ლას ვეგასში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმატებით გამოსვლის შესახებ მკითხველმა უკვე იცის, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იქ 3 მედალი - 1 ოქრო, 2 ბრინჯაო და ოლიმპიადის 4 ლიცენზია მოვიპოვეთ.
10-წლიანი პაუზის შემდეგ ამ ნაკრებიდან მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) გახდა, მესამეზე კი სანდრო ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125) გავიდნენ. ამათთან ერთად საგზური ელიზბარ ოდიკაძემაც (97) მოიპოვა.
წარმატების მიუხედავად, ტურნირმა ბევრი ხარვეზიც წარმოაჩინა, თუნდაც იმავე პეტრიაშვილის გამოსვლა, რომლისგანაც ბევრად
მსოფლიოს ჩემპიონატის ანალიზში "თავისუფალთა" მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი დაგვეხმარება.
სხვათა შორის, ხინჩეგაშვილამდე მინდორაშვილი იყო ჩვენი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონი ამ ჭიდაობაში - 10 წლის წინათ სწორედ მან მოიგო პლანეტის პირველობა ბუდაპეშტში, ახლა კი ეს მწვრთნელის რანგში გააკეთა.
- ხართ კმაყოფილი მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი გუნდის გამოსვლით, რა დაგანახვათ კარგი ან ცუდი ამ ტურნირმა?
- ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რადგან 3 მედალი და 4 ლიცენზია მოვიპოვეთ, თუმცა მეტიც შეიძლებოდა. მაგალითად, ლომთაძეს და ოდიკაძეს მეტი შეეძლოთ. ლომთაძეს ფინალში გასვლაც კი ხელეწიფებოდა. არადა, ამ ორი შეხვედრიდან ერთიც რომ მოგვეგო, გუნდურში პირველ ადგილზე გავიდოდით.
ოდიკაძემ შეცდომა დაუშვა აზერბაიჯანელ ხეტაგ გოზიუმოვთან ბრინჯაოსთვის შეხვედრაში. უკეთესად შეეძლო ჭიდობა, რადგან ადრე დამაჯერებლად მოუგო მას, როცა მეტოქე უფრო ახალგაზრდა და უკეთეს ფორმაშიც იყო.
ლომთაძე ძალიან კარგად ჭიდაობს, ულამაზეს ფანდებსაც აკეთებს, მაგრამ მეტად ჩქარობს, შეცდომებს უშვებს. ამ პრობლემას უნდა მიხედოს.
- ხინჩეგაშვილისგან ელოდით ამ დონის დახვეწილ, გააზრებულ ჭიდაობას?
- ლადომ ყველაფერი გააკეთა ჩემპიონობის მოსაპოვებლად. ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ყველანაირად ძლიერი და ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიადაზეც გვასახელებს. ის ჩამოყალიბებული სპორტსმენია, ჩამოყალიბებული მოჭიდავე, თავის თავზეც ბევრს მუშაობს და ჩვენს ნამუშევართან ერთად საკუთარსაც ამატებს. ცხადია, ჩვენც გვერდში ვუდგავართ და ყველაფერი საჭიროებისამებრ კეთდება.
მწვრთნელთა მართლაც კარგი გუნდი მყავს ნაკრებში დ მოვახერხეთ, რომ გუნდი კარგად ყოფილიყო მომზადებული. ლადო ძალიან გამოცდილია და ის შარშანვე უნდა გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ რაც მაშინ დაგვაკლდა, ღმერთმა ახლა მოგვცა, რადგან გვეკუთვნოდა. ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ბიჭია და გამოცდილებაც დიდი დაუგროვდა.
ვიმეორებ, რომ ჩვენც გვერდში ვუდგავართ, მაგრამ ხალიჩაზე რომ გადის, იქ თვითონ უნდა იჭიდაოს.
- რამდენიმე შეხვედრა განსაკუთრებულად კარგად იჭიდავა, სადაც ცხადად იკითხებოდა მისი საფალავნო ნიჭი...
- ყველა შეხვედრაში კარგად იჭიდავა, ყველგან გათვლილი ჰქონდა სამოქმედო გეგმა, ფინალში კი პირდაპირ მასტერკლასი ჩაატარა. ირანელი რაჰიმი მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორია, მაგრამ არც ლადო იყო მასზე ნაკლები, ესეც ძალიან ძლიერია.
ხინჩეგაშვილი აქამდე ევროპის ჩემპიონი იყო, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებით ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო ძლიერი გახდება, არ ექნება არანაირი ტვირთი. ფსიქოლოგიურად როცა ძლიერი ხარ, მაშინ ათმაგად ძლიერდები. ძალიან კარგია, რომ ეს გამარჯვება ოლიმპიადის წინ მოიპოვა - თამაშებისთვის ეს დიდი სტიმულია, აწი უფრო უკეთ იჭიდავებს, რაც დაეხმარება შედეგის ჩვენებაში.
- ფინალში ჩელენჯი თითქოს ახლაც საკამათო იყო...
- არ ვაპირებდი მის გადაგდებას. იქ ქულა იყო, მაგრამ არ მოგვცეს. ვიცოდი, პროტესტი შედეგს არ მოიტანდა, ძალიან იშვიათია, რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ ქულა მოგცენ. ის ილეთი დინამიკაში გაკეთდა და სწორედ ამით ახსნეს თავიანთი გადაწყვეტილება მსაჯებმა. სამი ქულით ჩამოვრჩით, მაგრამ ლადომ ივაჟკაცა.
- მაგ დროსაც გჯეროდათ მისი გამარჯვების?
- შემიძლია დავიფიცო, რომ ბოლო წამამდე მჯეროდა მისი მოგება და მართლაც ბოლო წამამდე იბრძოლა. ამიტომაც ვთქვი, მასტერკლასი ჩაატარა-მეთქი. შეუძლია მას ასეთი რამეების გაკეთება.
- როგორ ფიქრობთ, საოლიმპიადოდ მისი კონკურენტები სრულად იყვნენ წარმოდგენილნი, თუ უნდა ველოდოთ ახალ სახეებსაც? მაგალითად, ამჯერად არ ყოფილა ჩრდილოკორეელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იანგი, ვისთანაც შარშან დამარცხდა მსოფლიოს ფინალში...
- ეს ისეთი წონაა, ლიდერები აქ ყოველთვის იცვლებიან. ამიტომ რთულია ასე გადაჭრით დასახელება, მაგრამ ბოლო წლებში ლადოც სტაბილურად მოდის. ვიმედოვნებ, ამ დონეს შეინარჩუნებს და ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მას ძალიან დიდი შანსი აქვს, ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს. ამის მიღწევაში ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი.
- სხვა მედალოსნების გამოსვლას როგორ აფასებთ?
- სანდრო ამინაშვილი წლეულს ევროპის თამაშებზეც მესამე იყო და ახლაც ბრინჯაო მოიპოვა იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს პირველობის წინ მოგვეწამლა და ძალიან ცუდად იყო. ხან როგორ შევუწყვეთ ხელი, ხან - როგორ, რომ ამ ტურნირამდე მიგვეყვანა. საბედნიეროდ, დავიჭირეთ "ოქროს შუალედი", თუმცა უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო. მთელი 10 დღე ფერი არ ედო სახეზე, ისე ცუდად იყო. სულ რაღაც 7 თვეში ის სასწაულად გაიზარდა.
გენო პეტრიაშვილს ფინალში ჭიდაობა შეეძლო და ძალიან მაინტერესებდა მისი შეხვედრა თურქ ტაჰა აკგულთან. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ აზერბაიჯანელ ჯამალედდინ მაგომედოვთან წააგო. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ეს, მეც ვერ ამიხსნია. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ მას თავისუფლად გაივლიდა.
- მეტოქე ვერ შეაფასა, რაკი სულ უგებდა მას, თუ სხვა მიზეზი იყო?
- ხომ გითხარით, მეც არ ვიცი, რა მოხდა. შეხვედრაზე კარგი განწყობით გადიოდა და რა დაემართა, არ ვიცი.
- მისი ჭიდაობა ერთფეროვანიც გახდა...
- შეცდომები ნამდვილად აქვს. ჩობჯენში მეტი უნდა იჭიდაოს და ილეთებიც არ უნდა გაუშვას. ჩოქბჯენიდან დატრიალებაზეც მეტი უნდა იმუშაოს, ასევე იმაზეც უნდა იმეცადინოს, რომ არ დაუხურონ, იქით არ მოჰყვეს და სხვა... ახლა თავიდან ქულებს იოლად კარგავდა და მერე მის ამოქაჩვაზე ბევრ ენერგიას ხარჯავდა.
- ალბათ, უკრაინელ ალან ზასეევთან შეხვედრას გულისხმობთ...
- ზასეევთან თავიდან ჩამორჩა, მაგრამ მერე შემოატრიალა და მართლაც კარგი პაექრობა მოიგო. კიდევ ვიმეორებ - ძალიან ბევრი სამუშაოა: ჩოქბჯენზე, შესვლებზე, საპასუხო შესვლებზე, გდებებზე... ერთი სიტყვით, ყველაფერზე ბევრია სამუშაო, რაც მიმდინარეობს კიდეც, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ.
- ამ ტურნირზე რა უშლიდა ხელს, რატომ ვერ აკეთებდა ამ ყველაფერს?
- მას ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ დიდი წარმატებები მოიპოვოს. მშრომელი ბიჭიცაა და ჩვენი მხრიდან არც ინდივიდუალური მუშაობა აკლია, მაგრამ კიდევ მეტი შრომაა საჭირო ჩოქბჯენში.
- ზოგს თითქოს საკუთარი ძალების რწმენა აკლია, თითქოს ვერ არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში, ფსიქოლოგიურადაც მეტია საჭირო.
- სწორი შენიშვნაა, საკუთარი თავის რწმენა მართლაც აკლიათ. მოჭიდავეებმა თავად უნდა დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობებისა. შენვე უნდა გამოსცადო საკუთარი თავი, მოინდომო, იგრძნო. ჭიდაობა ინდივიდუალური სპორტია და როცა ხალიჩაზე გადიხარ, იქ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული - შენს ნაშრომს შენვე უნდა მოუყარო თავი და მისი რეალიზება მოახდინო. ამაზე მართლაც ბევრია სამუშაო. ბიჭებს სულ ამას ვეუბნები, რომ დაიჯერონ თავისი შესაძლებლობებისა.
- ულიცენზიოდ დარჩენილ იმ ორ წონაშიც საგზურების მოპოვების შანსი დიდია... საოლიმპიადოდ რა გესახებათ ძირითად სამუშაოდ, როგორ აპირებთ თამაშებისთვის მომზადებას?
- დიახ, მეც მგონია, რომ ოლიმპიადაზე სრული გუნდით წარვდგებით. სამუშაო კი ყველაფერზეა - ტაქტიკა, გამძლეობა, სისწრაფე, ჩოქბჯენსა თუ დგომში ჭიდაობა, ტექნიკა... ერთი სიტყვით, უკლებლივ ყველა ასპექტში სამუშაოა.
ჭიდაობა ისეთი სახეობაა, ყველაფერში ძლიერი თუ არ ხარ, ერთ რომელიმე კომპონენტში წაგიჭერენ და პატარა შეცდომასაც არავინ გაპატიებს. ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მსაჯებმა და მეტოქეებმა ეს შეცდომა ვერ გვიპოვონ. ამიტომ ყველაფერზე უნდა ვიმუშაოთ. მთავარია სპორტსმენებმა შრომა არ დაიზარონ. თუ საჭირო იქნება, ფსიქოლოგსაც დავიხმართ - ეს ზოგს სჭირდება, ზოგს - არა.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტი ინდივიდუალური მიდგომა და ვარჯიშია საჭირო?
- ესეც გასაძლიერებელია - გეთანხმებით. ინდივიდუალური მუშაობა აუცილებელია და საჭირო. ამასაც გავაუმჯობესებთ და იმედია, გუნდი ოლიმპიადამდე კიდევ უფრო გაძლიერდება.
რედაქციისაგან: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია. ლას ვეგასში გორიდან ცნობილი მწვრთნელის ნუგზარ სხირელის სულ ოთხი ფალავანი ასპარეზობდა საქართველოს ნაკრებში. მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატზეც ახლდა შეგირდებს. მის შეფასებებს "ლელოს" უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"