საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელებმა დაასახელეს ის შემადგენლობები, რომლებითაც ბაქოში იჭიდავებენ პირველ ევროპულ თამაშებზე, რაც ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონატთან გათანაბრებული ტურნირია.
ორივე მწვრთნელი, ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნო, რომელიც ამ შეჯიბრებისთვის მთავარი შესარჩევი ტურნირი იყო, თუმცა "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ჩემპიონთა შემადგენლობაში ერთი ცვლილება მაინც შეიტანა - 59 კილოგრამში ქვეყნის ჩემპიონი გოდერძი დავითაძე გიზო მელაძით ჩაანაცვლა.
დავითაძეს ტრავმა აწუხებს და ერთხანს მის ნაცვლად ხვიჩა ჭითავას წაყვანას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი უფრო ახალგაზრდაზე შეაჩერა, ვინც თავის ასაკში
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში სხვა წონებში საჩინო დავითაია (66), მინდია წულუკიძე (71), ზურაბ დათუნაშვილი (75), ლაშა გობაძე (80), მათე სოფაძე (85), მიხეილ ქაჯაია (98) და იაკობ ქაჯაია (130) გამოვლენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი მთლიანად ქვეყნის პირველობის შედეგებს დაეყრდნო და ჩემპიონები მიჰყავს: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ბექა ლომთაძე (61), ალექსანდრე კენჭაძე (65), დავით ტლაშაძე (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125).
ამათგან ქვეყნის ჩემპიონი მხოლოდ ხინჩეგაშვილი არაა - საქართველოს პირველობაზე მწვრთნელებმა წონა არ დააკლებინეს, რადგან ეს ბაქოში ისედაც მოუწევდა და 61-ში აჭიდავეს, თუმცა, შედეგის მიუხედავად, იმთავითვე დაუბევეს ევროთამაშებზე ნაკრებში ადგილი 57 კილოგრამში. ის 61-ის ფინალში ლომთაძესთან დამარცხდა, თორემ მოგების შემთხვევაში, ალბათ, იქვე დადგებოდა, 57-ში კი ბაქოში ქვეყნის ჩემპიონი ოთარ გოგავა წავიდოდა.
"ბერძენ-რომაელებმა" ორი დღის წინ დაიწყეს დასკვნითი შეკრება დუშეთში, "თავისუფლებმა" კი ახლა დაამთავრეს რიგით მეორე საწვრთნელი ეტაპი ბორჯომში. დასკვნით შეკრებას ისინი ისევ ბორჯომში, 4 ივნისს დაიწყებენ.
ბაქოში პირველად "ბერძენ-რომაელები" გაემგზავრებიან, რადგან პირველად ისინი ჩაებმებიან შეჯიბრებაში - 13-14 ივნისს იჭიდავებენ. 13-ში 59, 71, 80 და 98 კილოგრამების ფალავნები შეეცდებიან წარმატების მოპოვებას. 15-16 ივნისი ქალებს დაეთმობათ, 17-18-ში კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გაითამაშებენ მედლებს. პირველ დღეს ამათგან 57, 65, 74 და 97-ის ფალავნები ჩაებმებიან ტურნირში.