მომნატრებია ჭიდაობა - ინტერვიუ დავით მარსაგიშვილთან

AutoSharing Option
ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (86) სამწლიანი განშორების შემდეგ ჭიდაობაში დაბრუნდა და წინა კვირაში რიგაში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ამით მან ევროპირველობებზე მედლების სრული კოლექცია ააგროვა, მანამ კი იყო ბრწყინვალე გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატში, სადაც მთელი თავით ამაღლებული გამოჩნდა ახალგაზრდა კონკურენტებზე, და მესამე ადგილი მინსკში, ალექსანდრ მედვედის თასზე, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ოლიმპიადაზე წასვლის შემთხვევაში ფავორიტთა შორის იქნება.

დაბრუნდა და კვლავ იგრძნო ის "ნარკოტიკი", რასაც ჭიდაობის, შენი პროფესიის მონატრება ჰქვია. თან დაბრუნდა
სხვა მენტალიტეტით, სხვა მიდგომით და აზროვნებით, რადგან, როგორც თავად ამბობს, ჭიდაობაში ყველაფერი ნახა - დისციპლინაც და უდისციპლინობაც ანუ შედარების საშუალება აქვს, თან გამოცდილებაც მოემატა და მორალურადაც დიდი სტიმული აქვს - სპორტში დაბრუნებისკენ ოლიმპიადაზე მოხვედრის და იქ წარმატების მოპოვების სურვილმა უბიძგა.

ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ ამ სურვილში და მასთან ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც ჩავლილ ევროპირველობას და მომავალ ოლიმპიადას ეძღვნება.

- ძნელი იყო დაბრუნება სამწლიანი პაუზის შემდეგ?
- მართლაც სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც აქტიურ სპორტში აღარ ვარ. თავიდან ერთი სეზონი კი ვიკოტრიალე, წავედ-წამოვედი, ხოლო მერე საერთოდ არ მიჭიდავია. ახლა ოლიმპიური წელიც მოვიდა და უნდა მოინდომო - როდის, თუ არა ასეთ დროს.

დაბრუნებისთვის ოლიმპიადამ სტიმული მომცა. სპორტსმენისთვის მთავარი ოლიმპიური თამაშები და იქ წარმატების მიღწევაა. ევროპის ჩემპიონი უკვე ორჯერ გავხდი და ამ ტიტულს ჩემთვის ის მუხტი აღარ აქვს, მეტი მინდა, მეტი კი ცოტა ვარჯიშით და ცოტა მონდომებით არ გამოდის, ამაში დიდი შრომა უნდა ჩადო. უკვე ყველანაირად ვარ მობილიზებული.

ბოლო პერიოდში თან ტრავმებს ვიშუშებდი, თან ვვარჯიშობდი და მთელი ყურადღება სპორტისკენ მქონდა მობილიზებული. ღმერთის წყალობით, ტრავმები უკვე აღარ მაქვს, მოვირჩინე ბოლომდე ჩართული ვარ სპორტში. შედეგიც მივიღეთ - დასაწყისისთვის მესამე ადგილიც არაა ცუდი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რაღაც ეტაპი გავლილია.

- ყოველ შემთხვევაში, არ მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენი მაქსიმუმია.
- არა, რა თქმა უნდა, მაქსიმუმი არაა, მინიმუმია. უბრალოდ, დასაწყისისთვის მისაღები შედეგია.

- ჭიდაობაში ბევრი რამეა შეცვლილი? კონკურენცია უფრო გაზრდილია თუ ადრე მეტი იყო?
- ბევრი არაფერია შეცვლილი, მხოლოდ კონკრეტული გვარ-სახელები. რამდენიმე ახალი მეტოქეა და მეტი არაფერი. ზოგადად, მომნატრებია ჭიდაობა.

- რიგაში რამ შეგიშალათ ხელი მეტის მიღწევაში თუ ამ ეტაპზე ეს თქვენი მაქსიმუმი იყო?
- პატარა შეცდომა დავუშვი, რაც იქიდან გამომდინარეობდა, რომ მაკლდა ის ორწლიანი გაცდენა, აქტიურად ვერ ვიყავი ჩართული უშუალოდ ლეიბზე. შეიძლება, ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ სატურნირო პრაქტიკა მაკლდა. შარშან საერთოდ არ მიჭიდავია, შარშანწინ კი ერთი-ორი შეჯიბრება ჩავატარე.

- მწვრთნელებთან თუ გქონდათ საუბარი, რამე ხარვეზებზე ხომ არ მიგითითეს?
- ჯერ არ გვქონია საქმიანი შეხვედრა, ისე კი ამ შეჯიბრებას განვიხილავთ. თუმცა მე რაც ვიგრძენი ტურნირზე, ამჯერად გამძლეობით ნორმალურად ვიყავი, რაც ადრე ჩემი მთავარი პრობლემა იყო. თუმცა ამის გაუმჯობესება კიდევ შეიძლება.

- თქვენს დაბრუნებას როგორი რეზონანსი ჰქონდა, იყვნენ ძველი კონკურენტები?
- კი, როგორ არა, იყვნენ. შეხვედრა კარგი იყო - სიცილით და კეთილგანწყობით მხვდებოდნენ, მილოცავდნენ დაბრუნებას.

- დღევანდელი კონკურენტებიდან საოლიმპიადოდ ვის გამოარჩევთ?
- ალბათ, ყველაზე ძლიერი რუსი აბდულრაშიდ სადულაევი იქნება, რაც ლოგიკურიცაა - კაცმა ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ყველაზე ძლიერია. ალბათ, კუბელი, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი რაინერის პერეს სალასიც ერთ-ერთი ძლიერი იქნება და ირანელი მსოფლიოს პრიზიორი ალირეზა კარიმიმაჩიანიც. მას თებერვალში მინსკში ადვილად კი მოვუგე, მაგრამ ოლიმპიადაზე სულ სხვა იქნება.

აზერბაიჯანელი კირილ გოსტიევიც გასათვალისწინებელია, თუმცა მათ ჯერ გასარკვევი აქვთ, ვის დააყენებენ, რადგან ამის გარდა, სხვებიც ჰყვათ - მაგალითად, მაგომედგაჯი ხატიევი, შარშან მსოფლიო ვინც იჭიდავა, ნურმაგომედ გაჯიევი და სხვები, მაგრამ მგონია, რომ რუსი, კუბელი და ირანელი სხვებზე მაღლა დგანან.

- როგორ ფიქრობთ, საიდულაევის წინააღმდეგ როგორ უნდა იჭიდაოთ, რის ხარჯზე შეიძლება მისი დამარცხება?
- უპირველესად, ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად მოსაგებად და უნდა იჭიდაო. განსაკუთრებული არაფერი, მოგება უნდა გინდოდეს და მოიგებ.

- საოლიმპიადოდ რა ასპექტებზე აპირებ ყურადღების გამახვილებას, რის გამოსწორებას მიიჩნევ აუცილებლად და საჭიროდ?
- უნდა იყო ფორმაში, რეჟიმში და მაქსიმალური ყურადღებით სპორტისკენ. ბოლომდე უნდა იყო ჩართული ჭიდაობაში და გვერდზე რაღაც-რაღაცები არ უნდა გაინტერესებდეს, არ უნდა გადიოდე აქეთ-იქით. ყველაფერი უნდა გადადო დროებით და მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული ოლიმპიადისთვის.

- და თქვენს შემთხვევაში როგორაა აქეთ-იქით გასვლების პრობლემა, ხართ მაქსიმალურად მობილიზებული?
- უკვე ყველაფერი რიგზეა. ისიც მინახავს, როცა გავდიოდი გვერდზე და ისიც, როცა არ გავდიოდი. ამიტომ ვიცი, ბოლომდე თუ არ იქნები ჩართული ჭიდაობაში და კონცენტრაციას ამაზე არ გააკეთებ, ისე არაფერი გამოვა, შედეგი არ იქნება.

- თქვენს პირად მწვრთნელ დავით ხურციასაც ნახავდით, რომელიც დღეს აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობს. რა გითხრათ, კმაყოფილი იყო თქვენი გამოსვლით?
- კი, ვნახე, როგორ არა. ხურცია ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან მესამეზე გავედი, თუმცა მანაც ის მითხრა, რომ ამ გაცდენილი წლების შემდეგ ეს გამოსვლა სასტარტო ტურნირად გამოდგებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული