ისევ ეშლი გონსალესის დოპინგზე - ნუთუ აქაც აზერბაიჯანელები?

AutoSharing Option
კვლავ ვუბრუნდებით ვალერი ლიპარტელიანის (90) მეტოქის, კუბელი მსოფლიოს ჩემპიონის, ეშლი გონსალესის დოპინგის თემას, ოღონდ კვლავაც უცნაურ ვითარებაში - ფაქტის შესახებ ოფიციალურად ჩამიჩუმი ისევ არ ისმის და კულუარულ ინფორმაციებზე გვიწევს თვალის მიდევნება. არადა, გაჩუმებაც როგორ გინდა, როცა კულუარებში თანდათან ახალი დეტალები იკვეთება ამ ისედაც ცხელ ამბავზე...

ახლახან თავად ლიპარტელიანმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გონსალესი აღიარებს დოპინგის მიღებას, ოღონდ ამაში აზერბაიჯანის ნაკრების ექიმს ადანაშაულებს, იმან შემომაპარა წამალიო...

გვესმის, ჭორად მოარულ ხმებზე წერა ძნელია, მაგრამ როგორც ირკვევა, ლიპარტელიანის ეს სიტყვები ოლიმპიური გუნდის
მთავარი ექიმის - ზურაბ კახაბრიშვილის ინფორმაციას ეყრდნობა, რომელმაც არ დაგვიმალა მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

თავად ის ფაქტი, რომ კუბელები აზერბაიჯანელებს ადანაშაულებენ, კახაბრიშვილისთვის საქართველოში სტუმრად მყოფ აზერბაიჯანელ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების ექიმს დაუდასტურებია...

მათ ამ თემაზე ჯერ კიდევ მოსკოვში, საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მორიგ სხდომაზე უსაუბრიათ, მაგრამ მაშინ მხოლოდ ზერელედ მელაპარაკაო, გვითხრა კახაბრიშვილმა.

აი, საქართველოში სტუმრობისას ბევრად უფრო ღრმად წასულან და მეზობელს კარტები უფრო მეტად გაუშლია... კუბელებმა ბაქოში ერთობლივი შეკრება გაიარეს და ახლა სწორედ იმას იმიზეზებენ, მაშინ შეგვირია საკვებში რაღაცაო.

სიმართლე გითხრათ, ეს უფრო კუბელების მიერ თავის გადასარჩენად მოგონილი ვერსია გვგონია, მაგრამ ეტყობა, გონსალესის დოპინგთან დაკავშირებული პრობლემა რეალურია.

ეს უკვე საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან აქამდე ამის გარკვევაც შეუძლებელი იყო. თუ ეს ამბავი დადასტურდა, მისწრება იქნება ჩვენთვის, რადგან დოპინგის დამტკიცების შემთხვევაში, დიდი შანსია, დისკვალიფიკაციასთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალიც ჩამოართვან, რომელიც ლიპარტელიანს გადმოეცემა და ჩემპიონადაც ჩვენებური გამოცხადდება.

ამ სცენარს ხელს მხოლოდ აზერბაიჯანელთა ფაქტორი თუ შეუშლის - საქმეში ისინი რომ არ ფიგურირებდნენ, გონსალესს ვერაფერი იხსნის; ახლა კი შეიძლება, უნებლიე დანაშაულად ჩაუთვალონ და იქნებ ოქრო არ ჩამოართვან, მაგრამ დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩება - რაც უნდა იყოს, დოპინგიანმა იჭიდავა, ანუ მეტოქეები მასთან არათანაბარ პირობებში იყვნენ. თუმცა არა გვგონია, ვადა-ში ან საერთაშორისო ფედერაციის ანტიდოპინგურ სამსახურში იმდენად მიამიტები იყვნენ, ზემოხსენებული ზღაპრები დაიჯერონ...

მთელ ამ ფაქტში გაკვირვებას იწვევს ერთი ფაქტი - კუბელს სინჯი შარშან აუღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1-ელ სექტემბერს და აქამდე პირველი ტესტის შედეგი ყველა ვარიანტში ცნობილი უნდა იყოს, მაგრამ ამაზე არც ვადა-შია რამე დაწერილი და არც - საერთაშორისო ფედერაციის საიტის შესაბამის განყოფილებაში.

პირველი ტესტის შედეგის გახმაურება განაჩენის გამოტანამდეც შეიძლება და თუ მართლა დადებითი პასუხია, რატომ არ ახმაურებენ? როგორც კახაბრიშვილმა გვითხრა, გაპროტესტებით ამ პროცესის გადავადებისა და გაჭიანურების მექანიზმი არსებობს და ამჟამად ნუთუ მართლა აზერბაიჯანელთა შესაძლო მონაწილეობას იკვლევენ? როგორც გვითხრეს, კამერების ჩანაწერების განხილვაც მიმდინარეობს.

ერთი სიტყვით, ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია. შესაძლოა, ბევრი რამე ამ უქმეებზევე გაირკვეს პარიზში, "დიდ მუზარადზე", სადაც ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც იქნება და - კახაბრიშვილიც. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვიდრე ვადა ოფიციალურად არ განაცხადებს რომელიმე სპორტსმენის დადებითი დოპინგ-სინჯის შესახებ, მანამ არც ვადას და არც ამ სფეროს სხვა ნებისმიერ ოფიცერსა თუ უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელს უფლება არ აქვს, გაახმაუროს ინფორმაცია კონკრეტული ათლეტის ბრალეულობაზე.

ისიც საინტერესოა, იჭიდავებს თუ არა პარიზში თავად გონსალესი, რომელიც მსოფლიოს პირველობის შემდეგ საეჭვოდ გაქრა ტატამიდან - არსად გამოჩენილა. ის წინასწარ განაცხადებში კია შეყვანილი, მაგრამ ასე შარშანაც იყო დაფიქსირებული ძიგორო კანოს ტურნირზე, თუმცა საერთოდ არ ჩასულა ტოკიოში.

მთელ ამ ამბავში საინტერესოა თავად აზერბაიჯანელი ექიმის ფაქტორი - სწორედ მას აბრალებს აკრძალული პრეპარატების ასე ჩუმად შეპარებას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული ირანელი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამირ აზიზ ალიაკბარი.

დასასრულ, კიდევ ორი საინტერესო ამბავი აზერბაიჯანიდან - გონსალესის დარად, მსოფლიოს პირველობის შემდეგ თურმე ის აზერბაიჯანელი ექიმიც გაუჩინარდა გუნდიდან, ხოლო მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიდის სამუშაოდო.

ეს ამბავი ჯერ არაოფიციალურად ვრცელდება, ძიუდოში ახალფეხადგმული საემიროები კი ის ქვეყანაა, რომელმაც მოლდოვის მთელი ეროვნული ნაკრები იყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული