ჭიდაობა. ინდოეთის ლიგა: სამი ქართველი ინდურ დრაფტზე

AutoSharing Option
ძიუდოს შემდეგ ჭიდაობაც გადადის კომერციულ რელსებზე, რასაც ინდოეთის ახალდაარსებული პირველი პროფესიული ლიგაც ადასტურებს. ის 8-დან 28 დეკემბრამდე გაიმართება და ფორმატის გარდა, უჩვეულო საპრიზო ფონდითაც გამოირჩევა.

მისასალმებელია, რომ მასში სამი ქართველიც იჭიდავებს: მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97) და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დავით მოძმანაშვილი (125), რომლებიც დაინტერესებულმა კლუბებმა აუქციონის წესით აირჩიეს.

ახალი ტურნირის მთავარი სიახლეც ესაა - კლუბები მოჭიდავეებს ინტერნეტაუქციონით ყიდულობდნენ, რომელიც ერთი თვით ადრე გამოცხადდა. ესაა გუნდური შეჯიბრება,
რომელშიც ინდოეთის 6 კლუბი გამოვა: დელის, უტარ-პრადეშის, ჰარიანას, პენჯაბის, მუმბაისა და ბენგალიის. იგი მხოლოდ "თავისუფალსა" და ქალთა ჭიდაობებში ჩატარდება, ბერძნულ-რომაული კი მასპინძლებმა "დაჩაგრეს".

ზემოაღნიშნულ მონაკვეთში კლუბები 18 შეხვედრას გამართავენ, "გუნდი-გუნდზე" პრინციპით, ამ მარათონის საუკეთესოები კი ნახევარფინალში გააგრძელებენ ბრძოლას.

ერთი შეხვედრა ქალებისა და ვაჟების გაერთიანებული გუნდის მონაწილეობითაც გაიმართება, სადაც ვაჟებს ექნებათ 5 წონითი კატეგორია: 57, 65, 74, 97 და 125, ქალებს კი ოთხი: 48, 53, 58 და 69 კილოგრამები. ყოველ გუნდს ერთ შეხვედრაში 4 ლეგიონერის წარდგინება შეუძლია, ოღონდ სქესთა ბალანსი თანაბრადაა დაცული და ვაჟებშიც და ქალებშიც 2-2 უცხოელს თუ დააყენებენ. შეხვედრები სამი სამწუთიანი პერიოდისგან შედგება.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის საიტის ცნობით, აუქციონში მოჭიდავეთა ტიტულების გაუთვალისწინებლად სასტარტო ღირებულებად 50 000 დოლარი დადგინდა. იმავე წყაროს ცნობით, აუქციონში მონაწილეობის უფლება 23 ქვეყნის 160 მოჭიდავეს მიეცა, თუმცა მათგან ტურნირში მხოლოდ 60 იასპარეზებს.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მსურველი არ გამოუჩნდა დაღესტნელთა მსოფლიოს ჩემპიონ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს (70), რომლის სასტარტო ღირებულებაც 50 000-ს შეადგენდა. არანაკლებ უცნაურია, რომ კლუბებმა ყველაზე მეტი თანხა არა ვაჟებში, არამედ ქალებში გადაიხადეს - ყველაზე ძვირად 60 კილოგრამში უკრაინელთა მსოფლიოს ჩემპიონი ოქსანა ჰერჰელი (62 500 დოლარი) და მძიმეში ბელორუსთა ევროპული თამაშების გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანი ვასილისა მარზალიუკი (61 000) შეფასდნენ.

ვაჟთაგან ყველაზე მეტი კლუბებმა თავიანთ მოჭიდავეებში გადაიხადეს - ოლიმპიურ პრიზიორ იოგეშვაარ დუტში (60) 60 000, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანსა და მსოფლიოს ჩემპიონ სუშილ კუმარში (74) - 58 000.

ძვირად ღირებულთა შორის მოხვდა ხინჩეგაშვილიც, ვინც 53 500-ად პენჯაბელებმა შეისყიდეს, ოდიკაძეში "მუმბაიმ" 29 000 გადაიხადა. სხვათა შორის, მათ კიდევ ერთი ქართველი იყიდეს, ოღონდ სომხეთის სახელით მოასპარეზე მძიმეწონოსანი მსოფლიოს პრიზიორი ლევან ბერიანიძე (25 700), მოძმანაშვილი კი 27 400-ად ბენგალიელებმა აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ღირებულება პირდაპირპროპორციულია მათი ჰონორარისა.

ინდოეთის ლიგაში კიდევ ერთ ქართველს უნდა ეჭიდავა - დელის კლუბმა საკმაოდ ძვირი, 50 500 დოლარი გაიღო ჩვენი მძიმეწონოსანი ფალავნის, ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან გენო პეტრიაშვილში, თუმცა ბოლო მომენტში თავად სპორტსმენმა იუარა იქ წასვლა, რადგან 9-12 იანვარს თბილისში ჩასატარებელი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული