თუმცა "ბერძენ-რომაელთა" მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას იქამდე ჯერ კიდევ შორი გზა აქვს გასავლელი - მის გუნდს არც ერთი ლიცენზია არ აქვს და მათ ჯერ საგზურებისთვის უნდა იბრძოლონ. ამ მხრივ "თავისუფალთა" დამრიგებელი რევაზ მინდორაშვილი ბევრად უკეთეს დღეშია - მისმა შეგირდებმა შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ლიცენზია
თუმცა ოლიმპიური სეზონის გამო საქართველოს ჩემპიონატის მნიშვნელობა იმდენად დიდია, ერთი გამონაკლისის გარდა, მასში ეს ლიცენზირებული ფალავნებიც გამოდიან. წინასწარი მონაცემებით, რასაც ორივე მთავარი მწვრთნელი ადასტურებს, ქვეყნის პირველობაში უკლებლივ ყველა ძლიერი და ანგარიშგასაწევი ფალავანი იჭიდავებს, პრივილეგია არავის ექნება. იმ ერთი შემთხვევის გარდა, მათ არავინ გაუთავისუფლებიათ და არც აპირებენ ამას.
9 იანვარს თავდაპირველი წონების აწონვა და წილისყრა იქნება, 10-ში კი "თავისუფალთაგან" 65-70, ხოლო "ბერძენ-რომაელთაგან" 66-71-75 წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ. 11-ში ასპარეზი ორივე სახეობიდან 3-3 წონას დაეთმობა: 57-86-125-ს "თავისუფლებიდან" და 59-80-130-ს - "ბერძენ-რომაელთაგან". 12-ში ორივე სტილიდან დარჩენილი 2-2 წონის ფალავნები გამოვლენ, ანუ, შესაბამისად, 61-74 და 84-98 კილოგრამების წარმომადგენლები.
ხინჩეგაშვილი ისვენებს
ის ერთი გამონაკლისიც მინდორაშვილმა დაუშვა თავის ნაკრებში და ისიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე (57). შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ცოტა არ იყოს და, სარისკოდ ბევრი, ფაქტობრივად, შესვენებების გარეშე იჭიდავა - გამოვიდა ირანის საკლუბო ლიგაში და გერმანულ ბუნდესლიგაში, მთელი დეკემბერი კი ინდოეთში გაატარა იქაურ ახალდაარსებულ საკლუბო ლიგაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უცხოელი იყო.
ჩვენებურმა ყველგან წარმატებით იჭიდავა და დაუმარცხებლად ჩაამთავრა ეს ტურნირები, მაგრამ, პრაქტიკულად, არ დაუსვენია. ამიტომ ახლა არ იასპარეზებს (თან წონის დაკლებაც უწევს) და მოგვიანებით შეკრებებზე შეუერთდება ნაკრებს.
ლიდერები და მძიმე ტრიო
ხინჩეგაშვილის გარდა, ქვეყნის ჩემპიონატში ყველა უძლიერესი თავისუფალი სტილით მოჭიდავე იქნება, მათ შორის, სამივე ლიცენზირებული: ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97), ევროპული თამაშებისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორები - სანდრო ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125). იჭიდავებენ ულიცენზიოდ დარჩენილი ნაკრების სხვა ლიდერები: ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61) და მესამეპრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74). აგრეთვე - დავით ტლაშაძე (70), ხოლო 66-ში ისევ ცხარე პაექრობაა მოსალოდნელი ევროპის მესამეპრიზიორ კონსტანტინე ხაბალაშვილსა და ალექსანდრე კენჭაძეს შორის.
იქნებიან აგრეთვე უტიტულოები, მაგრამ ანგარიშგასაწევი ფალავნები და ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებული სპორტსმენები. მაგალითად, ოთარ გოგავა, ბექა ბუჯიაშვილი (ორივე - 57) და სხვები.
განსაკუთრებითაა აღსანიშნავი მძიმე წონა, სადაც ყველაზე დაძაბულ კონკურენციას უნდა ველოდოთ: წონის ლიდერობას პეტრიაშვილს ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი დავით მოძმანაშვილი და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე შეეცილებიან. სხვათა შორის, მათ ინდოეთის ლიგაში გაიარეს რეპეტიცია, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ და საკანდელიძემ მოუგო მოძმანაშვილს.
ინდოეთში პეტრიაშვილსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ არ წავიდა - სწორედ საქართველოს ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად უარი თქვა საკმაოდ სარფიან საჰონორარო ვარიანტზე.
ლაშხი ახალ წონაში
უკლებლივ ყველა უძლიერესი ფალავანი იჭიდავებს "ბერძენ-რომაელთა" ტურნირშიც. ეგ კი არა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლეიბს უბრუნდება ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი ფინალისტი რევაზ ლაშხი, ოღონდ გვარიანი სიურპრიზით - მშობლიური და ჩვეული 66-ის ნაცვლად თურმე 59-ში აპირებს გამოსვლას. ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.
გობაძე, დათუნაშვილი და ახალგაზრდები
სამაგიეროდ, საქართველოს ჩემპიონატში გამოვა მსოფლიოს მესამეპრიზიორი ლაშა გობაძე (80) - ერთადერთი ქართველი "ბერძენ-რომაელი", ვინც წლეულს პირველხარისხოვან ტურნირზე მედალი მოიპოვა. თუმცა ეს არაა გობაძის ერთადერთი მიღწევა შარშანდელი სეზონიდან - ის გახდა პირველი ქართველი ამ სტილის ჭიდაობაში, ვინც სახელგანთქმული ტახტის ტურნირი მოიგო ირანში. მოგვიანებით გობაძემ "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირშიც წარმატებით იასპარეზა ბაქოში.
საქართველოს პირველობაში იჭიდავებს ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც (75), ვინც შარშან ევროპულ თამაშებზეც და მსოფლიოზეც მეხუთეზე გავიდა. მას მეტოქეობას ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი გელა ბოლქვაძე გაუწევს, ვინც წლეულს გადმოვიდა ეროვნულ ნაკრებში.
ასევე იჭიდავებს ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანწინდელი ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66), ხოლო კიდევ ერთი შარშანდელი გამარჯვებულის, ნიკოლოზ კახელაშვილის (98) გამოსვლა შეიძლება საეჭვო გახდეს, რადგან მხარი აწუხებდა.
თუმცა, ცხადია, რომ "ბერძენ-რომაელთა" ტურნირიც ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. მით უფრო, ამ შეჯიბრებაში გამოსვლა ახალგაზრდული ნაკრების წევრებსაც შეუძლიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"