მოჭიდავეებმა ისევ გაგვაოცეს - პრესკონფერენცია სპორტის სამინისტროში

AutoSharing Option
1-ელ აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა მოჭიდავეებმა, რომელსაც სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია უძღვებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ წლეულს პირველად ჩატარდა ევროპის პირველობა 23-წლიანთა შორის.

საერთოდაც, ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ ეს ასაკობრივი ჯგუფი მხოლოდ წლეულს გამოყო, კონტინენტის სადებიუტო პირველობას კი წინა კვირაში პოლონეთის ქალაქმა ვალბრზიხმა უმასპინძლა.

იქ ჩვენები დიდი წარმატებით გამოვიდნენ და ორივე ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

"თავისუფლებმა" 5 მედალი მოიპოვეს - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები ზურაბ ერბოწონაშვილი
(74) და ომარ გუსოშვილი (97) გახდნენ, ზურაბ იაკობაშვილი (65) და გიორგი მეშვილდიშვილი (125) ვერცხლს დასჯერდნენ, ხოლო ბექა ბუჯიაშვილმა (57) ბრინჯაო მოიპოვა.

"ბერძენ-რომაელებმა" პოლონეთში 4 მედალი დაისაკუთრეს - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო. ჩემპიონი ლაშა გობაძე (80) გახდა, მესამე ადგილზე კი ხვიჩა ჭითავა (59), გიორგი დავითაია (66) და კუკური კირცხალია (98) გავიდნენ.

თავიანთ გამოსვლებში მინისტრმაც და პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვეს ამ წარმატებას, რაც ეროვნული ნაკრებებისთვის ძალიან კარგი პერსპექტივაა და მათ სამომავლოდაც წარმატებები უსურვეს.

მონაპოვრით კმაყოფილია "თავისუფალთა" დამრიგებელი ემზარ ბედინეიშვილი, რომელმაც ეს მიღწევა პირდაპირ დაუკავშირა ეროვნულ ნაკრებთან ერთად გავლილ მოსამზადებელ ციკლს. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ გამოჩნდა ნაკლოვანებები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.

"ბერძენ-რომაელთა" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ჯიბლაძემ განსაკუთრებული გულისტკივილი გუნდური პირველობის დაკარგვის გამო გამოხატა. არადა, პირველ დღეს თურმე საგრძნობლად უსწრებდნენ რუსებს, რომლებსაც ფინალისტიც კი არ ჰყავდათ.

სამაგიეროდ, მეორე დღეს ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის, ამ ზეწოლას კი, მწვრთნელის თქმით, მეოთხედფინალში ბაკურ გოგოლი (71) შეეწირა რუს ალექსანდრ კაიანკინთან შეხვედრაში.

მწვრთნელი ასევე გულდაწყვეტილია მძიმეწონოსან შოთა გოგისვანიძის წაგებით, რომელზეც თურმე საჩემპიონო გათვლას აკეთებდნენ. ოღონდ ამაში მსაჯებს არ ადანაშაულებს, თვითონ სპორტსმენმა დაუშვა ტაქტიკური შეცდომაო. მწვრთნელმა ამ მარცხს შოკისმომგვრელი უწოდა.

ჯიბლაძემ ამ საჭიდაო სახეობის წესებში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა და სანახაობრივი მხარის ამაღლება, ტექნიკურად აშკარად გაუმჯობესებული ჭიდაობა ამას დაუკავშირა. ეს წესები სხვებსაც მოუწონებიათ და ჩემპიონატის შემდეგ შეკრებილ მსოფლიოს ფედერაციის ბიუროს ასაკობრივ ნაკრებებში, ანუ ჭაბუკებში, 20 და 23 წლამდე ახალგაზრდებში დაუკანონებია კიდეც, მაგრამ ძაღლის კუდივით არც საჭიდაო სამყარო გასწორდება და მათ კიდევ ერთხელ გაგვაოცეს არალოგიკური, უცნაური გადაწყვეტილებით - უფროსებში, თურმე, ისევ ძველი წესები დატოვეს და ოლიმპიადაც ასე ჩატარდება.

ამდენად, ცოტა არ იყოს და, საჩოთირო ვითარება შეიქმნა - მინიმუმ ორი სეზონი, ანუ ოლიმპიადის ბოლომდე ჭაბუკები და ახალგაზრდები სხვა წესებით იჭიდავებენ, უფროსები - განსხვავებულით!

შეგახსენებთ, რომ ახალი წესებით, ამოიღეს ჩოქბჯენი, რამაც ჭიდაობა, ჯიბლაძის თქმით, უფრო დინამიკური გახადა და უამრავი ილეთი კეთდება.

მოჭიდავეებს წარმატება ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვახტანგ ბლაგიძემაც მიულოცა და ხაზი გაუსვა ჭიდაობის ოჯახის გაერთიანებას, რაც, მისი აზრით, ამ წარმატების წინაპირობა გახდა. მან ყიფიანს მსაჯთა ახალი კადრების მომზადებაში დახმარება სთხოვა, რათა გაიზარდოს მათი წარმომადგენლობა საერთაშორისო ასპარეზზე.

ყიფიანი დაეთანხმა მას, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია და იქვე მის მიერ ამ კუთხით გაკეთებულსაც შეეხო - თურმე, ამაზე ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტ ნენად ლალოვიჩსაც ესაუბრა.

იქვე მინისტრმა ცოტა უცნაური რამე თქვა ძიუდოსთან დაკავშირებით - ვლადიმერ ნუცუბიძე ჩემი წარდგენით მოხვდა მსაჯად, პირადი ურთიერთობებითო. ეს ფრაზა უცნაური იმადაა, რომ ჯერ ერთი - საერთაშორისო კატეგორიების მინიჭება, სად-სად და, ძიუდოში ასე ნაცნობობით არ ხდება, საამისოდ სათანადო რეიტინგიც უნდა გქონდეს. თან, თუ მახსოვრობა არ გვღალატობს, ნუცუბიძეს ყიფიანის მინისტრად მოსვლამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსი.

პრესკონფერენციის დასასრულ, ორივე ნაკრების მთავარ მწვრთნელს დამატებით კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვით ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. ბედინეიშვილს ვთხოვეთ, დაეზუსტებინა, განსაკუთრებით ვის გამოარჩევდა თავისი გუნდიდან, სადაც ბევრმა წარმოაჩინა თავი მშვენივრად.

- ნურავინ მიწყენს, მართლაც ბევრმა იასპარეზა კარგად, მაგრამ გუსოშვილი შეუდარებელი იყო, ძალიან კარგად იჭიდავა. ვერაფერს დავამატებ, ისე იჭიდავა. მან ძალიან ძლიერი ჯგუფი გაიარა, სადაც ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დაამარცხა, ფინალში კი დამაჯერებლად მოუგო უსერიოზულეს მოჭიდავეს, აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევს, ვინც იარიგინის ტურნირის წლევანდელი ფინალისტი, რუსი ზაინულა კურბანოვი დაამარცხა. ერთი სიტყვით, მართლაც ძლიერი ბადე გაიარა.

კარგად იჭიდავა ერბოწონაშვილმაც, რომელმაც ყველას ნულზე მოუგო, ფინალის გარდა, კითხვის ნიშანი არსად გაჩენილა.

- გუნდს ფიზიკურ მომზადებაში პროგრესი ეტყობოდა - იმავე გუსოშვილს, მეშვილდიშვილს, სხვებსაც... ამაზე სპეციალურად მუშაობდით თუ უფროსებთან გავლილი მოსამზადებელი ციკლის დამსახურებაა?
- სწორედ მაგის დამსახურებაა - ეროვნულ ნაკრებთან მათი ვარჯიშის. მინსკში ერთად გავიარეთ შეკრება, მერე იქვე მედვედის ტურნირში გამოვედით, შემდეგ ირანში ტახტის თასზე იჭიდავეს და ბიჭები მზად იყვნენ. თან მწვრთნელებმაც ბევრი რამე გავაკეთეთ ფსიქოლოგიურად მოსამზადებლად - დავაჯერეთ, რომ ისინი ძლიერები იყვნენ და არ შეიძლება, ვინმეს იმათი არ ეშინოდეს, ვისაც ზურგზე საქართველო აწერია.

- თუმცა, ფიზიკური პროგრესის მიუხედავად, აქაც ეტყობოდათ ხარვეზები. მაგალითად, ლეიბიდან აქაჩვა და გადაგდება იმავე გუსოშვილსაც უჭირდა და სხვებსაც...
- გუსოშვილი დგომის მოჭიდავეა და არა ჩოქბჯენის. დგომში ის სუნთქვის, ფიზმომზადების ხარჯზე ანადგურებს მეტოქეებს. შეიძლება დათმოს პირველი პერიოდი, მაგრამ მეორეში ვერ უძლებს ვერავინ.

ასევეა ერბოწონაშვილიც - ფიზიკურად ძლიერია. ბოლომდე იხარჯებიან და ყველას დამარცხება შეუძლიათ. თუმცა ჩოქბჯენში მუშაობის გაძლიერება აუცილებელია. მე თვითონაც "პარტერისტი" ვიყავი და კარგად ვიცი, ეს რამდენად მნიშვნელოვანი ელემენტია ჭიდაობაში, რომლითაც შეიძლება ბევრად წინ წაიგდო საქმე, ვიდრე - დგომიდან გაკეთებული გდებებით.

ჩოქბჯენში გადაიყვანე, დაატრიალე და 4:0-ს იგებ უკვე, ნახევარი საქმე გაკეთებულია. შემდგომში ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.

ზაზა ჯიბლაძეს გუნდის საერთო მომზადებაზე მეტად ახალ წესებზე დავეკითხეთ.

- გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა. მაგალითად, სავიზო პრობლემების გამო ვერ წავიყვანეთ 85 კილოგრამის ლიდერი რობერტ კობლიაშვილი. ეგ კი არა, გობაძეზეც შეგვექმნა პრობლემა, მაგრამ მანუჩარ კვირკველია ჩაერია და ბოლო დღეს ძლივს გადმოაფრინეს ვენის გავლით. სხვათა შორის, 85 კილოგრამში კობლიაშვილის შემცვლელ ძამაშვილზეც არ მოგვცეს ვიზა.

38 ქვეყანაში მეორე ადგილზე გასვლა ურიგო არაა, მაგრამ გოგოლის წაგებაზე ძალიან მწყდება გული. ფაქტობრივად, ამით 8 ქულა დავკარგეთ - მოგების შემთხვევაში ჩვენებური ნახევარფინალში გავიდოდა, ანუ ბევრად მეტ ქულას მიიღებდა; რუსს კი, პირიქით, ნაკლები დაეწერებოდა.

გუნდიდან გობაძეს გამოვარჩევ, რომლისგანაც ველოდით კიდეც ასეთ წარმატებას. მან ცოტა ხნის წინათ ტახტის თასი მოიგო, რომელიც აქამდე ბერძნულ-რომაულში ქართველებს არასოდეს მოგვეგო და მზად იყო ამხელა წარმატებისთვის. მან ხუთივე პაექრობა დამაჯერებლად მოიგო.

კარგად იჭიდავეს ჭითავამ და დავითაიამაც. დავითაიამ მხოლოდ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორთან, ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან წააგო, ვინც რევაზ ლაშხს ორი შეხვედრა მოუგო.

- ილეთების სიუხვე ახალი წესების დამსახურებაა?
- ადრე აქცენტი ჩოქბჯენზე კეთდებოდა - ამას ელოდნენ და არ რისკავდნენ. ახლა, როცა ჩოქბჯენი ამოიღეს, უკვე დგომში წავიდა ჭიდაობა, რაც უფრო დინამიკურია. დაახლოებით 30-40 პროცენტით მოიმატა ილეთების ხარისხმა და ქულებმა.

- მაშ, რატომ არ დაუჭირეს მხარი ამ წესების დამკვიდრებას უფროსებში და რატომ დატოვეს ძველი?
- საქმე ისაა, რომ ზოგიერთ ქვეყანას აწყობს ჩოქბჯენი, სადაც მათი ფალავნები ძლიერები არიან - რუსები, ბელორუსები, სომხები... ისინი საქმეში ჩაერივნენ და ოლიმპიადამდე დატოვეს ძველი წესები. ვფიქრობ, ჩოქბჯენი ამოსაღებია. ჯერ დროის თვალსაზრისით იგებ, შეხვედრა არ იწელება და სამსაჯოდაც იოლია - ჩოქბჯენში ბევრი ნიუანსია, ახლა კი მარტო დგომში გიწევს შეფასება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული