"თავისუფალთა" ნაკრები: გერმანელების საქმე გაირკვა, ქართველისა - ვერა

AutoSharing Option
თანდათან ფინალისკენ მიდის ვლადიმერ მესტვირიშვილის საკითხი, თუმცა ჯერ ისევ გაურკვეველია, იმუშავებს თუ არა ამჟამად ინდოეთში დასაქმებული ეს სახელოვანი მწვრთნელი ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების კონსულტანტად.

ამ საქმეში სიახლე ისაა, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად დაეთანხმა ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივას და ბიუჯეტში მწვრთნელის ხელფასისთვის საჭირო ფული გამოუყო.

ამ თემაზე შეხვედრა ორი დღის წინათაც გაიმართა მინისტრ ლევან ყიფიანსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის და საბოლოო შეთანხმებასაც მაშინ მიაღწიეს.

სახელფასო პარამეტრები და სამუშაო პირობები ფედერაციამ უკვე გადაუგზავნა ინდოეთში მესტვირიშვილის
ოჯახს, მაგრამ თავად მწვრთნელი ამჟამად ამერიკაშია ნაკრებთან ერთად.

ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული - დათანხმდება თუ არა შეთავაზებულ პირობებს. ის ინდოეთში 4 თებერვალს დაბრუნდება და, სავარაუდოდ, მაშინ აცნობებს ფედერაციას თავის გადაწყვეტილებას.

ამასობაში საბოლოოდ გაირკვა ფიზმომზადების გერმანელ ექიმთა საკითხი - ხელფასიდან დაწყებული, მათთან ყველაფერი შეთანხმებულია. ახლა ჯერი ქართველ მწვრთნელებზეა, რომელ შეკრებაზე ისურვებენ მათ დახმარებას.

ფედერაციაც ამის შემდეგ მოიწვევს, თუმცა ლაპარაკია მხოლოდ საქართველოში გასამართავ შეკრებებზე, უცხოეთში კი ისინი არ ივლიან. მუდმივად არც საქართველოში იცხოვრებენ და მხოლოდ ასე, მოწვევის საფუძველზე ჩამოვლენ, რადგან სამუშაოდ მათი აქ გადმოსვლა ჩვენთვის ძვირი სიამოვნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული