დღეს, 24 ივლისს, ქართველ მოჭიდავეთა 9-კაციანი ჯგუფი - ექვსი თავისუფალი სტილით მოასპარეზე და სამი "ბერძენ-რომაელი" პოლონეთში გაფრინდა, სადაც 24-26 ივლისს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში.
იქ სამი დღის განმავლობაში სამი შეჯიბრება ტარდება: 24-ში ციოლკოვსკის მემორიალია "თავისუფალში", მომდევნო დღეებში კი პარალელურად იმართება "პოლონეთის თასი" ქალებში და პეტლიასინსკის მემორიალი "ბერძენ-რომაელებში".
ვარშავაში ჩვენგან "თავისუფალთა" შემდეგი ექვსეული იასპარეზებს: ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61), დავით ტლაშაძე (70), ევროპული თამაშების მესამეპრიზიორები: ჯუმბერ ყველაშვილი და ალექსანდრე ამინაშვილი (ორივე - 86), ევროპული თამაშების
როგორც ვხედავთ, მწვრთნელები ყველაშვილს ამჯერად წონას არ აკლებინებენ და ზედაში აჭიდავებენ.
"ბერძენ-რომაელთა" ტურნირში მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი, ოლიმპიური პრიზიორი მანუჩარ ცხადაია (71), ევროპის პრიზიორი გიორგი ცირეკიძე (80) და ევროპის ფინალისტი ვლადიმერ გეგეშიძე (85).
ამავე პერიოდში "ბერძენ-რომაელები" ყაზახეთშიც იჭიდავებენ "პრეზიდენტის თასზე".
ორივე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, ეს ტურნირი კი ყველა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ბოლო მოსამზადებელი ეტაპია ამ გზაზე. სწორედ ამ ხელსაყრელი კალენდრის გამო პოლონეთში მუდამ ძლიერი შემადგენლობა იკრიბება ხოლმე.
წინასწარი მონაცემებით, წლეულსაც ასე იქნება და ჩვენებს კარგი მოთელვა გამოუვათ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 7-12 სექტემბერს ლას ვეგასში ჩატარდება და იქ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, წონაში 6-6, ანუ მხოლოდ ძირითადი ტურნირისა თუ დამამშვიდებლის ფინალებში გასულებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"