგრამ წონის ფავორიტებთან შეხვედრებში ჯერ მაინც იგრძნობა სხვაობა, რაც დრომ და გამოცდილებამ უნდა ამოავსოს. უფროსებთან ტოლ-ფერად საჭიდაოდ მას ჯერ ფიზიკური ჯანიც აკლია, გამოცდილებაც და ეშმაკობაც, თუმცა თვითნაბადი ტალანტი რომაა, ესეც კოჭებში ეტყობა.
ამ სეზონმა სავსებით დაადასტურა მისი პირადი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის 2-3 წლის წინანდელი სიტყვები, ეს ჩემი ბოლო მიღწევა იქნება, ოლიმპიურ ჩემპიონს გავხდი და წავალ სპორტიდანო.
წლევანდელმა სეზონმა ამ სიტყვების მართებულობაში დაგვარწმუნა.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"