23 წლამდე ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 2 ოქრო მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ჩინებულად დაიწყო გამოსვლა პოლონურ ვალბრზიხში, ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წლეულს პირველად ტარდება.

24 მარტს საჭიდაოდ ოთხი ქართველი გავიდა და აქედან სამმა ფინალში იასპარეზა, ორმა გაიმარჯვა კიდეც.

საბოლოოდ ოთხივე წონაში მედალი მოვიპოვეთ - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. ევროპის სადებიუტო ჩემპიონატის გამარჯვებულები ზურაბ ერბოწონაშვილი (74) და ომარ გუსოშვილი (97) გახდნენ. ვერცხლი ზურაბ იაკობაშვილს (65) ერგო, ბრინჯაო კი ბექა ბუჯიაშვილმა მოიპოვა.

57 კგ
ბუჯიაშვილს არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ რუსთა მომავალი ჩემპიონი ისმაილ მუსკაევი შეხვდა.

ბადის მეორე
მხარეს რომ მოხვედრილიყო, ვინძლო, ფინალშიც გასულიყო, რადგან ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორმა სანუგეშოში დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაში იყო და იქ მშვენივრადაც იჭიდავა. მუსკაევთან წმინდად - 0:10 მარცხის შემდეგ დამამშვიდებელში სულ ბდღვირი ადინა მეტოქეებს - პოლონელ დავიდ რომანოვიჩს 16:4 მოუგო, ბელორუს დიმჩიკ რიმჩინოვს - 13:5, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ მირჯალალ ჰასანზადესთან მორიგი წმინდა მოგება მიითვალა - 13:1.

65 კგ
ამ წონის ფინალში იაკობაშვილს ცხადად გამოაჩნდა ჩვენი მოჭიდავეების ნაკლი - იტალიელი ფრენკ ჩამიზო ორჯერ ფეხიდან აყვანილი გაექცა და აპენინელმა ორჯერვე თავად გადაიყვანა ქულაზე. ამ კომპონენტში თვით ომარ გუსოშვილსაც კი მეტი მართებს, ვინც მართლაც შთამბეჭდავად იასპარეზა - ფეხში იოლად კი შედიოდა, მაგრამ დაბლა ჩაგდებაზე ბევრ ენერგიას ხარჯავდა. განსაკუთრებით ეფექტური იტალიელის მეორე გაქცევა იყო, როცა ჰაერში ამოუტრიალდა ქართველს.

სამწუხაროდ, მან ბევრ კომპონენტში დაჩაგრა ჩვენებური და სრულიად დამსახურებულად მიითვალა 4 ქულა, იაკობაშვილმა კი, რეალურად, ვერაფერი გააწყო მასთან, არადა, პირველ წრეში ავსტრიელი მაქსიმილიან აუსერლაიტნერი (6:0), მერე სომეხი მარეკ სირუნიანი (10:0), ნახევარფინალში კი რუსი ევგენი ჟირბაევი (8:0) შეიწირა.

74 კგ
ჩვენს ნაკრებს პირველი ოქრო ერბოწონაშვილმა მოუტანა, თუმცა საამისოდ ბეწვის ხიდზე კი გაიარა - ფინალური პაექრობა სომეხ არამ გრიგორიანს 1:1-ზე მოუგო, რაკი მეტოქეს გაფრთხილება ჰქონდა. ის ერთი ქულაც მან იმ ეპიზოდში მოიპოვა, როცა მეტოქეს საჯარიმო დრო ჩაურთეს - არაფერი დაუთმო და ქულაც დაიმსახურა. პირველი პერიოდი ასეც მორჩა, შესვენებაზე კი სომეხი ორმაგად მოტივირებული და ბევრად უფრო გარდასახული გამოვიდა - უფრო მეტს უტევდა და აქტიურობდა.

ერბოწონაშვილი თითქოს უფრო თავდაცვაზე იყო გადასული, მაგრამ ერთ მომენტში გადარჩა - მეტოქე ფეხში შეუშვა და იმანაც აიყვანა, მაგრამ ვერ გადააგდო, რაც 2 ქულას მოუტანდა და ანგარიშშიც დაწინაურდებოდა. ქართველი კარგად გაურბოდა და სომეხი მხოლოდ წრიდან გაყვანას გამორჩა, რისთვისაც ქულა მიიღო. ამით ანგარიში გათანაბრდა, რაც სავსებით ხელს გვაძლევდა.

თუმცა ერბოწონაშვილს ცოტა რომ ევაჟკაცა, საქმეს აქამდე არ მიიყვანდა - სომხის ზემოხსენებულ გდებამდე ორიოდე წამით ადრე ჩვენებურმაც აიყვანა ფეხიდან და კარგა ხანსაც ეწვალა დასაფიქსირებლად დაბლა ჩაგდებაზე, მაგრამ ვერ შეძლო, მეტოქე გაექცა კიდეც.

საბოლოოდ ერბოწონაშვილმა შეძლო დრამატული წუთების თავის სასარგებლოდ წარმართვა და გონგის შემდეგ ქართული დროშის ფრიალით დამსახურებულად დაარტყა საპატიო წრე ხალიჩას.

ის საკვალიფიკაციო წრეში თავისუფალი იყო, მერე კი შთამბეჭდავად დაამარცხა მოლდოველი იონ ვასილაჩი - 7:0. პირველი ქულა იმით მიიღო, რომ პასიურობისთვის დასჯილ მეტოქეს გდება არ გააკეთებინა, მერე კი კარგად ჩაიყვანა დაბლა, ხოლო იქ ფეხში ჯვარედინი მოვლებიდან ზედიზედ ოთხჯერ დაატრიალა.

თუმცა ამ კომპონენტის კლასიკა მეოთხედფინალში გვაჩვენა გერმანელ კუბილაი ჩაკიჩთან - თავიდან იოლად შეუვარდა ფეხში და ჩოქბჯენში გადაიყვანა, იქ კი ისევ ჩააფრინდა ფეხებში და 6-ჯერ დაატრიალა.

მეტოქე, ვისაც ლამის თავბრუ დაესხა, კინაღამ მეორე ხალიჩაზე გადაისროლა. ამის შემდეგ კიდევ მოიპოვა 3 ქულა - ფეხიდან აყვანით და იმავე ტიპის დატრიალებით, საბოლოოდ კი წმინდად მოუგო - 10:0. ერბოწონაშვილმა ნახევარფინალშიც ანალოგიური სპექტაკლი დადგა თურქ მურატ ერთურქთან: ჯერ წელში შესულმა ბრუნზე გადაგდება დაუპირა, მაგრამ ვერ აქაჩა და ისევ დაბლა ჩააგდო. ამას ისევ ფეხიდან სამჯერ დატრიალება და მეზობელ ხალიჩაზე შეჭრა მოჰყვა, თუმცა ერთი დატრიალება რატომღაც არ შეუფასეს და ქულები ჩამოაკლეს - 4:0.

ამის მიუხედავად, უპირატესობა არ დაუთმია, ისევ უტევდა, შეხვედრას აკონტროლებდა და კვლავ 10:0 მოიგო. გასაგებია, რომ ფინალში არ რისკავდა და ცოტა სხვა ტაქტიკით იჭიდავა, ასე ხელაღებით აღარ უტევდა.

97 კგ
ფინალში გასულ ქართველთა სამეულიდან წასაგებად ყველაზე ცოდვა გუსოშვილი იქნებოდა, წინასწარებში იმდენად დამაჯერებლად გამოვიდა.

არადა, მარცხის საშიშროება მართლაც იყო - აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი ფეხიდან აყვანით 2-ქულიანზე მალევე კი გადააგდო, მაგრამ პირველი პერიოდის მიწურულს თვითონაც ცოტა ამოვარდა კალაპოტიდან და ზედიზედ სამჯერ შეუშვა ფეხში.

მართალია, პირველად კი გაექცა, მაგრამ გაჯიევმა მომდევნო ორი გამოიყენა და 4:2 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ხალიჩაზე სულ სხვა გუსოშვილი დაბრუნდა და საბოლოოდ 9:4 მოიგო.

ჩვენებურმა ფიზიკურად მოღალა მეტოქეები - გაჯიევი მეხუთე წუთისთვის ვერ გაურბოდა, ისეთ დღეში ჩააგდო, ნახევარფინალში კი, ასევე, ბოლო წუთზე თურქი იუსუფ ცან ზეიბეკი თავისით ჩავარდა მუხლებზე და გაქანების თავი აღარ ჰქონდა.

გორელმა ფალავანმა ისიც თავის ნებაზე ატრიალა (15:2), როგორც მანამ ბულგარელი კოლევ კალოიანი (12:2) და კვიპროსელი ალექსიოს კაუსლიდისი (10:0).

"თავისუფალთა" ტურნირი ვალბრზიხში 25 მარტს დასრულდება. საჭიდაოდ ჩვენებურთა კვარტეტი - გიორგი შამათავა (61), ალექსანდრე ჯაჭვაძე (70), ირაკლი მწითური (86) და გიორგი მეშვილდიშვილი (125) გავა. იმედია, ემზარ ბედინეიშვილის შეგირდები მონაგარს კიდევ უფრო გაზრდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული