U23. ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: რუსეში რუსებსაც მოუგებენ?

AutoSharing Option
29 მარტს ბულგარეთის ქალაქ რუსეში 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც თავდაპირველად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან, მერე გოგონები გააგრძელებენ და თავისუფალ სტილში მოასპარეზე ბიჭები დაასრულებენ 3 აპრილს.

ჩემპიონატში ჩვენი ბიჭების გუნდები სრული შემადგენლობებით გამოვლენ, ერთი მონაწილე კი გოგონებშიც გვეყოლება - რუსეთიდან გადმობირებული ლიანა ალმეევა (მაჭარაშვილი; 48).

ბიჭებში "თავისუფალთა" დამრიგებელმა ემზარ ბედინეიშვილმა ადრევე გაარკვია ბულგარეთში წასაყვანი შემადგენლობა. ბევრი გასარკვევი არც მის "ბერძენ-რომაელ" კოლეგა ზაზა ჯიბლაძეს ჰქონდა, თუმცა მან ბორჯომში 22 მარტს ჩაატარა ბოლო საკონტროლო შეხვედრა 59 კილოგრამში, რომელშიც ხვიჩა ჭითავამ
გიზო მელაძეს
მოუგო და ნაკრებშიც გაინაღდა ადგილი.

გუნდები არ არიან ოპტიმალური შემადგენლობით, ვინაიდან ორივეს თავისი დაღი დაასვა ეროვნული ნაკრების ინტერესმა. ქვეყნის მთავარ გუნდებს ხომ სალიცენზიო შეჯიბრებები ელოდებათ და ასაკობრივებიდანაც ბევრი "გადაქაჩეს" თავისკენ. ამან განსაკუთრებით "ბერძენ-რომაელები" აზარალა, რომლებსაც ჯერ ერთი საგზურიც არა აქვთ მოპოვებული, თორემ "თავისუფლებს" ორი ლიცენზია დარჩათ საძიებელი და იმდენი "დამხმარე ძალა" არ სჭირდებათ.

ამიტომაცაა, რომ ასაკობრივ გუნდს დაუთმეს ერთ-ერთი ლიდერი, უფროსებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125), ვინც 23-იანებშიც უდავო ფავორიტი იქნება - უფროსებში მან ისეთ ხალხს მოუგო, თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულის თამადობით, აქ ვინ უნდა დაუდგეს!

ამ ნაკრებიდან კიდევ ერთს გამოვარჩევთ - სამტრედიელი ივერიკო ჯულაყიძე (65) ჯერაც ჭაბუკთა ნაკრების წევრია, მაგრამ ასაკით მასზე უფროსთა ნაკრებში მაინც მოიპოვა ადგილი.

სამაგიეროდ, არასალიცენზიო თემატიკამ ზაზა ჯიბლაძე ახეირა, ვისაც შემადგენლობაში ისევ ეყოლება ამ ასაკში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, ხოლო უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა გობაძე (80) - ეს წონა არაა ოლიმპიადის პროგრამაში და ამიტომ არ მიჰყავთ სალიცენზიოებზე, თორემ ამ მიზეზით ჯიბლაძეს გამოაკლდნენ უფროსებში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და ბრინჯაოსმედალოსანი შმაგი ბოლქვაძე (66).

თუმცა, გარკვეული გადახალისებების მიუხედავად, ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერია და ასაკობრივ ევროპირველობაზე წლეულსაც წარმატებით უნდა იასპარეზონ.

23-იანებში ევროპის ჩემპიონატი პირველად შარშან ჩატარდა პოლონურ ვალბრზიხში და ჩვენმა "თავისუფლებმა" 5 მედალი (2-2 ოქრო-ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვეს, "ბერძენ-რომაელებმა" - 4 (1 ოქრო და 3 ბრინჯაო). "თავისუფალთა" შორის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ იაკობაშვილი (65) გახდა, ვინც წლეულს უფროსებში ევროპის პირველობაზე მეხუთეზე გავიდა და ერთი მოგება დააკლდა მედლამდე. დანაკლისების მიუხედავად, ორივე გუნდში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა - აქეთ "თავისუფლებში" პეტრიაშვილი, იქით "ბერძენ-რომაელებში" - გობაძე, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (75) და ამ ასაკში ევროპის მესამე პრიზიორები: ჭითავა და კირცხალია...

ამ შემადგენლობებით, ვინძლო, რუსეში რუსებსაც მოუგონ.

თავისუფალი სტილი
57 კგ. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
61 კგ. შოთა ფარტენაძე (ქედა)
65 კგ. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)
70 კგ. დავით ბუზიაშვილი (ხაშური)
74 კგ. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ. ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი)

ბერძნულ-რომაული ნაკრები
59 კგ. ხვიჩა ჭითავა (სენაკი)
66 კგ. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
71 კგ. რამაზ ზოიძე (ხელვაჩაური)
75 კგ. გელა ბოლქვაძე (ბათუმი)
80 კგ. ლაშა გობაძე (ბათუმი)
85 კგ. შალვა ხაჩიძე (ბორჯომი)
98 კგ. კუკური კირცხალია (თბილისი)
130 კგ. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული