13:04 12-04-2016
იმ ილეთს არ მოველოდი - "რუსულმა ტანკმა" ქართველი მოჭიდავე შეაქო [VIDEO]
AutoSharing Option
ეს სპორტია - შეიძლება დღეს მოვიგო, ხვალ კი წავაგო. მე თავადაც ვხვდებოდი, რომ ასეთ სიტუაციაში არ შეიძლება პანიკაში ჩავარდნა. ამიტომ შეხვედრა ბოლომდე წყნარად მივიყვანე", - ეს სიტყვები მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევს (86) ეკუთვნის, მისი ადრესატი კი ქართველი მოჭიდავე ირაკლი მწითურია.
"რუსულ ტანკად" წოდებულმა დაღესტნელმა ფალავანმა ჩვენი მოჭიდავის შესახებ ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როცა აღნიშნულ ტურნირზე საკუთარი გამოსვლის შეფასება სთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ისინი ერთმანეთს ბულგარულ რუსეში ჩატარებული ევროპის ასაკობრივი პირველობის ფინალში შეხვდნენ. ფინალამდე სადულაევი უდანაკარგოდ მივიდა, რაც არავის გაჰკვირვებია - მან ხომ ზედიზედ ორჯერ ლამის ქულის დაუკარგავად მოიგო მსოფლიოსა და ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატი და აბა, ასაკობრივ პირველობაზე წარმატება ვის გაუკვირდებოდა.
თუმცა იქ ფინალში რაც მოხდა, ამას არავინ ელოდა - შეხვედრის პირველივე ნახევარში ყველასათვის უცნობმა მწითურმა ეფექტურ კისრულზე გადმოიკიდა ეს უძლეველი მეტოქე და 4-ქულიანზე გაშხლართა!
მართალია, საბოლოოდ სენსაცია არ მოხდა და სადულაევმა 10:4 მოიგო, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებს მწითურის გამოსვლას, რომელმაც, ფაქტობრივად, სილა გააწნა სახელოვან მეტოქეს. სადულაევი ხომ იშვიათად კარგავს ქულას და ისიც მთელ ტურნირზე - მაქსიმუმ ერთს, ახლა კი ისეთ ილეთზე წამოიღეს... მან რუსეშიც მხოლოდ ერთადერთი ქულა დაკარგა - უნგრელ გერგელ გურიჩთან.
არადა, მეტოქეთა შორის 23-წლიანებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, ბელორუსი ალექსანდრ ჰუშტინიც ჰყავდა, თუმცა მას წმინდად, 10:0 მოუგო.
თბილისელი მწითური, ვისაც ემზარ ბედინეიშვილი ავარჯიშებს, დიდ ასპარეზზე წლეულს გავიდა, ხოლო რუსეში მოპოვებული ვერცხლი მისი პირველი უცხოური ჯილდოა. იქ მან ფინალამდეც ძლიერად იჭიდავა - სლოვაკ მიხაილ ბოდნარს 11:0, ბულგარელ ეველინ სვეტლინოვ რუსევს 7:0, ნახევარფინალში კი თურქ კადირ იაზიჩს 5:4 მოუგო. მწითური საქართველოს ჩემპიონატშიც წარმატებით გამოვიდა, თუმცა იქაც მეორეზე დარჩა - ფინალში დავით მარსაგიშვილთან დამარცხდა. ვფიქრობთ, უკვე მომავალ ოლიმპიურ ციკლში ეროვნულ ნაკრებში ის ამ წონაში დიდ კონკურენციას შექმნის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ირაკლი შენ უძლიერესი მოჭიდავე გახდები. მე მჯერა.წარმატებებს გისურვებ.
0
0
წარმატებები ირაკლი, არ მოდუნდე, იშრომე, ივარჯიშე და წარმატებას მიაღწევ, კარგი შედეგია, გილოცავ! წარმატებებს გისურვებ!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული