რიო 2016: ქართველ მოჭიდავეთა სალიცენზიო ლაბირინთი

AutoSharing Option
ფოტოზე: ელიზბარ ოდიკაძე
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები ჭიდაობაში კვლავ ძველებური სისტემით, ანუ რამდენიმე ეტაპად გაიცემა. პირველი ეტაპი - მსოფლიოს ჩემპიონატი შარშანვე მოიტოვეს უკან, როცა სექტემბერში ლას-ვეგასში გამართულ ამ ტურნირზე ლიცენზიების უმეტესობაც დარიგდა. დარჩენილ ლიცენზიებს წლეულს გამოუჩნდება პატრონი, საამისოდ კი ისევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი. უფრო ზუსტად - სამი, რადგან ამდენივე სალიცენზიო შეჯიბრება ჩატარდება - ერთი კონტინენტალური და ორიც - საერთაშორისო.

თუმცა ვიდრე ამ ტურნირებს მიმოვიხილავთ, მცირე ექსკურსი წონით კატეგორიებთან დაკავშირებით გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, ამ ოლიმპიურ ციკლში თამაშებზე ქალების და ვაჟების წონები
გათანაბრდა - ვაჟების 8-ს ორი მოაკლეს და ქალების 4-ს დაუმატეს, რითაც ყველას 6-6 წონითი კატეგორია გამოუვიდა.

აქვე გეტყვით, რომ ქალებისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა იქნება - ისინი პირველად 2000 წელს, სიდნეიში დაუშვეს თამაშებზე. გასაგები მიზეზების გამო ამ წერილში ძირითადად ვაჟებზე ვისაუბრებთ, თუმცა უკვე ქალებშიც გვეყოლება ლიცენზიის ერთი მაძიებელი - ლიანა მაჭარაშვილი (58), ვინც რუსეთიდან გადმოვიდა, სადაც ალმეევას, ანუ დედის გვარით ჭიდაობდა.

თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური წონითი კატეგორიებია 57, 65, 74, 86, 97 და 125, ხოლო კიდევ ორი - 61 და 70 ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პროგრამაში შედის. ბერძნულ-რომაულში ოლიმპიური წონებია 59, 66, 74, 85, 98 და 130, ხოლო თამაშების მიღმა 71 და 80 დარჩა.

წლეულს პირველი სალიცენზიო შეჯიბრება კონტინენტური ტურნირები იქნება, რომელიც ყველა კონტინენტისთვის ცალ-ცალკე გაიმართება, თუმცა აფრიკა და ოკეანია (ავსტრალიითურთ) ერთადაა გაერთიანებული, როგორც ამერიკის ორივე კონტინენტი. ამ შეჯიბრებებზე ქალებშიც და ვაჟებშიც მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ საგზურებს, ანუ ამ გზით სულ 36 ლიცენზია დარიგდება.

ევროპის სალიცენზიო შეჯიბრებას 15-17 აპრილს სერბული ზრენჯანინი უმასპინძლებს.

ამას უკვე პირველი საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი მოჰყვება - 22-24 აპრილს მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში, სადაც ვაჟებში ყველა წონაში სამ-სამი, ქალებში კი ორ-ორი საგზური გათამაშდება. ამ რანგის მეორე ტურნირს 6-8 მაისს სტამბოლი უმასპინძლებს, ბრაზილიის საგზურს კი ქალებშიც და ვაჟებშიც ორ-ორი ფალავანი, ანუ მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

ამით სალიცენზიო შეჯიბრებებიც დამთავრდება, თუმცა გარკვეული კვოტები კიდევ იქნება დარჩენილი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თუ საკუთრივ ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციისთვის. მთლიანობაში, ოლიმპიადაზე 344 ათლეტი იჭიდავებს. ამათგან 336 პირადად მოიპოვებს საგზურს - 228 ვაჟი და 108 ქალი (გავითვალისწინოთ, რომ ვაჟთა ჭიდაობა ორ სტილად იყოფა, ანუ მათთან 12 წონითი კატეგორიაა, ქალებში - 6), 8 მონაწილე კი კვოტებით დაემატება.

ჭიდაობაში ლიცენზიას ფედერაცია იღებს და არა პირადად სპორტსმენი, ანუ შეიძლება, საგზური ერთმა მოიპოვოს, მაგრამ მწვრთნელმა ოლიმპიადაზე სხვა წაიყვანოს. ამასთან, ქვეყანა, რომელსაც ამა თუ იმ კონკრეტულ წონაში მოპოვებული აქვს საგზური, იმ წონაში სალიცენზიო ტურნირში მონაწილეს ვერ გაიყვანს. ცხადია, ეს გარკვეული შეღავათია ჩვენებისთვის, რადგან წონის ლიდერებთან არ მოუწევთ პაექრობა. დღეის მდგომარეობით, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთს უკლებლივ ყველა, 6-ვე საგზური აქვს. 5 ლიცენზიით მეორეა ირანი, ხოლო ჩვენ, აზერბაიჯანს და მონღოლეთს 4-4 გვაქვს.

ჩვენს "თავისუფლებს" მხოლოდ ორი საგზური აქვთ საძიებელი, აი, "ბერძენ-რომაელთა" ამოცანა კი გაცილებით რთულია - ჯერჯერობით არც ერთი ლიცენზია არ აქვთ.

ჩვენს "თავისუფალთაგან" მსოფლიოს ჩემპიონატზე რიო დე ჟანეიროს საგზურები მოიპოვეს ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57), მესამეპრიზიორებმა - სანდრო ამინაშვილმა (86), გენო პეტრიაშვილმა (125) და მეხუთეზე გასულმა ელიზბარ ოდიკაძემ (97). რევაზ მინდორაშვილის გუნდს ლიცენზია საძიებელი მხოლოდ 65 და 74 კილოგრამებში დარჩა.

საქართველოს ჩემპიონატი კარს მოგვადგა - 10-12 იანვარს ტარდება თბილისში, სპორტის ახალაშენებულ სასახლეში და სწორედ იქ გამოვლინდებიან ახალი ლიდერები როგორც ამ ორ წონაში, ისე - უკვე ლიცენზირებულებშიც. ამიტომ ძნელია ახალ ლიდერებზე ლაპარაკი, თუმცა 74-ში ბოლო წლებში ლიდერად მყარად ჩამოყალიბდა ჯუმბერ ყველაშვილი, რომელიც შარშან მესამე იყო ევროპულ თამაშებზე, ადრე კი მსოფლიოს ჩემპიონატზეც უჭიდავია ბრინჯაოსთვის.

ვნახოთ, ჩამოართმევს თუ ვერა მას ვინმე ლიდერობას, თუმცა რომც დარჩეს პირველ ნომრად, არა გვგონია, ლიცენზიის მოპოვება გაუჭირდეს.

ცოტა ძნელია პროგნოზის გაკეთება 65-ში, სადაც შარშან ლიდერის პოზიციაზე ახალგაზრდული ნაკრების წევრი ავთანდილ კენჭაძე მოგვევლინა, თუმცა აქვე ჭიდაობს ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი კონსტანტინე ხაბალაშვილიც.

ცხადია, არაა გამორიცხული, ამათ დავაში ვინმე სხვაც ჩაერიოს. მით უფრო, ახალგაზრდებს ნამდვილად გააჩნიათ ამის ამბიცია.

კიდევ უფრო ძნელია პროგნოზის გაკეთება "ბერძენ-რომაელებთან" მიმართებაში. შარშან მათთან ყველაზე ნათელი წერტილი ლაშა გობაძე (80) აღმოჩნდა, ვინც მსოფლიოზე მესამეზე გავიდა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს წონითი კატეგორია არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში. არადა, გობაძე არც წონის შეცვლას აპირებს.

საოლიმპიადო წონებიდან გუნდის ლიდერი ისევ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (74) ჩანს, მაგრამ ვიქონიოთ იმედი, რომ მასთან ერთად სხვებიც მოიპოვებენ საგზურებს და ბრაზილიაში სრულად თუ არა, სანახევროდ დაკომპლექტებული გუნდით მაინც წავალთ.

აი, "თავისუფლებს" კი დიდი შანსი აქვთ, სრულად დაკომპლექტებული გუნდით წავიდნენ ბრაზილიაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა,როდესაც ჭიდაობის ამ ორ სახეობაში ასე მოვუკელით ,განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულში,სადაც 2007 წლის მერე მსოფლიოზე ოქრო არ მოგვიგია,ასევე ევროპაზეც უჭირთ ჭიდაობა,თავისუფლებში კიდევ არაგვიშავს კიდევ კაი ლადო წელს მოიგო და გაახარა გულშემატკივარი.დიდი იმედი მაქ ახალგაზრდების ბერძნულ-რომაულში , რადგან ახალგაზრდებში გასულ წელს რიოში მსოფლიოზე 4 ოქრო და ვერცხლი მოიგეს , ამიტომ არის შანსები,რომ სრულიად შევავსოთ ქვოტა , ერთი 59 კილოს მეშინია ყოველთვის გვიჭირდა მჩატე წონაში, თუ არ ვცდები წინა ოლიმპიადაზეც არ გვყავდა მჩატე წონაში წარმომადგენელი
irakli arqania
00:06 07-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული