ქართველმა "თავისუფლებმა" სოფიაში 23-წლამდელთა ტურნირზე 7 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
სოფიაში ჩატარდა პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის სახელობის მემორიალი 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის. ის გაიმართა როგორც ბიჭების ორივე საჭიდაო სტილში, ასევე - გოგოებშიც, თუმცა ჩვენგან მხოლოდ თავისუფალ სტილში მოჭიდავე ბიჭები გამოდიოდნენ.

მოგეხსენებათ, ეს ასაკობრივი კატეგორია ახალი შემოღებულია და, შესაბამისად, შეჯიბრებებიც პირველად ტარდება, თუმცა თავად ამ ტურნირს დიდი ისტორია აქვს, ოღონდ აქამდე 20-წლამდელთა შორის ტარდებოდა. ჩვენი ნაკრები სოფიაში დიდი წარმატებით გამოვიდა - 7 მედალი მოიპოვა.

აქედან 4 ოქროა, 3 - ბრინჯაო. ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (50), ნიკოლოზ კენჭაძე (70), ტარზან მაისურაძე (74)
და ირაკლი მწითური (86) გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილზე გიორგი ჩხარტიშვილი (86), ლაშა ჯელაძე და როლანდ ანდრიაძე (ორივე - 125) გავიდნენ.

ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იმის მიუხედავად, რომ ბიჭები ჯერ ფორმაში არ უნდა იყვნენ. განსაკუთრებით სასიამოვნოა მაისურაძის გამოსვლა. ბუნებრივია, მედალი და მით უფრო - ოქრო, ყველასი გასახარია, მაგრამ ამ ბიჭზე ყურადღებას იმიტომ ვაჩერებთ, რომ ის ახალ თაობაში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერია და სასიამოვნოა, პროგრესი შეუქცევადად რომ გრძელდება.

მაისურაძე ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონია და ახლაც ძალიან კარგად იჭიდავა. ფინალში ბულგარელ ისმაილ ენგინს საკმაოდ იოლად მოუგო და ლამის ყველა ტიპის გდება გაუკეთა - დგომიდანაც აუღო, ჩოქბჯენშიც იოლად ჩაჰყავდა, რამდენჯერმე იქაც თავისუფლად დაატრიალა და 10:1 გახადა ანგარიში.

თუმცა ამის შემდეგ შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა და 7 ქულა დაკარგა... ანგარიშის შენარჩუნება კარგია და საჭირო, ეს ტაქტიკური ბრძოლის ერთ-ერთი სახეობაა, რაც ქულების დათმობასაც გულისხმობს, ოღონდ იგი უპირატესობის ასე ჰაიჰარად განიავებას სულაც არ ნიშნავს. პირიქით - დროის გაყვანის მომენტში რაც შეიძლება ნაკლები ქულა უნდა დაკარგო, თორემ ასე კრიტიკულ მომენტამდე საქმის მიყვანა გონივრული საქციელი არ გვგონია.

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს და ერთხელაც იქნება, ზედ წყაროსთან გატყდება. დაგვეთანხმებით, არანაირი გარანტია არაა, 10:8-ზე არ შეცდე და მეტოქეს მომგებიანი ქულა არ დაუთმო.

ვერ ვიტყვი, რომ ბულგარელმა მას თავისი სტილი მოახვია თავს ან მაისურაძის ჭიდაობაში რეზერვი არ იგრძნობოდა, მაგრამ სპორტი ხომ მოულოდნელობებითაა სავსე და დაზღვეული არაფრისგან არ ხარ. ან, როცა შეგიძლია, მეტოქეს მალევე მოუთავო საქმე ქულებით წმინდა მოგებით, რატომ უნდა გაწელო და გაირთულო საქმე? გინახავთ სადმე, ვთქვათ, რუსთა დაღესტნელ მსოფლიოს ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევს (86) დროის გაყვანაზე ეჭიდაოს? ახლაც, მედვედის ტურნირზე არც ერთ შეხვედრაზე ერთი წუთიც კი არ დაუხარჯავს, ყველას 40-50 წამში უგებდა.

მართალია, მის საჭიდაო სტილს დიდი ფიზიკური მონაცემებიც სჭირდება, მაგრამ რა ჯობია - 1 წუთში მოიმთავრო საქმე თუ 6 წუთი იჯაჯგურო ქანცის გაწყვეტამდე? ენერგიას ორივე შემთხვევაში ხარჯავ, მაგრამ ის სტილი უფრო ლამაზიცაა და წარმატებისკენ მიმავალი უფრო მოკლე გზაცაა. თან აქ ლაპარაკი მიდგომაზეა - ჩვენს მოჭიდავეებს ურჩევნიათ, დროის გაყვანაზე იჭიდაონ, რუსები და მათი ჩრდილოკავკასიელი ვარსკვლავები კი საპირისპიროდ იქცევიან.

იმედია, ეს მართლაც ნიჭიერი მოზარდი მაისურაძეც ასეთ სტილს აირჩევს. დაახლოებით იმავეს ვიტყვით დინგაშვილზეც - ფინალში თურქ იუცე მეჰმეტთან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ როცა დასჭირდა, მაშინ მოუმატა. ესეც კარგი ტექნიკური ფალავანი გამოჩნდა, სწრაფია და ერთ მომენტში ისეთი მოგვერდი ამოჰკრა, ეტყობა, ილეთსაც კარგად გრძნობს...

სოფიის ტურნირმა უჩვეულოდ ჩახლართა კონკურენცია 86 კილოგრამში, სადაც მწითურმა გაიმარჯვა და გაუსწრო ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ ჩხარტიშვილს. მწითურმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ფინალში ბულგარელ გაზი მეჰმედის ოდნავი შანსიც არ დაუტოვა. ჩვენებური მეტოქეებს ძალიან იოლად ატრიალებს ჩოგბჯენიდან.

აღსანიშნავია კენჭაძის გამოსვლაც - ეს ბიჭი შარშან ჭაბუკთა ნაკრებში გამოდიოდა, თუმცა სოფიაში ასაკით ბევრად უფროსებს არაფერი დაუთმო. პირიქით - აჯობა კიდევ და ჩემპიონი გახდა. ზოგადად, ამ ტურნირმა დაადასტურა, რომ თავისუფალ ჭიდაობაში კარგი რეზერვი მოდის.

ახლა 23-წლამდელები სეზონის მთავარი შეჯიბრებისთვის ემზადებიან. ესაა 24-29 მარტს პოლონურ ვალბრზიხში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წლეულს პირველად იმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაისურაძის იმედი მაქვს, ძლიერია...
temo
11:20 11-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული