შეეწირა თუ არა სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის თანამდებობა სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრების პირად ინტერესებს, თუ რა გახდა თანამდებობიდან ლევან ყიფიანის წასვლის რეალური მიზეზი? "იმედის კვირამ" ამ დრომდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები მოიპოვა.
ლუკა კურტანიძე ერთადერთია, რომლის ფოტოც ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტების საპატიოდ გამოფენილ ფოტოებს შორის აღარ ჰკიდია. მოჭიდავეებმა ყოფილი პრეზიდენტის ორწლიანი მმართველობის მიმართ დამოკიდებულება ამ ფორმით გამოხატეს.
როგორც ტელეკამერასთან ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დამსახურებული
კურტანიძის დროს ფედერაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად სამეთვალყურეო საბჭომ სკანდალური დასკვნა დადო, რომელიც თითქმის ერთი წელი გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტი, რომელშიც კურტანიძისა და მისი მეუღლის, ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ხათუნა მაქაცაძის კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი, "იმედის კვირამ" მოიპოვა.
დასკვნის ერთ-ერთი ავტორი მოჭიდავე რომან რურუაა. იგი განმარტავს, რომ დოკუმენტი მოჭიდავეებსა და მწვრთნელებთან გასაუბრების შედეგად შედგა.
დასკვნის ტექსტში აღნიშნულია, რომ: კურტანიძე წილში ჩაუჯდა თავისუფალ ჭიდაობაში ნაკრების გუნდის მწვრთნელებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ პრემიალურ თანხებში და მათთვის გაცემული პრემიიდან 25% წილს იღებდა. ასევე, მისი მეუღლე ხათუნა მაქაცაძე თითოეული ნაკრებისთვის გაცემული პრემიიდან მწვრთნელებს დამატებით 5%-ს ართმევდა გაწეული მენეჯერობისათვის, თუმცა მას ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელობისთვისაც ცალკე ხელფასი ერიცხებოდა.
კურტანიძეს შეჯიბრებებზე მწვრთნელთა, სპორტსმენთა და ექიმების ნაცვლად სისტემატურად დაჰყავდა საკუთარი მეუღლე, რაშიც ხარჯავდა ბიუჯეტის ხარჯებს.
დასკვნაში აღნიშნულ ბრალდებას ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ასე პასუხობს: "ვფიქრობ, საზოგადოებას იმდენი პრობლემა აქვს, რომ კიდევ ცრუ ინფორმაცია ვაწოდოთ ადამიანებზე, შეუფერებელი საქციელია".
სამთვალყურეო საბჭოს დასკვნის მიხედვით, იმ ფონზე, როდესაც მოჭიდავეები ცივ დარბაზებში ვარჯიშობდნენ, არ ჰქონდათ საშხაპეები, გაუუქმდათ ტრანსპორტირების 150 ლარი, კურტანიძემ ფედერაციის კუთვნილი 350 000 ლარი 9%-ად მიასესხა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრს, ბიზნესმენ ზაზა სიორიძეს, ყოველგვარი იპოთეკით დატვირთვის გარეშე.
ჭიდაობის ფედერაციაში ჩატარებული კერძო აუდიტის დასკვნით, იპოთეკის გარეშე ასეთი დიდი თანხის გასესხება არასწორად არის მიჩნეული. მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ჭიდაობის ფედერაციას უკვე ჰქონდა გაცილებით მაღალ პროცენტში "კორ-სტანდარტ ბანკისგან" აღებული 460 000 ლარი.
ფედერაციამ ბანკს ხელშეკრულება დაურღვია, რის შედეგადაც ჭიდაობის ფედერაციამ 14 000 ლარზე მეტი იზარალა.
ზაზა სიორიძე, ბიზნესმენი:
- ჩემი მეგობარი ლუკა კურტანიძე მოვიდა თხოვნით და მითხრა, ასეთი სიტუაციაა, ჭიდაობის ფედერაციას აქვს ბანკში განთავსებული თანხა, მცირე თანხას გვიხდიან დეპოზიტზე; არის თუ არა საშუალება, რომ ეს თანხა ისე განვათავსო, ცოტა მაღალი განაკვეთი დამერიცხოსო.
- ამას რა დავარქვათ, რომ ჭიდაობის ფედერაციას მაღალპროცენტიანი ანაბარი ჰქონდა თქვენს კომპანიაში?
- რა თქმა უნდა, კომპანია ამ თანხით სარგებლობს, მაგრამ ჩვენ ყოველთვიურად ვურიცხავთ 9%-ს.
როგორც ლუკა კურტანიძე განმარტავს, ეს ფედერაციის სასარგებლოდ გააკეთა. ხოლო "კორ-სტანდარტ ბანკში" დავალიანებას ფედერაცია რატომ ვერ იხდიდა, ეს ახალ ხელმძღვანელობას უნდა მოჰკითხონ, ვინაიდან ძველს არანაირი დავალიანება არ ჰქონია.
წინამორბედის ბრალდებებზე საუბარი არ სურს ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიას.
სამეთვალყურეო საბჭოს სკანდალური დასკვნის ბოლო პუნქტი ვაკეში ჭიდაობის ფედერაციისა და ფალავანთა კლუბის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ეხება.
"სპორტსმენთა და მწვრთნელთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კურტანიძეს გარკვეულ პირთა ჯგუფთან ერთად გადაწყვეტილი აქვს ფალავანთა კლუბის საკუთრების უფლებით ხელში ჩაგდება, დანგრევა, ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და გაყიდვა, რასაც მოჭიდავეთა საზოგადოება კატეგორიულად წინ აღუდგება", - აღნიშნულია დასკვნის ტექსტში.
სკანდალური დასკვნის ამ პუნქტს "იმედის კვირასთან" საუბარში ადასტურებს ჭიდაობის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი ბიჭიკო შელია და საუბარში ვალერი გელაშვილის სახელს ახსენებს.
"გელაშვილი დებდა 6 მლნ-ს, რომ აქ აეშენებინათ საცხოვრებელი სახლი. ყიფიანი ამის წინააღმდეგ წავიდა. იმიტომ იყო, რომ შემოესივნენ ეს პარლამენტარები, ვითომ არ მუშაობდა და შეეწირა ამ დარბაზს", - აცხადებს ბიჭიკო შელია.
მწვრთნელების ბრალდებას სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრი, ვალერი გელაშვილი ასე პასუხობს: "ფალავანთა კლუბის შენობა რა სამშენებლო ადგილია, რომ მანდ რაღაც ინტერესი გამომეთქვა?! ჩემი მასშტაბები მაგ მასშტაბს არ ექვემდებარება, ლევან ყოფიანი არ არის ის დონე, რომ მე მასთან ბრძოლა დამეწყო".
2014 წლის ოქტომბერში ლუკა კურტანიძე დავით ნარმანიას სწერს, რომ ფედერაციის შენობა ავარიულია და მოჭიდავეებს ფართი სხვა ადგილზე გამოუყოს.
ბიჭიკო შელიას თქმით, შენობა იმდენად ავარიული არ იყო, რომ რემონტს არ დაქვემდებარებოდა. თან სპორტსმენებისთვის ეს კარგი ადგილი იყო.
დაუპირისპირდა თუ არა ლევან ყიფიანს სპორტის საპარლამენტო კომიტეტის უმრავლესობა პირადი ინტერესების მოტივით, ამაზე ყოფილი მინისტრი კომენტარს არ აკეთებს. მან "იმედის კვირას" მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა: "საზოგადოებამ განსაჯოს, მე პროკურორი ვერ გავხდები".
კურტანიძემ თანამდებობა კვერცხების სროლის ფონზე, ვადაზე ადრე, 2014 წლის სექტემბერში დატოვა, მანამდე მოჭიდავეებმა კურტანიძეს კარიც კი აუჭედეს.
მანამდე კიდევ ერთი სკანდალი იყო - კურტანიძე ფედერაციის პრეზიდენტობის დროს ფიზიკურად გაუსწორდა ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს, რომელმაც მწვრთნელების გათავისუფლებას ხელი არ მოაწერა. ფედერაციიდან იძულებით წასული კურტანიძე ჯერ პოლიციის აკადემიის პრორექტორად დაინიშნა, 2015 წლიდან კი საპარლამენტო უმრავლესობიდან სპორტის კომიტეტში საკანონმდებლო საქმიანობას ეწევა.
როგორც ჭიდაობის ფედერაციაში განმარტავენ, პროკურატურისთვის მასალები არ გადაუციათ, ვინაიდან მათ არ სურდათ ლუკა კურტანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. შესაბამისად, ამ დარღვევებთან და მასალებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება არ მიმდინარეობს.
წყარო: AMBEBI.GE