სოფიის ტურნირი: ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ევროპას მიაშურეს

AutoSharing Option
ფოტოზე: ზვიად პატარიძე
დღეს, 26 თებერვალს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის ხსოვნის დიდი საერთაშორისო ტურნირი იწყება 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, თუმცა მასში ახალგაზრდებიც გამოვლენ.

ეს ფრიად ტრადიციული შეჯიბრებაა, რომელიც ადრე უფროსებში ტარდებოდა, მერე ახალგაზრდებისა გახადეს, ბოლო ორი წელიწადი კი, ანუ მას შემდეგ, რაც 23-წლიანები ოფიციალურად დააკანონეს და ევროპის ჩემპიონატიც დაუნიშნეს, ამ ასაკში გადმოიტანეს. თუმცა მას 50 კილოგრამი კატეგორია დაუმატეს, რათა ახალგაზრდებსაც შესძლებოდათ გამოსვლა.

ის სამივე საჭიდაო მიმდინარეობაში ტარდება, ანუ ბიჭები ორივე სტილში გამოდიან და გოგონებიც ემატებიან.

გუშინ დილით
თბილისიდან ბულგარეთში სამი გუნდი გაფრინდა - 23-წლიანი ბიჭების ორივე ნაკრები და თავისუფალ სტილში მოჭიდავე ახალგაზრდები. რაც შეეხება "ბერძენ-რომაელ" ახალგაზრდებს, ისინი ავსტრიაში გაემგზავრნენ.

უკლებლივ ყველა ეს ნაკრები თანატოლთა ევროპის ჩემპიონატებისთვის ემზადება, თუმცა ეს შეჯიბრება 23-იანებში თუ მარტში ტარდება, ახალგაზრდებში ივნისში გაიმართება, ანუ ამ ეტაპზე ყველას განსხვავებული ამოცანა აქვს - 23-იანებისთვის ძირითადად სასტარტოა, თუმცა აქა-იქ, ზოგიერთ წონაში შესარჩევი დანიშნულებაც ექნება.

ახალგაზრდებისთვის ჯერ მხოლოდ შესარჩევი ეტაპია, თუმცა მწვრთნელთა მიდგომები ყველგან განსხვავებულია. ამიტომ ჩვენც ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ბულგარული გუნდები
მწვრთნელების უმეტესობა ჯერ არ ასახელებს ევროპის პირველობებზე წასაყვან შემადგენლობებს, თუმცა 23 წლამდე "თავისუფალთა" მთავარი მწვრთნელი ემზარ ბედინეიშვილი გამონაკლისია. მით უფრო, მათ დროც არ დარჩათ ბევრი - ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატს 29 მარტიდან 3 აპრილამდე ბულგარეთის ქალაქი რუსე უმასპინძლებს.

შოთა ფარტენაძეს (61), დავით ბუზიაშვილს (70), ლაშა გიგაშვილს (74), ირაკლი მწითურს (86), გივი მაჭარაშვილს (97) და გენო პეტრიაშვილს (125) განაღდებული აქვთ ადგილი ნაკრებში. თუმცა ამათგან მწვრთნელს სოფიაში მწითური და პეტრიაშვილი არ მიჰყავს - მათ ბოლო უქმეებზე მინსკში იჭიდავეს "ალექსანდრ მედვედის თასზე" და მეტი ტურნირი აღარ სჭირდებათ. მით უფრო, პეტრიაშვილს უფროსებშიც ელოდება ევროპის ჩემპიონატი.

ამ ორ წონაში - 86-125-ში მწვრთნელი სოფიაში არც სათადარიგოებს გამოიყვანს, გასარკვევი კი მხოლოდ ორი წონითი კატეგორიაა - 57 და 65. აღსანიშნავია, რომ 65 კილოგრამში ერთ-ერთი კონკურენტი სამტრედიელი ივერიკო ჯულაყიძეა, ვინც ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრია.

თავისუფალი ჭიდაობა. 23-წლიანთა ნაკრები
57 კგ. ლევან მურცხვალაძე, თემურ ვანიშვილი
61 კგ. შოთა ფარტენაძე
65 კგ. ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ბრეგაძე, მამუკა ჩაჩუა
70 კგ. დავით ბუზიაშვილი
74 კგ. ლაშა გიგაშვილი
97 კგ. როლანდ ანდრიაძე
მწვრთნელები: ემზარ ბედინეიშვილი, ოთარ თუშიშვილი, გოჩა კირკიტაძე.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატი 21-26 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდება. იქამდე ჯერ დიდი დროა და ნაადრევია ლაპარაკი ნაკრებში ადგილის განაღდებაზე.

მწვრთნელებისათვის ეს შეჯიბრება ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპია, სადაც უნდა გამოსცადონ ყველა რეალური კანდიდატი. ამიტომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებს უმეტეს წონაში ორ-ორი კაცი მიჰყავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გუნდში მოხვედრის შანსი ამათ გარდა, სხვებს არ აქვთ.

თავისუფალი ჭიდაობა. ახალგაზრდები
50 კგ. გიორგი ხაჩიძე, გიორგი ღონიაშვილი
55 კგ. რობერტ დინგაშვილი, კახა ირემაძე
60 კგ. შმაგი თოდუა, გიორგი ყაზარაშვილი
66 კგ. გიორგი სულავა
74 კგ. ტარიელ გაფრინდაშვილი, ნიკა კენჭაძე
86 კგ. მექი სიმონია
96 კგ. ვაჟა ომარაშვილი
120 კგ. ზურაბ ურთაშვილი
მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, კობა კაკალაძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლიანებშიც ბევრი რამ გარკვეული, თუმცა ბევრი ჯერაც გასარკვევია.

მაგალითად, მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ჯიბლაძემ თანატოლებში ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი ოთხეული უკვე გაარკვია: უფროსებში მსოფლიოს მესამეპრიზიორი ლაშა გობაძე (80) და ახალგაზრდებში მსოფლიოს სხვადასხვა წლის სამი ჩემპიონი: შმაგი ბოლქვაძე (66), რობერტ კობლიაშვილი (85) და იაკობ ქაჯაია (130), თუმცა ამათგან რამდენიმეს ევროპის პირველობა უფროსებში მანამდეც - 8-13 მარტსაც ელოდებათ რიგაში და ეს საკითხი თავის დაღს ასვამს ამ ნაკრებს.

ჯიბლაძეს სოფიაში ეს ოთხეული ვერ მოჰყავს, რადგან ისინი ახლა ეროვნულ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და კვირას მათ შემადგენლობაში მინსკშიც მიფრინავენ ერთობლივ შეკრებაზე, რაც ევროპის პირველობისთვის დასკვნითი ეტაპია. თუმცა ჯიბლაძეს ამ წონებში სათადარიგოები მაინც მიჰყავს გამოცდილების მისაღებად.

გასარკვევი აქაც ორი წონის - 59-ის და 71-ის საკითხია და აქ ორ-ორი კაცი მიჰყავს, თუმცა სოფიაში დანარჩენთა საევროპო მზაობასაც შეამოწმებს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 23-წლიანთა ნაკრები
59 კგ. გიზო მელაძე, ხვიჩა ჭითავა
66 კგ. თორნიკე ჯანგავაძე
71 კგ. რამაზ ზოიძე, ბაკურ გოგოლი
75 კგ. გელა ბოლქვაძე
80 კგ. ნიკა გავაშელიშვილი
85 კგ. შალვა ხაჩიძე
98 კგ. კუკური კირცხალია
130 კგ. ბექა კანდელაკი
მწვრთნელი: ზაზა ჯიბლაძე

სილაგაძე და კომპანია ავსტრიაში
ასაკობრივი გუნდებიდან ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები ერთადერთია, რომელმაც მომზადების სულ სხვა გზა აირჩია და გუშინ დილით ისინი ავსტრიაში გაფრინდნენ, სადაც 27 თებერვალს ქალაქ გიოტცში "ავსტრიის ღია თასზე" გამოვლენ, მერე იქვე 4 მარტამდე საწვრთნელ კემპში მიიღებენ მონაწილეობას, საიდანაც რიგას მიაშურებენ, უფროსთა ევროპის ჩემპიონატს დაესწრებიან, მერე დაუგავპილსში მორიგ შეკრებას გაივლიან, მზადების ამ ხანგრძლივ ეტაპს კი 26-27 მარტს ისევ რიგაში, "ფრეიდენფელდსის თასზე" ასპარეზობით დაასრულებენ და საქართველოში დაბრუნდებიან.

მოკლედ, ზაზა სილაგაძემ შეგირდებს ერთთვიანი ევროპული ტურნე გამოუწერა. ბუნებრივია, ასე ხანგრძლივად გაფართოებულ შემადგენლობას ვერ წაიყვანდა და წონაში მხოლოდ თითო კაცი იახლა. ბუნებრივია, მთავარი ფავორიტები შეარჩია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამათ აქვთ განაღდებული ევროპაზე წასვლა. მით უფრო, ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე ახალგაზრდაცაა დაკავებული.

თაობათა ცვლა ამ ნაკრებსაც შეეხო და მსოფლიოს შარშანდელი ოთხი ჩემპიონიდან სამი - გელა ბოლქვაძე, ზოიძე და კახელაშვილი უკვე 23-იანებში არიან გადასულნი, აქ კი მხოლოდ პატარიძე დარჩა. თუმცა, ამის მიუხედავად, დასახელებულ შემადგენლობაში თითქმის ყველა ტიტულოვანია, რადგან შარშანდელიდან შემორჩენილი ფალავნებიც ძლიერები არიან და ჭაბუკებიდანაც სოლიდური შევსება მიიღეს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ახალგაზრდები
50 კგ. ნუგზარ წურწუმია
55 კგ. დავით ჩხარტიშვილი
60 კგ. ლევან ქავჟარაძე
66 კგ. გიორგი კურტანიძე
74 კგ. თემურ ჭკუასელიძე
84 კგ. გურამ ხეცურიანი
96 კგ. გიორგი მელია
120 კგ. ზვიად პატარიძე
მწვრთნელები: ზაზა სილაგაძე, მუხრან მაჭუტაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული