3 მედალი პოლონეთში - გენო პეტრიაშვილი ციოლკოვსკის მემორიალის ჩემპიონია

AutoSharing Option
გენო პეტრიაშვილი (125) ციოლკოვსკის მემორიალის ჩემპიონია. ქართველმა მძიმეწონოსანმა ამ ტურნირში გუშინ, 24 ივლისს, გაიმარჯვა ვარშავაში, მის გარდა კი ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მიპოვა, თითო ვერცხლი და ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდა, მესამეზე კი ბექა ლომთაძე (61) გავიდა.

პეტრიაშვილმა პირველ შეხვედრაში პოლონელი კაროლ ტურჩინსკი 5:0; 4:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში ჩინელ დენ ჭივეის 4:1; 6:2 მოუგო, ნახევარფინალში კი მთელი რუსეთი დაამწუხრა, როცა მათ ჩეჩენ ფალავან მურადინ კუშხოვს 2:2-ზე ბოლო ქულის დამსახურებით მოუგო - 1:0; 1:2. პირველი ქულა ორივემ ერთმანეთის გაფრთხილების ხარჯზე
მიიღო, მეორე კი - ასევე ერთურთის წრიდან გაყვანისთვის. საბედნიეროდ, ბოლოს ეს პეტრიაშვილმა გააკეთა და ფინალშიც გავიდა, სადაც ბელარუსი ალექსეი ნიკოლაევი 2:0; 4:0 დაჯაბნა.

ფინალში ოდიკაძეც გავიდა, მაგრამ ვერ შეძლო შარშან მოპოვებული ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება - ირანელ აბას ტაჰანთან 3:1 დამარცხდა. ფინალამდე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ქართველმა ასეთი გზა გაიარა: თურქ რიზა ილდირიმს 3:2; 5:0 აჯობა, იაპონელ იამაგუჩი ტოლასკის 4:0; 1:0 მოუგო, მეოთხედფინალში ირანელი მოჰამადიან მოჰამედჰოსეინი 1:0; 4:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასთან პირველი პერიოდი 0:2 დათმო, მაგრამ მეორეში 3:0 მოუგო.

ლომთაძე პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი იაპონელ მასდრამ კამოისთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო - 2:6; 5:4. ბადის ამ ნახევარში მონაწილეთა სიმცირის გამო ჩვენებური პირდაპირ დამამშვიდებლის ფინალში გავიდა, სადაც ბაქოს თამაშების შემდეგ ზედიზედ მეორედ მოუგო ბულგარელთა მსოფლიოს ჩემპიონ რადოსლავ ველიკოვს - 5:0; 4:1.

ვარშავაში ჩვენი გუნდიდან კიდევ სამი ფალავანი ჭიდაობდა, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ. დავით ტლაშაძემ (70) პირველ წრეში პოლონელ დამიან ფალატს 12:2 მოუგო, მაგრამ იქვე ბელარუს ივნიკან აზამატოვთან 0:3; 4:3 დამარცხდა და მერე ვერც სანუგეშოში გადაერთო.

86 კილოგრამში ევროპული თამაშების ორი ბრინჯაოს მედალოსანი ჭიდაობდა - სანდრო ამინაშვილი და ქვედა წონიდან ამონაცვლებული ჯუმბერ ყველაშვილი. ამინაშვილი პირველივე წრეში ჩინელ სირიგულენგ სირიგულენგთან 1:6; 5:8 დამარცხდა და გავარდა, ყველაშვილმა კი ერთ პოლონელს - პატრიკ დუბლინოვსკის 0:3; 4:0 მოუგო, მაგრამ მეორესთან - სებასტიან იეზირზანსკისთან ვერაფერს გახდა და 1:0; 8:3 წააგო.

დღეს, 25 ივლისს, ვარშავაში უკვე პეტლიასინსკის მემორიალი დაიწყება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც 3 ქართველი იასპარეზებს: მანუჩარ ცხადაია (71), გიორგი ცირეკიძე (80) და ვლადიმერ გეგეშიძე (85).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული