საერთაშორისო ტურნირები ჭიდაობაში: მსოფლიო ფედერაციამ მოთხოვნები გაამკაცრა

AutoSharing Option
უახლოესი 10-დღიანი მონაკვეთი ძალიან დატვირთული იქნება ქართველი მოჭიდავეებისთვის, განსაკურებით - "თავისუფლებისთვის", რომლებიც რამდენიმე შეჯიბრებაში გამოვლენ. თუმცა ორივე ნაკრებისთვის მთავარი ის შეჯიბრებაა, რომელიც 27-29 ნოემბერს ბაქოში გაიმართება: ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი.

მოგეხსენებათ, იქ მონაწილეობა კვოტირებულია - იწვევენ მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მედალოსნებს, თუმცა წინა წლებში გარკვეულ გამონაკლისებს მაინც უშვებდნენ და სხვებსაც აძლევდნენ ჭიდაობის ნებას, მაგრამ ამიერიდან ნურას უკაცრავად: ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ გადაწყვიტა, ამ შეჯიბრებას პრესტიჟი აუმაღლოს და ყოველგვარი გამონაკლისი აკრძალა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენებს უნდოდათ რამდენიმე ფალავნის
დამატება, მაგრამ უარი უთხრეს. ერთადერთ მონაწილეზე აკეთებენ ჩანაცვლებას და ჯერ ისიც არაა ცნობილი, დართავენ თუ არა მას მედალოსნების გვერდით გამოსვლის ნებას.

მედალოსნები ბაქოში
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ბაქოში გამოსვლის უფლება ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონებმა ბექა ლომთაძემ (61), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და მესამეპრიზიორებმა: ჯუმბერ ყველაშვილმა (74), სანდრო ამინაშვილმა (86) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიპოვეს. მსოფლიოს პირველობის შემდეგ ამ სიას პლანეტის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) დაემატა, რადგან სხვა მედალოსნები უკვე ლიცენზირებული ამინაშვილი და პეტრიაშვილი გახდნენ. თუმცა ხინჩეგაშვილი არ მიდის და მის ნაცვლად ჩვენს მწვრთნელებს ოთარ გოგავას წაყვანა სურთ.

გაურკვეველიც სწორედ მისი საკითხია - ახლა მიდის მოლაპარაკება მსოფლიოს ფედერაციასთან, რათა მოგვცენ ამ შეცვლის უფლება, თუმცა ზემდგომნიც არ ჩქარობენ და ახსნა-განმარტებებს ითხოვენ, რატომ არ ჭიდაობს ხინჩეგაშვილი.

მოგეხსენებათ, მას წონას არ აკლებინებენ, რათა საოლიმპიადოდ მზადების პერიოდში ზედმეტად არ დატვირთონ და ყველა შეჯიბრებას 61 კილოგრამში აჭიდავებენ. თუმცა ბაქოში ამ წონაში გამოსვლის ნებას არ აძლევენ, რადგან ამ შეჯიბრების საგზური 57-ში მოიპოვა.

ვნახოთ, რა გამოვა ამ ამბიდან - ხინჩეგაშვილი ბაქოში რომ არ იასპარეზებს, ეს გადაწყვეტილია, მაგრამ გასარკვევია, დაუშვებენ თუ არა მის ნაცვლად გოგავას. ჩვენებმა მსოფლიოს ფედერაციას ყველა საბუთი გაუგზავნეს, რაც მოსთხოვეს და ახლა მათ ვერდიქტს ელოდებიან, რომელიც ამ დღეებში უნდა მოვიდეს.

სამწუხაროდ, ამ მხრივ "ბერძენ-რომაელებს" არანაირი დილემა არ აქვთ, რადგან ევროპა-მსოფლიოზე წლეულს მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს - ლაშა გობაძე (80) მსოფლიოს პრიზიორი გახდა და ბაქოშიც ჩვენგან მხოლოდ ის იჭიდავებს.

ნაკრების ხელმძღვანელობას რამდენიმე ფალავნის დამატება კი სურდა, მაგრამ მსოფლიოს ფედერაციამ კატეგორიულად იუარა - მეხუთე ადგილზე გასულებს, ანუ ბრინჯაოსთვის ნაჭიდავებ ფალავნებსაც კი არ მისცეს დამატებითი კვოტა.

"თავისუფლები", რომლებსაც არჩილ ქიტიაშვილი და ალექსანდრე კახნიაშვილი გაჰყვებიან (მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე) ბაქოში აწონვის დღეს - 26 ნოემბერს წავლენ, 27-ში კი შეჯიბრებაა - ყველა წონა ერთ დღეს ჭიდაობს. გობაძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია იქ 28-ში წავლენ, რადგან მეორე დღეს ჭიდაობაა.

ეს შეჯიბრება კომერციულია - ჩემპიონები ჯილდოდ 10 000 დოლარს მიიღებენ (პირადი მწვრთნელს 2 000 ერგება), ფინალისტების სარგო 5 000-ია, ბრინჯაოსმედალოსნებისა - 2 000-2 000 დოლარი.

სათადარიგოები ტურნირებზე
ლიდერთა გარდა, საერთაშორისო ტურნირებზე სათადარიგო მონაწილეებიც წავლენ. მათგან ადრე - 23 ნოემბერს "ბერძენ-რომაელები" გაემგზავრებიან მეზობელ ერევანში. თავდაპირველი გეგმით, ისინი თვის დასაწყისში მინსკშიც აპირებდნენ ჭიდაობას ოლეგ კარავაევის მემორიალზე, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და ერევანი აარჩიეს, სადაც საერთაშორისო ტურნირი ტარდება.

ბეგი დარჩია იქ, აკაკი ჩაჩუასა და ჯემალ ბაკურიძის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტულ შემადგენლობას გზავნის - ტიტულოვანთა უმეტესობას ასვენებს, აჭიდავებს ქვეყნის ჩემპიონებს, ოღონდ მათი აბსოლუტური უმრავლესობაც ზედა წონაში იასპარეზებს.

მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, იქ ნიკა ცეცხლაძე (59), მურად მიქელაძე, ლაშა გოგიტაძე (ორივე - 66), ანტონ მამაგეიშვილი, არჩილ თურმანიძე, გოგა გოგიბერაშვილი (სამივე - 71), გოგა აფრიამაშვილი, მინდია წულუკიძე (ორივე - 75), გიორგი დათუნაშვილი, ნიკა კელასოვი (80), გიორგი ცირეკიძე, რუდოლფ ოგანეზოვი (85), მათე სოფაძე, რევაზ ნადარეიშვილი, მიხეილ ქაჯაია (სამივე - 98) და სანდრო დიხამინჯია (130) იჭიდავებენ. თუმცა ამათგან ქაჯაიას საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია - ფეხი იტკინა და ვნახოთ, თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას.

24 ნოემბერს უკვე "თავისუფლები" გაუდგებიან ტურნირის გზას - ემზარ ბედინეიშვილის, ოთარ თუშიშვილისა და გოჩა კირკიტაძის ხელმძღვანელობით, ირანში მიფრინავენ, სადაც ქალაქ მაზანდარანში 26-27 ნოემბერს გუნდური საერთაშორისო ტურნირი "მსოფლიოს საკლუბო ჭიდაობის თასი" ტარდება. იქ ჩვენგან ლევან მურცხვალაძე, ლაშა ტალახაძე (ორივე - 57), აკაკი მოწონელიძე, შოთა ფარტენაძე (61), მალხაზ ზარქუა (65), ალექსანდრე ჯაჭვაძე (70), ზურაბ ერბოწონაშვილი (74), ირაკლი მწითური, თედორე ებანოიძე (ორივე - 86), გიორგი კაკაურიძე (97) და თორნიკე ხიდეშელი (125) იჭიდავებენ, ტურნირზე კი მიხეილ გრძელიძე იმსაჯებს. როგორც გითხარით, ესაა გუნდური შეჯიბრება, სადაც საკმაოდ დიდი საპრიზო ფონდია დაწესებული.

თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა კიდევ ერთი ჯგუფი, დავით პოღოსიანის ხელმძღვანელობით, 27-29 ნოემბერს ყაზახურ თარაზში (ყოფილი ჯამბული) კუნაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს: კონსტანტინე ხუციშვილი (57), კონსტანტინე ხაბალაშვილი, ლევან ქელეხსაშვილი (ორივე - 65), დავით ბერძნიშვილი, დავით ტლაშაძე, გიორგი ლობჟანიძე (სამივე - 70), იაკობ მაქარაშვილი, რევაზ ივანიშვილი (ორივე - 74), გოჩა ლომთათიძე (86), დავით ქერაშვილი (97), გიორგი საკანდელიძე, დავით მოძმანაშვილი (ორივე - 125), მსაჯი: რუსლან დარსანია. ეს საკმაოდ ძლიერი და ტრადიციული ტურნირია, საკმაოდ დიდი ისტორიით, რომელშიც ჩვენები ადრეც ხშირად გამოსულან.

ამ შეჯიბრებების შემდეგ ორივე ნაკრები, ძირითადად, საშეკრებო მზადებაზე გადავა და საქართველოს ჩემპიონატისთვის დაიწყებს ვარჯიშს, რომელიც გაისად, 9-12 იანვარს თბილისში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული