ქართველი მოჭიდავეები სეზონს "ტახტის თასით" გახსნიან

AutoSharing Option
12-13 თებერვალს ირანის ქალაქ კერმანშაჰში დიდი საჭიდაო ტურნირი - "ტახტის თასი" გაიმართება, რომელშიც ჩვენგან ვაჟთა ორივე ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იქ თავიდანვე გეგმავდნენ გამოსვლას, "ბერძენ-რომაელები" კი ორჭოფობდნენ.

ეს შეჯიბრება თავდაპირველად მათაც ჩასვეს კალენდარში, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მასპინძლებმა ეს მეტად პრესტიჟული ტურნირი თეირანიდან მთელი 600 კილომეტრით დაშორებულ კერმანშაჰში გადაიტანეს და ბეგი დარჩიას სწორედ ეს დაშორება აფიქრებდა - ჯერ თეირანში უნდა ჩაფრენილიყვნენ, იქიდან კი ავტობუსით უნდა ემგზავრათ შეჯიბრების ადგილამდე... თუმცა მათი გეგმები საერთაშორისო კალენდრით რამდენადმე ისედაც შეიცვალა - გარკვეული
ტურნირები გადააადგილეს, ზოგს კი სტატუსი შეუცვალეს, რამაც გავლენა ჩვენებურთა გეგმებზეც მოახდინა და "ტახტის თასზე" გუნდის გამოყვანა დარჩიამაც გადაწყვიტა.

თუმცა ჩვენები ირანში მაინც სხვადასხვა გზით გაემგზავრნენ და არა ერთი რეისით - "თავისუფლები" დუბაის გავლით გაფრინდნენ, "ბერძენ-რომაელები" კი წუხელ სტამბოლში წავიდნენ, საიდანაც ესტუმრებიან ირანს.

ორივე გუნდი გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს, რადგან მწვრთნელებს ახალი სეზონისთვის ახალი კანდიდატების გამოცდა სურთ. თუმცა, ამ მხრივ, ნოვაციას უფრო "თავისუფლებმა" მიმართეს, რომელთა ნაკრებშიც 21 ფალავანია, თუმცა აკლიათ ოთხი ლიდერი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), დავით ქერაშვილი (97), დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე (ორივე - 125). ამათ გარდა, კერმანში ნაკრებში მოხვედრის ყველა კანდიდატი იჭიდავებს.

ამ ტურნირს ცოტა განსხვავებულად მიუდგა დარჩია, რომელიც ძირითადად სათადარიგოების გამოსაცდელად იყენებს და ლიდერებიდან არავის გზავნის, მხოლოდ მესამე-მეოთხე ნომრები იასპარეზებენ.

ამასთან, იჭიდავებს ახალშექმნილი 23-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრიც: გიორგი დავითაია (66), ლაშა გობაძე (80), რობერტ კობლიაშვილი (85) და კუკური კირცხალია (98). ამ ნაკრებიდან შოთა გოგისვანიძის (130) გაშვებაც სურდათ, მაგრამ ტრავმირებულია და ამიტომ შინ დატოვეს. უფროსებიდან კერმანში მარადი აბულაძე (66), მერაბ ქაჯაია (71), გოგა აფრიამაშვილი (75), ზურაბ ცინცაძე (80), ვალერი მურვანიძე (85), ირაკლი ქაჯაია (98) და სანდრო დიხამინჯია (130) იჭიდავებენ.

23-წლამდელთა ნაკრების წევრები შედიან "თავისუფალთა" ნაკრებშიც. ეს ტურნირი უფრო საშური სწორედ ამ ასაკის ფალავნებისთვისაა და არა ეროვნული გუნდის კანდიდატებისთვის, რადგან უფროსებში წლეულს ევროპის პირველობა არ ტარდება, ივნისში ბაქოში გასამართავ ევროპულ თამაშებამდე პირველხარისხოვანი შეჯიბრება არ ელოდებათ, 23-წლიანებს კი 24-29 მარტს პოლონეთში პირველად უტარდებათ ევროპის ჩემპიონატი. ირანული ტურნირიც იმ შეჯიბრებისთვის ერთ-ერთი სასტარტო ეტაპი იქნება.

ბერძენ-რომაელთა ახალი გეგმები
თუმცა "ბერძენ-რომაელთა" გეგმები შიდა ასპარეზზეც შეიცვალა, ოღონდ ისევ და ისევ საერთაშორისო გავლენით. მათ გადასწიეს საქართველოს ჩემპიონატი - 18-19 აპრილს დაადგინეს, ეს კი წესებში შესატანმა ცვლილებამ გამოიწვია.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ იგეგმება წესებში ცვლილება და აპირებენ ჩოქბჯენის ამოღებას. იანვარში საერთაშორისო შეჯიბრებათა უმეტესობა საცდელად სწორედ ამ ახალი წესით ჩატარდა და ჯერჯერობით უმრავლესობის მოწონებას იმსახურებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.

მსოფლიოს ფედერაცია სწორედ 23-წლიანთა ევროპის პირველობას ელოდება - ამის შემდეგ გამოუტანენ საბოლოო განაჩენს ჩოქბჯენს. ჩვენებიც ამას ელოდებიან - რეფორმების დამტკიცების შემთხვევაში ჩემპიონატსაც ბარემ ახალი წესებით ჩაატარებენ, რაც ადაპტაციისთვის აუცილებელია.

ამან საერთაშორისო ტურნირების დაგეგმვაც გააიოლა და ადრე თუ 7-8 მარტს უნგრულ სომბათჰეიში ჩასატარებელ "დიდ პრიზზე" გამოსვლაზეც ყოყმანობდნენ, ახლა საბოლოოდ გადაწყვიტეს იქ ჭიდაობა. საქართველოს პირველობამდე ისინი აპრილის პირველივე კვირაში სტამბოლშიც გამოვლენ ვები ემრეს მემორიალში, მერე ქვეყნის ჩემპიონატში იჭიდავებენ, ევროპულ თამაშებამდე კი ბოლო სტარტი სერბეთში ექნებათ, როცა 8-10 მაისს ბელგრადი ლუბომირ გეჯას მემორიალს უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული