კარგი შანსი ქართველებისთვის - რუსული საჭიდაო ლაზარეთი

AutoSharing Option
ფოტოზე: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ჯამალ ოთარსულთანოვი
წინა უქმეებზე კრასნოიარსკში ჩატარდა ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი, რომელიც, ტრადიციულად, ძალიან ძლიერი შემადგენლობისა გამოდგა. მასში ჩვენი ნაკრები არ გამოდიოდა, თუმცა მის დაწყებამდე თუ თავად შეჯიბრებაზე განვითარებული მოვლენები მაინც საინტერესოა ჩვენთვის, რადგან მიახლოებით უკვე შეიძლება ლაპარაკი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს სავარაუდო მეტოქეებზე რუსეთიდან.

თუმცა ჯერ ტრავმირებულებზე ვთქვათ, რომლებიც ვერ გამოვიდნენ ტურნირში.

ამ შეჯიბრებას ჩეჩენი ევროპის სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვი (57) და დაღესტნელთა ყაბარდოელი მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული, ოლიმპიური პრიზიორი ბილიალ მახოვი (125)
რომ გამოტოვებენ, დიდი ხნის წინ გაცხადდა.

ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ რუსულ ლაზარეთს მსოფლიოს სხვადასხვა წლის ჩემპიონები - სოსლან რამონოვი (65), ანიუარ გედუევი (74) და აბდუსალამ გადისოვი (97) შეუერთდნენ, დაღესტნელთა ნაკრების კრასნოიარსკში გაფრენისთანავე კი იქაური ჭიდაობის ფედერაციის საიტმა გვაუწყა, რომ გუნდს ტრავმის გამო ვერც თანამედროვეობის უდიდესი ტალანტი, "რუსულ ტანკად" წოდებული ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის გამარჯვებული აბდულრაშიდ სადულაევი (86) გაჰყვა - ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მუხლის გვერდითი მყესები გაუწყვეტია. იმავე წყარომ ჩეჩენი მძიმეწონოსანი მურადინ კუშხოვიც გამორიცხა.

ხინჩეგაშვილის მეტოქეები და შანსები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მთავარ კონკურენტ ოთარსულთანოვს (შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მასთან დამარცხდა ლონდონის ოლიმპიადის ფინალში) მუხლი აწუხებს, რომელიც შარშან ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირზე უტკენია. მისი მწვრთნელის - ანატოლი მარგიევის თქმით, მან უკვე განაახლა ვარჯიში, თუმცა ჯერ მხოლოდ მსუბუქად იტვირთება, დაბრუნებას კი 18-19 თებერვალს მინსკში ჩასატარებელ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირზე გეგმავს.

რაც ჩვენთვის ყველაზე საყურადღებოა, მინსკში ის 57-ში გამოვა. არადა, წონის პრობლემა მასაც აწუხებს და ბევრს იკლებს, თუმცა ხინჩეგაშვილისგან განსხვავებით (ვისაც მართლაც არ ჰყავს რეალური კონკურენტი ნაკრებში), მას მწვრთნელები იმის ფუფუნებას ვერ მისცემენ, საერთაშორისო შეჯიბრებებში ზედა წონაში, 61 კილოგრამში გამოვიდეს, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება კონკურენტთა პროტესტი. კონკურენცია კი ამ წონაში რუსებთან ძალიან დიდია იმის მიუხედავადაც, რომ იარიგინზე 61-ში გამოვიდა მასპინძელთა მთავარი იმედი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ავტონომიის პრეზიდენტ ბორის ეგოროვის სიძე ვიქტორ ლებედევი.

საერთოდ არ გამოჩენილა კიდევ ერთი ციმბირელი, ოღონდ ეროვნებით ტუვინი, ევროპის სამგზის გამარჯებული ოპან სატი, ვისაც ქართველი მწვრთნელი ვლადიმერ მოდოსიანი ავარჯიშებს. შესაძლოა, ის რუსეთის ჩემპიონატისთვის ინახავს ძალებს, რომელიც საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევია. თუმცა რუსებს კონკურენცია მაინც არ აკლიათ, რადგან გამოვიდნენ დაღესტნელთა კუმიკი ევროპის ჩემპიონი ნარიმან ისრაპილოვი, არტემ გებეკოვი, ისმაილ მუსუკაევი, აფხაზი რუსტამ ამპარი და სხვები.

ოღონდ იარიგინის ტურნირი მაინც ზედა ჩამონაცვლებულმა ევროპული თამაშების გამარჯვებულმა ალექსანდრ ბოგომაევმა მოიგო. ჩანს, ბურიატი სერიოზულად უმიზნებს ოლიმპიადას, რადგან აქამდე არაოლიმპიურ 61-ში გამოდიოდა. თუმცა არა მგონია, ეს ხინჩეგაშვილს განსაკუთრებული შეშფოთების საბაბს აძლევდეს - რომ არა ერთგვარი რიდი და ტაქტიკური შეცდომა, ბაქოში ბოგომაევის დამარცხება ბექა ლომთაძესაც სავსებით შეეძლო, ხინჩეგაშვილი კი ისეთ შეცდომებს არ დაუშვებს.

ვფიქრობთ, ამ კონკურენციაში ოთარსულთანოვს, მინიმუმ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ძალზე მცირე შანსი აქვს - იარიგინი საევროპოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და ძალზე საეჭვოა, იქ მონაწილეობის გარეშე მწვრთნელებმა ვინმეს დაუთმონ ადგილი ნაკრებში. მით უფრო, ევროპირველობა მარტის დასაწყისში ტარდება რიგაში და საეჭვოა, ჩეჩენმა მანამდე სრულად მოასწროს ფორმის აღდგენა.

ასევე გვგონია, რომ ლებედევიც ვერაა მთავარი კონკურენტი - 57-ში დაკლებას ვერ ახერხებს, 61-ში კი იმამ აჯიევთან წააგო და მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა, იქნებ მან ახლა არც იწვალა დასაკლებად და ამის გაკეთებას ზაფხულში რუსეთის ჩემპიონატისთვის აპირებს, მაგრამ ფაქტია - მას გაუჭირდება ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრა.

სად იჭიდავებს მახოვი?
ასევე შარშან ნატკენ ფეხს მკურნალობენ მახოვი და გადისოვი, რომლებსაც ასევე უმცირდებათ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი. საინტერესოა, რომ ორივემ მუხლის ოპერაცია გაიკეთა. მახოვმა - გერმანიაში, სადაც ახლაც გადის სარეაბილიტაციო კურსს. მან შარშან მკურნალობა ბოლომდე არ მიიყვანა და რუსეთის ჩემპიონატში გამოვიდა, ოღონდ - ბერძნულ-რომაულში.

სხვათა შორის, არც მას და არც მწვრთნელებს ჯერ გადაჭრით არ უთქვამთ, რომელ სახეობაში გააგრძელებს ჭიდაობას, შარშან კი ოლიმპიადის საგზური ორივე სტილში მოიპოვა - მსოფლიოზე "თავისუფალშიც" მესამეზე გავიდა და ბერძნულ-რომაულშიც. სპორტში მისი დაბრუნების თარიღი ჯერ არაა ცნობილი, თუმცა რუსეთის ნაკრებში ამბობენ, რომ არაფერი აქვს საჩქარო, რომ წლეულსაც დააჩქაროს დაბრუნება და ამით კარიერა საფრთხეში ჩაიგდოს.

ოთარსულთანოვის მსგავსად, დაბრუნებას გადისოვიც თებერვალში გეგმავს მედვედის ტურნირზე. თუმცა ამ წონაში იარიგინზე ამბები მოხდა, თქვენი მოწონებული - ჩეჩენთა იმედმა და ავტონომიის პრეზიდენტ რამზან კადიროვის სპეცრაზმსა თუ პირად დაცვაში გამობრძმედილმა, ფიზიკურად მართლაც არანორმალურად ძლიერად მომზადებულმა ანზორ ბოლტუკაევმა ყველას და ყველაფერს გადაუარა და ნახევარფინალში ამერიკელ მსოფლიოს ჩემპიონ კაილ სნაიდერსს 3:0 მოუგო, ფინალში კი ასევე ამერიკელ ოლიმპიურ ჩემპიონ ჯეიკობ უორნერს 0:2; 8:0 აჯობა.

სამაგიეროდ, არ ვიცით, როდის განაახლებს ვარჯიშს სადულაევი, მაგრამ ევროპირველობა იქნება, ოლიმპიადა თუ სხვა ტურნირი, ყველგან არასასურველი კონკურენტია როგორც დავით მარსაგიშვილის, ასევე ნებისმიერი ფალავანისთვის. თუმცა მისი არყოფნით დაღესტნის ნაკრებს არაფერი დაუკარგავს - ოქრო მაინც იქაურმა ევროპის პრიზიორმა შამილ კუდიამაგომედოვმა მოიპოვა.

იარიგინზე ჩეჩნებს კიდევ ერთი ჩემპიონი გაუხდათ - ისრაილ კასიმოვი (65). მას და ბოლტუკაევს გროზნოში დაბრუნების შემდეგ კადიროვმა საზეიმო მიღება გაუმართა. ერთი ოქრო მასპინძელმა იაკუტებმაც ირგუნეს - ნურგუნ სკრიაბინმა, რომელმაც ფინალში ლებედევის მომგები აჯიევი დაამარცხა, თუმცა რეალურად მოუგო თუ მოაგებინეს, მიდი და გაიგე...

არაოლიმპიურ 70 კილოგრამში ახალგაზრდა ზაურბეკ სიდაკოვმა გაიმარჯვა, ვისზეც რუსთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა მარიკ თედეევმა თქვა, ევროპის ჩემპიონატზე თანატოლებშიც იჭიდავებს და უფროსებშიცო.

ოსებს ასე მალე დაეტყოთ ნაკრების სათავეში ჯამბულათ თედეევის დაბრუნება თუ რა იყო, კრასნოიარსკიდან ორი ოქრო წამოიღეს - ზაურ მაკიევმა (74) და მძიმეწონოსანმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ვლადისლავ ბაიცაევმა. მძიმეში არ გამოსულა მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი - ვერ გეტყვით, ქვეყნის პირველობისთვის ინახავს თავს თუ ასაკი გასახდელისკენ ექაჩება, თუმცა გენო პეტრიაშვილისთვის ბაიცაევთან მეტოქეობა უფრო ხელსაყრელი გვგონია.

სარიტოვი რუმინეთში
დასასრულ, კიდევ ორი ინფორმაცია არა საამტურნირო თემაზე.

კიდევ ერთი ჩეჩენი, მსოფლიოს 2011 წლის მესამეპრიზიორი და მოდოსიანის ნავარჯიშები ალბერტ სარიტოვი (85) რუმინეთში გადადის, რაკი რუსეთის ნაკრებში ვერ ხვდება. ის არაა ტოპ-კლასის მოჭიდავე, თან არც რეჟიმის და დისციპლინის დაცვით გამოირჩეოდა, თუმცა ამ გადასვლით ჩვენებს კონკურენტი მაინც უმრავლდებათ.

დაბოლოს, ბელორუსის ნაკრებიდან გაათავისუფლეს დაღესტნელი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი რუსლან შეიხოვი, ვისაც მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე უმედლოდ დარჩენა არ აპატიეს. არადა, როცა შარშან ევროპულ თამაშებზე ბელორუს კოლეგებს გავესაუბრე, მას ჭკვიან, ინტელექტუალ ადამიანად ახასიათებდნენ.

შეიხოვი სამშობლოში დაბრუნდა და სადაზღვევო კომპანიას ჩაუდგა სათავეში, რომელსაც აქამდე მისი უფროსი ძმა ხელმძღვანელობდა, ბელორუსებმა კი მის ნაცვლად სახელოვანი ვეტერანი, მსოფლიოს სამგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ანატოლი ბელოგლაზოვი მიიწვიეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კრასნოიარსკი და იაკუტია რა შუაშია ერთმანეთთან?
gio343
00:53 05-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული